საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ისეთი დროებაა, თითქოს სიკვდილი გაგვიშინაურდა; გახშირდა და ძალზედ გაახალგაზრდავდა. არადა, მეოცე საუკუნეში, "უდროოდ" მოსულ სიკვდილს ერი გლოვობდა. ასე იყო თემურ წიკლაურის შემთხვევაში, მისი ტკივილი - ერს ტკიოდა. 1983 წელს "ივერიის" არწივს, მოულოდნელად, შვილი გარდაეცვალა. 6 წლის გიორგი, მარადისობაში, ხარებას გადავიდა... ხარება მოდის და ეს ამბავიც ამან მომაგონა.
მომღერალს მიაჩნდა, რომ ეს უფლისგან მოვლენილი განსაცდელი იყო, რომელიც მძიმედ, მაგრამ მაინც გადაიტანა:
“ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და გიორგის დასაფლავების შემდეგ, დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა… ეს შემზარავიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც” – ამბობდა მომღერალი.
გიორგის ფილტვების ანთება დაემართა, გაურთულდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს იყო.
მეგობრის ტრაგედიას "ზმნასთან" იხსენებს ვახტანგ ტატიშვილი.
ვახტანგ ტატიშვილი: ძნელია იმის გახსენება, რამხელა ტრაგედია დაატყდა თავს, ექვსი წლის შვილი რომ გარდაეცვალა... კოჯორში ჰყავდა და თბილისში რომ ჩამოიყვანა, სუფთა ჰაერს მიჩვეულმა ფილტვებმა, ეტყობა, რაღაც აიკიდა და ანთება დაემართა. ავად რომ გახდა, პირველ დღეს არაფერი და მესამე დღეს ფილტვები რენდგენზე საერთოდ არ ჩანდა! ბავშვი იხრჩობოდა და იხვეწებოდა, მიშველეო. ვერ სუნთქავდა. სამ დღეში წავიდა ბავშვი. ეს იყო დიდი ტრაგედია... ენით არ თქმული უბედურება.

თემური და ლილი პატრიარქმა დაიბარა და დაარიგა, რომ არ უნდა მიეტოვებინათ საქმე და სცენას უნდა დაბრუნებოდნენ... ძლიერ ანუგეშა. ყველაფერი არ მოუყოლია, რა უთხრა უწმინდესმა, თუმცა ეტყობოდა, რომ მისგან დიდი ნუგეში ჰქონდა მიღებული.
შვილის გარდაცვალების დროს, თემური გიჟს ჰგავდა, ლილი უფრო თავშეკავებული იყო. ის იქით აწყნარებდა ქმარს...
იმ პერიოდში ჩვენ გვქონდა მიუზიკლი "არგონავტები", სადაც თემური აიეტის როლს ასრულებდა. იქ არის არია, რომელსაც აიეტი ასრულებს, როდესაც მედეა იაზონს მიჰყავს და მას მამა ემშვიდობება. ამ არიას, შვილთან გამომშვიდობების დროს შესრულებულს, ისეთი ემოციური სიტყვები ჰქონდა, რომ თემურის ტრაგედიას, მის შვილთან გამოთხოვების უმძიმეს ამბავს - პირდაპირ დაემთხვა... ამის შესრულებისას ცრემლებს ვერ ვიკავებდით სცენაზე, თემურისკენ ვიყავით ყველა მიბრუნებული... ტიროდა დარბაზი.

ქეთი წიკლაური: – მე ჩემს ძმაზე უფროსი ვარ და ჩვენი ოჯახის ტრაგედია კარგად მახსოვს. იცით… ეს ტკივილი არასდროს შუშდება. თუმცა თემურს და ლილის თავს არავისთვის მოუხვევიათ თავიანთი ტკივილი. ისე მოხდა, რომ მაინც გადარჩნენ, ადამიანობა შეინარჩუნეს. პიროვნული თამასა არ დაუწევიათ. სისუფთავე და სიძლიერე შეინარჩუნეს.
1983 წელი იყო, ფილარმონიაში „არგონავტების“ კონცერტები იმართებოდა და ცოტა ხნით, ჩვენი ოჯახის ტრაგედიის გამო მოუხდათ შეჩერება. მაშინ პატრიარქი შეხვდა დედას და მამას… მათ ისეთი სასოწარკვეთა ექნებოდათ, სიმღერა კი არა, ალბათ, ცხოვრებაც კი არ სურდათ. უწმინდესი ესაუბრა… მერე ანსამბლმაც თხოვა და ჩემი ძმის 40-ის შემდეგ, მამა ისევ გამოვიდა სცენაზე… შვილმკვდარს კი არ ემღერებოდა, მაგრამ თავისი კოლეგების მიმართ უდიდესი პასუხისმგებლობა ჰქონდა. ეს გმირობაც იყო მისი მხრიდან; ვერც მღეროდა, ჩერდებოდა და ტიროდა. დარბაზი ფეხზე იდგა, ხელში სანთლებანთებული…

აი, რას ამბობდა თავად თემური ერთ-ერთ ინტერვიუში…
თემურ წიკლაური: – შვილის სიკვდილის შემდეგ მისი სულის ძებნა დავიწყე. ყველგან ვეძებდი – დედამიწაზე მოცემულ ყველა ფილოსოფიასა და რელიგიაში. წავიკითხე ყველაფერი: ბუდიზმი, დაოიზმი, მუსლიმანური რელიგიის საფუძვლები. ისევ მართლმადიდებლობასთან მოვედი. მხოლოდ აქ დავმშვიდდი… მივხვდი, უფალმა ჩემი შვილის წასვლით უფრო დიდი რაღაცისთვის მომამზადა… ღმერთს აქვს ნათქვამი – „გსჯი, რამეთუ მიყვარხარ“… აქ ჩანს, თუ როგორ აიტანს ადამიანი იმ ტკივილს, რასაც ცხოვრება მოუვლენს. ტკივილის გარეშე არ არის ადამიანი, ჩვენ დედამიწაზე დროის სატარებლად არ მოვსულვართ. სულიერი წვრთნისთვის მოვედით და არა მხოლოდ ქეიფისთვის და ტაშ-ფანდურისთვის…
იყო ჩემს ცხოვრებაში სიჩუმის პერიოდი. სამყარო ჩუმია ჩემს წარმოდგენაში. ის რომ ლაპარაკობს, მღერის, ხმაურობს, სიცოცხლის გამოა ყველაფერი… მაშინ მივხვდი, ბრძოლაა საჭირო მაშინაც კი, სიკვდილი რომ მოვა, ჩაბარება არ არის საჭირო, ხმლით უნდა გაეგებო…
04/06/2026