Logo

კულტურა

“ვეფხისტყაოსნის” ქაჯეთის ციხის პროტოტიპი სწორედ ეს საოცარი ადგილია“ - ზურაბ ბატიაშვილი

“ვეფხისტყაოსნის” ქაჯეთის ციხის პროტოტიპი სწორედ ეს საოცარი ადგილია“ - ზურაბ ბატიაშვილი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში იმ ციხის ფოტოსურათს აქვეყნებს, რომელსაც ისტორიულ წყაროები ქაჯის ციხედ მოიხსენებენ თავად ისტორიკოსი კი დარწმუნებით ამბობს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ქაჯეთის ციხის პროტოტიპი,სწორედ ეს საოცარი ადგილია. ზურაბ ბატიაშვილი თურქეთის ამ მხარეში თავისი პირველი მოგზაურობის ისტორიას იხსენებს.

„ზოგი წყარო წერდა, რომ უხსოვარ დროს აქ მაგიის მცოდნე ხალხი ცხოვრობდა. ზოგი მას ურჩხულთა ციხეს, ზოგიც მრისხანე ციხეს ეძახდა. ისტორიულ წყაროებში კი უფრო “ქაჯის ციხის” (თურქეთში “შეითან ქალეს” ეძახიან) სახელითაა ცნობილი.

თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ “ვეფხისტყაოსნის” ქაჯეთის ციხის პროტოტიპი სწორედ ეს საოცარი ადგილია.

ადრე აქ რომ მოხვდრილიყავით, ტრანსპორტი 2 კმ-ში მდებარე სოფ. რაბათში (თურქ. ილდირიმთეფეში) უნდა დაგეტოვათ.

პირველად ჩასვლისას, ბუნებრივია, არ ვიცოდით ვინ იყვნენ სოფლის მცხოვრებნი.

მანქანა რომ გავაჩერეთ და გადმოვედით, მოხუცი ქალი შემოგვეგება. უცხოები რომ დაგვინახა, თურქულად გვკითხა სტამბოლიდან ხომ არ ვიყავით.

როცა ვუპასუხე, რომ საქართველოდან მოვდიოდით, უიო დაიძახა, ჩვენც ყველანი ქართველები ვართო და მიწური სახლებიდან უცებ ერთ წამში მთელი სოფელი ქალიან-კაციან-ბავშვიანად ამოვიდა და გარს შემოგვერტყნენ.

თურქულად საუბრობდნენ, მაგრამ ამბობდნენ რომ ქართველები (გურჯები) არიან. რამდენიმე ქართული სიტყვა ჯერ ისევ იცოდნენ.

ნამდვილად უცნაური გრძნობა იყო. მაგრამ დღემდე არ ვიცი რამ გამოიწვია ეს. იმან, რომ ამხელა არტაანის მხარეში სხვა აღარავინ ქართველობს, თუ იმან, რომ იმ მოხუცი ქალის ერთ დაძახილზე მთელი სოფელი თითქოს მიწიდან ამოვიდა? თუ ამ საოცარ ციხეზე რომ მივდიოდით იმან? ან იქნებ იმან, რომ ამ საოცარი ციხის ბუნებრივი “მცველები” ისევ ჩვენებურები არიან? არ ვიცი, შეიძლება ყველაფერმა ერთად.

ბევრს გვეფერებოდნენ, ჩვენც ბავშვებს ტკბილეულობა დავურიგეთ. სასწრაფოდ აირანი მოგვირბენინეს (იქაურ სიცხეში აირანი მისწრებაა). სადილზეც დაგვპატიჟეს. მაგრამ ეს ციხე გვქონდა სანახავი და რა დროს ეგ იყო. სოფლიდან ციხისკენ ერთადერთი ძველი საურმე გზა მიდის, მაგრამ მაინც გზაზე მეგზური გამოგვაყოლეს.

მას მერე დიდი დრო გავიდა. მაგრამ ამ ციხის ყოველ დანახვაზე ისევ ის უცნაური გრძნობა მეუფლება ხოლმე, რომელიც სულ თან დამდევს და რომელსაც ამდენი ხნის გასვლის შემდეგაც ვერ მოვუძებნე სახელი,“ - წერს ისტორიკოსი.

ავტორი: ზმნა

02/06/2026

ზურაბ ბატიაშვილიისტორიასაქართველოქაჯეთის ციხე
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024