
10/14/2026
ერთ თვეზე მეტი გავიდა ბროწეულის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგიკული შემთხვევიდან, რომელიც 11 წლის ვატო ნარსავიძის ჯანმრთელობის დაზიანებით დასრულდა.
11 წლის ვატო ნარსავიძე 1 სექტემბრის საღამოს იმ ეზოში იყო, სადაც თანატოლებთან ერთად ხშირად ატარებდა დროს. მეზობლის მონაყოლით, იმ საღამოს კორპუსის ერთ-ერთ ბინაში 27 წლის მამაკაცი აგრესიულად იქცეოდა. პატრული მისმა დედამ გამოიძახა.
ვატო სხვა ბავშვებთან ერთად წყაროსთან იჯდა. როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაინახა, მათთან მივიდა, უნდოდა ეთქვა, რომ კორპუსიდან ნივთებს ისროდნენ. სწორედ ამ დროს მოხვდა მას საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულიდან ნასროლი სკამი.
11 წლის ბიჭი სხეულის მრავლობითი დაზიანებებით, მათ შორის თავის ქალის, ლავიწისა და კისრის მალის მოტეხილობებით გადაიყვანეს კლინიკაში.
საზოგადოებამ პატარა ბიჭის ტკივილი გულთან არნახული ერთიანობით მიიტანა. ადამიანები ,ოჯახის თხოვნით, ვატოს ჯანმრთელობისათვის ერთობლივად ლოცულობდნენ.
დღეს ვატოს ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია. მომავალი ფეხბურთელი იბრძვის და ოჯახი დარწმუნებულია, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება.
ვატო ნარსავიძის დედა, თიკო ქანთარია საზოგადოებას თანადგომისათვის მადლობას უხდის.
"მადლობა… ერთი პატარა სიტყვაა, მაგრამ დღეს ჩემთვის მთელი სამყაროა. არასოდეს მიფიქრია, რომ ოდესმე მომიწევდა ასეთი წერილის დაწერა. არ ვარ ადამიანი, რომელსაც პოსტების წერა ეხერხება.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი,რომ ჩემს შვილს მეათე სართულიდან საზიზღარი პათოლოგის ნასროლი სკამი დაეცემოდა და ჩვენი ოჯახის ცხოვრება ერთ წამში თავდაყირა დადგებოდა.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შვილის ღიმილის,სიცოცხლის და ფეხბურთის ნაცვლად, მისი საწოლის გვერდით დგომა, მისი თითოეული ამოსუნთქვისთვის ლოდინი გახდებოდა ჩემი ყოველდღიურობა...
ერთი წამი, მხოლოდ ერთი წამი იყო საკმარისი იმისთვის,რომ ცხოვრება ორ ნაწილად გაყოფილიყო - მანამდე და მის შემდეგ....
ვატოს ტრაგედიის შემდეგ ჩემი ოჯახისთვის ყოველი დღე ბრძოლაა - იმედი, შიში, ცრემლი და ისევ იმედი…
და ამ უმძიმეს დღეებში ჩვენ მარტო არ დაგიტოვებივართ. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ვატოსთვის ილოცა. მადლობა ყველას, ვინც ერთი სიტყვით გაგვამხნევა, მოგვწერა, დაგვირეკა, გააზიარა ჩვენი ამბავი. მადლობა მათ, ვინც ფინანსურად დაგვეხმარა და თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ხელი გამოგვიწოდა.
ასეთ დროს ადამიანისთვის გაწვდილი ხელი მხოლოდ დახმარება არ არის, ეს არის სიტყვების გარეშე ნათქვამი "არ შეგეშინდეს მარტო არ ხარ!"
როცა საავადმყოფოს კართან ვდგავარ და ჩემი შვილის პატარა მოძრაობას ველოდები… როცა მის თვალებში სიცოცხლეს ვეძებ… როცა მისი ერთი შეხება, ერთი მზერა, ერთი ხმა ჩემთვის მთელ სამყაროზე ძვირფასია, მაშინ მახსენდება, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ.
ღმერთო დალოცე თითოეული ადამიანი ვინც ამ დღეებში ჩემს შვილს გულით შეეხო. მადლობა ყველას, რომ ამ ბრძოლაში ჩვენთან ერთად ხართ. დღეს სიტყვები არ მყოფნის.
მადლობა ყველას, ვინც ვატოს სიცოცხლისთვის იბრძვის ჩვენთან ერთად.
მადლობა მათ, ვინც ჩვენს ცრემლებს გულთან მიიტანს.
მადლობა მათ, ვინც არ დაიღალა ლოცვით.
მადლობა მათ, ვინც იმედი არ დაგვაკარგვინა.
ვატო იბრძვის. ჩვენც ვიბრძვით და თქვენთან ერთად ეს ბრძოლა უფრო ძლიერი ხდება.
ღმერთმა ასმაგად დაგიბრუნოთ თითოეული სიკეთე, რომელიც ჩემი შვილისთვის გააკეთეთ," - წერს თიკო ქანთარია.
ასევე დაგაინტერესებთ -
გააზიარე სტატია