Logo

საზოგადოება

"ვახელ თვალს და წყალს მასხამს რამაზ ჩხიკვაძე, ხელებს მიზელს სალომე ყანჩელი" - მანანა მანჯგალაძე იხსენებს

"ვახელ თვალს და წყალს მასხამს რამაზ ჩხიკვაძე, ხელებს მიზელს სალომე ყანჩელი" - მანანა მანჯგალაძე იხსენებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განვითარებული მოვლენები, რომლის დროსაც, გულწასული 10 წლის მოზარდი, 3 წუთის განმავლობაში უყურადღებოდ დარჩა, სოციალური ქსელის მთავარ თემად იქცა.
დღის განმავლობაში, აღნიშნულის გამო აღშფოთება უამრავმა ადამიანმა გამოხატა.
განიხილავდნენ ტელევიზიის, მუსიკალური სტუდიის, ბავშვებისა და მშობლების პასუხისმგებლობას... თუმცა მთავარი, რაზეც სრულიად საზოგადოება შეთანხმდა, ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანური დამოკიდებულების, ემპათიისა და სიყვარულის გამოვლინების აუცილებლობაა.

მანანა მანჯგალაძე

ჟურნალისტმა მანანა მანჯგალაძემ საკუთარი ბავშვობა და ის დიდი არტისტები გაიხსენა, ვისთან ერთადაც ბედმა სცენაზე მოახვედრა.

"მე-3 ან მე-4 კლასში ვიქნებოდი. პიონერთა სასახლიდან ვიღებდით " თბილისობის" მთავარ ღონისძიებაში მონაწილეობას. ეს რომელი თბილისობაა იცით? - რამაზ ჩხიკვაძეა ხეჩო, სალომე ყანჩელი ხანუმა, სცენაზე დგანან და წამყვანები არიან, ეტლით შემოდის ბუბა, მორის ფოცხიშვილი, გოგი ცაბაძე.. საპატიო თბილისელები არიან ილიკო სუხიშვილი, ნინო რამიშვილი, ანდრია ბალანჩივაძე...

ფოტო

სასახლის ბავშვები " დრუჟბას " (ასე ერქვა ცეკვას და 15 რესპუბლიკის ნაციონალური სამოსი გვაცვია) ვცეკვავთ სოფია როტარუს სიმღერაზე და სცენის წინ ვდგავართ, მთელი ღონისძიების განმავლობაში (ღმერთო რა ნაწვალები ვარ, ფეხბურთის ჩემპიონატის გახსნაზე მოკლესახელოებიანი მაისურითაც ვმდგარვარ მარტში, თოვლში).


ძალიან ცხელა... დილიდან იქ ვართ. მე, უზბეკური წარბების მქონე ბავშვს მაცვია რატომღაც ესტონური კაბა. სქელი ტილო, ქუდი მახურავს და ასეთივე სქელი ტილოს მოსასხამი მაქვს შემოხვეული და იმ მომენტში როცა ბუბა ეტლით შემოდის, დატრიალდა ყველაფერი, არ ვიცი სიცხისგან თუ შიმშილისგან (მთელი დღე იქ ვიდექით)... და ხელი რომ არ შეეშველებინათ დავარდებოდი...
არ ვიცი რამდენი წუთი ვიყავი ასე... ვახელ თვალს და წყალს მასხამს რამაზ ჩხიკვაძე, ხელებს მიზელს სალომე ყანჩელი.

- ჰა, ხომ არ შეგეშინდა? - მეკითხებიან...
ერთი ლოყებზე შემომკრა რამაზ ჩხიკვაძემ და - აბა მითხარი რა გვარი ხარო?... მერე ვიღაცამ კანფეტი ჩამიდო პირში... ეს " ნაბადი" არ გინდაო მითხრა, მომხსნა სქელი მოსასხამი, თან ისეთი მძიმე იყო... და ისევ ჩავდექი " დრუჟბაში"...

ფოტო

რომ დამთავრდა კონცერტი ხეჩომ და ხანუმამ ისევ მომიკითხეს: - მანჯგალაძე ყოფილხარო, დედა უკვე იქ იყო და ე.ი მშობელსაც ჩაგაბარეთო,"- იხსენებს მანანა მანჯგალაძე.

ავტორი: ზმნა

06/11/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024