
09/03/2026
თბილისში, ბროწეულის ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა კორპუსთან 11 წლის ბავშვი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მას საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულიდან ნასროლი სკამი მოხვდა.
ერთი შეხედვით, ეს შეიძლება კრიმინალური ქრონიკის კიდევ ერთ ამბად დარჩეს, ისეთ ამბად, რომლის მსგავსის მოსმენასაც ადამიანები, სამწუხაროდ, უკვე მივეჩვიეთ.
თუმცა ამ რამდენიმე წინადადების მიღმა ერთი ჩვეულებრივი 11 წლის ბიჭის ისტორიაა, რომელსაც უნდა ერბინა, ფეხბურთი ეთამაშა, რამდენიმე დღეში სკოლაში დაბრუნებულიყო, მეგობრებთან ერთად ეზოში ჩასულიყო და მომავალზე ეფიქრა... ამის ნაცვლად ახლა კლინიკაში მძიმე დაზიანებებს ებრძვის.
11 წლის ვატო ნარსავიძე 1 სექტემბრის საღამოს იმ ეზოში იყო, სადაც თანატოლებთან ერთად ხშირად ატარებდა დროს. მეზობლის მონაყოლით, იმ საღამოს კორპუსის ერთ-ერთ ბინაში 27 წლის მამაკაცი აგრესიულად იქცეოდა. პატრული მისმა დედამ გამოიძახა. ვატო სხვა ბავშვებთან ერთად წყაროსთან იჯდა. როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაინახა, მათთან მივიდა, უნდოდა ეთქვა, რომ კორპუსიდან ნივთებს ისროდნენ. სწორედ ამ დროს მოხვდა მას საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულიდან ნასროლი სკამი.
რამდენიმე წუთის წინ ბავშვებთან ერთად ეზოში მყოფი 11 წლის ბიჭი იმავე ეზოდან სასწრაფო დახმარების მანქანით მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
ვატოს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს, მათ შორის თავის ქალის, ლავიწისა და კისრის მალის მოტეხილობები.
ბოლო გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად ნარჩუნდება, თუმცა კვლავ მძიმეა.
ახლობლების თქმით, შეშუპებამ იკლო, ბავშვს რეაქციები ჰქონდა და მდგომარეობის სტაბილურად შენარჩუნების შემთხვევაში ექიმები მის გაღვიძებას გეგმავენ.
ვატოს ფეხბურთი განსაკუთრებით უყვარს. ის თენგიზ ჩიკვილაძის საფეხბურთო კლუბ „დიღომში“ ვარჯიშობს. მეზობლები ამბობენ, რომ 11 წლის ბიჭი ეზოშიც ხშირად ვარჯიშობს და მას მომავალ ფეხბურთელად მოიხსენიებენ.

ამ ამბავს იმიტომ არ გიყვებით, რომ კიდევ ერთხელ შეგვაშინოს იმ დაუფიქრებლობამ, რომელსაც ზოგჯერ სრულიად უდანაშაულო ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია. გიყვებით იმიტომ, რომ ვატო მხოლოდ კრიმინალური ქრონიკის ერთი წინადადება არ გახდეს - „კორპუსიდან ნასროლი სკამით დაშავებული ბავშვი“.
მას სახელი აქვს. ვატო ჰქვია.
11 წლისაა. ფეხბურთი უყვარს. წინ მთელი ცხოვრება აქვს.
დღეს ვატო ნარსავიძის ოჯახს ყველაზე მეტად ერთი რამ უნდა, მათი ბიჭი კარგად გახდეს და ისევ დაუბრუნდეს იმ ცხოვრებას, რომელიც 1 სექტემბრის საღამოს ასე მოულოდნელად შეიცვალა.
ვატოს მშობლები და ახლობლები საზოგადოებას სთხოვენ, ილოცონ 11 წლის ბიჭის გამოჯანმრთელებისთვის. სოციალურ ქსელში სულ უფრო მეტი ადამიანი აზიარებს ვატოს ისტორიას და ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს.
"გავაზიაროთ ვატოს ამბავი, ამ მძიმე დღეებში მის ოჯახამდე მივიდეს განცდა, რომ მარტო არ არიან და ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება იმ დღეს, როცა ვატო ისევ ფეხზე დადგება. და თუ ოჯახი დახმარების ოფიციალურ გზას გამოაქვეყნებს, გვერდში დავუდგეთ, ვისაც როგორ შეგვეძლება.
ვატო, შენ ისევ უნდა დაბრუნდე შენს ეზოში. ისევ უნდა ითამაშო ფეხბურთი," - წერენ ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში.
გააზიარე სტატია