Logo

ინტერვიუ

"ვერავინ გაბედავდა იმას, რასაც პატრიარქს მე ვუბედავდი. ჩემი ხელით ვაჭმევდი" - ამინ შადიჟევი საოცარი ისტორიებით

"ვერავინ გაბედავდა იმას, რასაც პატრიარქს მე ვუბედავდი. ჩემი ხელით ვაჭმევდი" - ამინ შადიჟევი საოცარი ისტორიებით

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"ამინ, შენი თავი მე ღმერთმა გამომიგზავნა" - ამ ფრაზას პატრიარქი ხშირად უმეორებდა ინგუშ ბიჭს, რომელსაც თავის შვილობილად თვლიდა. ამ სიტყვებს ჩაბღაუჭებული, ხელს არ უშვებდა ამინს. მის წინაპარს კი მამის, გიორგი შიოლაშვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის, სიცოცხლის ბოლომდე ემადლიერებოდა და ამიტომ იყო, რომ მასთან მოსულ ახალგაზრდა მუსლიმ ბიჭს, ხელს აღარ უშვებდა. ყოველი წასვლის წინ ეკითხებოდა, ამინ, დაბრუნდები? შიშობდა, რომ მის ბიოგრაფიაზე, ღვთის ნებით გადაჯაჭვული ეს ინგუში ბიჭი, ერთხელაც, მხრცოვან პატრიარქთან უკან დაბრუნებას, აღარ მოისურვებდა. თუმცა როგორც ამინმა "ზმნასთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, მამამისმა მკაცრად გააფრთხილა, თუ პატრიარქს დააღალატებ, ჩემი შვილი აღარ იქნებიო... მან ეს სიტყვა შეასრულა. ქრისტიან მამობილს ხშირად ეჯდა გვერდით და თავისი ხელითაც კი აჭმევდა.

ამინმა საოცარი ისტორიები მოგვიყვა... წაიკითხეთ და მიხვდებით, თუ რატომ არ იშორებდა გვერდიდან ამ მუსლიმ ბიჭს ჩვენი პატრიარქი. მე მაინც მგონია, რომ მის გარემოცვაში, უწმინდესი იყო ისეთი, როგორიც საკუთარ თავთან...

ამინ შადიჟევი: უწმინდესთან ურთიერთობისას, ნელ-ნელა გავაცნობიერე, რა დიდი და ავტორიტეტული პიროვნება იყო. მოწმე ვარ იმისა, თუ როგორ მოდიოდნენ მასთან მსოფლიო ლიდერები. ეს ჩემს თვალწინაც ხდებოდა, მოდიოდნენ, მისგან რჩევას იღებდნენ და მიდიოდნენ. უკვე ნათელი ხდებოდა, რომ ეს უბრალო ადამიანი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კამპანიაში ძალზედ უბრალო და თავმდაბალი იყო.

სახელმწიფო მეთაურებისთვისაც კი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო მისი მოსაზრება. ყველას სჭირდებოდა მისი მხარდაჭერა და რჩევა-დარიგება. მსოფლიოში ცნობილი ხალხი მყავს მასთან ნანახი. მათ მე უკვე ვიცნობ. მოსმენილი მაქვს მათთან როგორი საუბრები იყო. ვხედავდი, თუ როგორ ნერვიულობდნენ მის წინაშე. წარმოიდგინეთ, მე და პატრიარქი ვისხედით და რაღაცაზე გულიანად ვიცინოდით, ისინი კი ისე ღელავდნენ, არც კი იცოდნენ, ჩვენთან ეცინათ და თუ არ შეეძლოთ სიცილი. ვხედავდი, როგორ განიცდიდნენ და ნერვიულობდნენ მასთან შეხვედრისას.

- სახელისუფლებო თუ სხვადასხვა რანგის პირებთან შეხვედრების პარალელურად, თქვენც გვერდით ეჯექით პატრიარქს და ერთად იცინოდით. როგორი კონტრასტი დახატეთ...

- ასე იყო. ჩვენ მშვიდად ვსაუბრობდით, ვიცინოდით, ეს სტატუსებიანი ადამიანები კი, ნერვიულობდნენ. ამგვარ სურათს ძალიან ხშირად ვაკვირდებოდი. მე, ინგუშეთიდან ჩამოსული კაცი, ჩემი ერის წარმომადგენელი გახლდით და ვიცოდი, რომ ღმერთმა ნუ ქნას და, რამე რომ შემშლოდა, ყველას ვჭრიდი თავს.

