Logo

ვარდისფერი ფლამინგოს სილამაზის საიდუმლო

ვარდისფერი ფლამინგოს სილამაზის საიდუმლო

12/04/2025

ტექსტის ზომა

ფლამინგოებზე საუბრისას თვალწინ წარმოგვიდგება ელეგანტური, ვარდისფერი ფრინველები, რომლებიც მბრწყინავი ბუმბულით ამაყობენ და გასაოცარი სინქრონის შეგრძნებითა და გრაციოზულობით ცეკვავენ წყლის ზედაპირზე.

თუმცა ამ ჰაეროვანი, ფრინველის შინაგანი ბუნება, ნაზი და სუსტი სულაც არ გახლავთ.

ვარდისფერი ბუმბულით შემოსილი ულამაზესი ფლამინგოები ყველაზე მკაცრ პირობებში — მარილიან ტბებში, ვულკანურ ჭაობებში და ცხელი უდაბნოების ზღვარზე ცხოვრობენ. ისინი იტანენ ისეთ გარემოს, სადაც სხვა ცოცხალი არსება ვერ გადარჩებოდა.

ფლამინგოების საცხოვრებელი ტბა ზოგჯერ იმდენად მჟავეა, რომ ლითონსაც აზიანებს. მაგრამ ფლამინგოს კანი და ფეხები განსაკუთრებული შემადგენლობის წყალობით დაცულია.

ფლამინგო

ფლამინგოებს შორის კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე მაგიური ფორმაა სინქრონული მოძრაობა. მათი ცნობილი „ცეკვისას“ ფრინველები ერთნაირად მოძრაობენ, და ერთ დიდ ცოცხალ ტალღას ქმნიან. ეს ცეკვა ფლამინგოების შეჯვარების რიტუალია. ასე არჩევენ ისინი პარტნიორებს.

ზოგს ჰგონია, რომ ფლამინგო ვარდისფერი ფერით იბადება. სინამდვილეში ასე სულაც არ გახლავთ, ფლამინგოები თავიდან ნაცრისფერი ბუმბულით იბადებიან. ვარდისფერ ელფერს კი საკუთარ თავს თავად სძენენ.

ფლამინგო

ფრინველის გამორჩეული ფერი კაროტინოიდებისგან — სპეციალური პიგმენტებისგან მოდის, რაც იმ კრევეტებსა და მიკროალგებში გვხვდება, რომლებითაც ფლამინგოები იკვებებიან. როცა ეს პიგმენტები ფრინველის ორგანიზმში ხვდება, ისინი იშლება და ბუმბულის ფერს ნელ-ნელა ცვლის შიგნიდან, როგორც ბუნებრივი საღებავი.

ფლამინგო

რაც უფრო მეტი ასეთი პიგმენტით მდიდარი საკვები აქვს ფლამინგოს, მით უფრო ინტენსიური ხდება მისი ფერი. თუ ეს პიგმენტი აკლია, ის ფერმკრთალდება და ნაცრისფერდება. ანუ ფლამინგოს ფერის ინტენსივობა პირდაპირ არის დაკავშირებული ფრინველის ჯანმრთელობასთან.

კარგად ნაჭამი, ენერგიული ფლამინგო ბრწყინვალედ ვარდისფერი ხდება; დიეტის ან სტრესის დროს კი ფერი ფერმკრთალდება და ნაცრისფერ ნიშნებს იღებს. ამიტომაც ამბობენ მეცნიერები, რომ ფლამინგოს ფერი ერთგვარ ბიოლოგიურ პასპორტს ჰგავს — მის ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე ყველაფერს სიტყვების გარეშე ჰყვება.

ფლამინგო

მოკლედ, ფლამინგო ის ფრინველია, რომელიც მკაცრ პირობებში ცხოვრობს, მიუხედავად ამისა მეგობრებთან ერთად სინქრონულად ცეკვავს და თან ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე - საკუთარ სილამაზეს მენიუს საშუალებით ინარჩუნებს.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

ვარდისფერი ფლამინგოპიგმენტისაკვებიფლამინგო
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026