ამინ შადიჟევი

მე ძალიან განათლებული ადამიანი არ გახლავართ და არც ის ვიცი, როგორ მოვიქცე ამ დონის ადამიანებთან. თუმცა, ვხვდებოდი, რომ აზრებიც კი უნდა მეკონტროლებინა. იქ ისეთი ადამიანები ისხდნენ, ფსიქოლოგები და სერიოზული პროფესიების ხალხი, თვალებში რომ შეეძლოთ აზრების ამოკითხვა - "რას ელოდები? ვინ გინდა? რას ითხოვ?..." ამიტომ, თავი რომ არ დამეკარგა და არც ჩემი ხალხი შემერცხვინა, ამ ყველაფრისგან ვდისტანცირდებოდი და უწმინდესს ხშირად ვეუბნებოდი, უწმინდესო, მოდი რა, მოგვიანებით მოვალ, ახლა აქ ჩემი ადგილი არ არის-მეთქი. ამინ, შენი თავი მე ღმერთმა გამომიგზავნა და მე სხვა არავინ მინდაო, მეტყოდა და გვერდიდან არ მიშორებდა.

ამინ შადიჟევი

კვირაში ორ-სამჯერ მასთან ვიყავი უკვე. წარმოიდგინეთ, კვირაში სამჯერ, ისე, უბრალოდ მოვდიოდი ინგუშეთიდან და ვნახულობდი პატრიარქს. პასპორტის გამოცვლა ისე მალ-მალე მიხდებოდა.. იმის გამო კი არა, რომ ვადა გასდიოდა, არამედ იმისთვის, რომ ბეჭდის ჩასარტყამი ადგილიც კი არ იყო შიგნით დატოვებული. იმ სიხშირით დავდიოდი პატრიარქთან, რომ ორი პასპორტი მხოლოდ მაგ მიზეზით დროზე ადრე გამოვცვალე.

- რა ადგილები დაგავთვალიერებინათ პატრიარქმა? სად ხართ ნამყოფი?

- სნო, დარიალი, ფასანაური, ბათუმი... სად აღარ ვიყავი. საქართველოში ძალიან ბევრ ადგილას ვარ ნამყოფი.

ამინ შადიჟევიამინ შადიჟევი

მოგიყვებით, როგორ მმასპინძლობდა. ძალიან გვიყვარდა ერთად სადილობა. ზოგჯერ ჩვენთან ერთად მისი ახლობელი, სამი-ოთხი ადამიანი სადილობდა. იქ საპატრიაქროში მაცხოვრებელი ახლობლები. თუმცა მახსოვს, რამდენჯერმე უცხო ადამიანიც მჯდარა სუფრასთან.

პატრიარქს თავისი ჭურჭელი ჰქონდა, თავისი თეფში, ჭიქა, მხოლოდ მისთვის მომზადებული საკვები. სხვა დანარჩენს ერთნაირი ჭურჭელი გვედგა, მას - პერსონალური. ზოგჯერ უბრალოდ იჯდა და არ მიირთმევდა, თავჩარგული იჯდა. მე კარგად მყავდა შესწავლილი, უკვე ვიცნობდი. ნელ-ნელა გამომხედავდა, მიყურებდა, მეც თვალს თვალში გავუყრიდი. ასეთ დროს სულ ვეკითხებოდი, უწმინდესო, რატომ არ ჭამ? უკვე გეახელიო, იტყოდა. ვეწინააღმდეგებოდი, არა, უნდა ჭამო-მეთქი. ვერავინ გაბედავდა იმას, რასაც მე ვუბედავდი პატრიარქს. ჭამეთ ახლავე-მეთქი და თუ არ დაიწყებდა ჭამას, მოდი, უნდა გაჭამო-მეთქი და ჩემი ხელით ვაჭმევდი. ძალიან, ძალიან უყვარდა ჩემი ხელიდან ჭამა. დიდი სიამოვნებით აკეთებდა ამას. თითქოს ჩემგან ამას ელოდა. ეს ხშირად ხდებოდა.

გშია? დაგაპურებო, ხშირად მეტყოდა თვითონაც.

ამინ შადიჟევი

თქვენი სამზარეულო ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია. არც ერთი ქვეყნის სამზარეულოს არ შეედრება. მსოფლიოში აღიარებული სამზარეულო გაქვთ. დიდი მრავალფეროვნება იყო სუფრებზე, უმეტესად თევზეული. დღემდე არ მავიწყდება თევზის კატლეტების გემო, რომელსაც იქ გეახლებოდით. ასევე დაუვიწყარია ჩემთვის თევზის ტოლმის გემო... საოცარი კერძები დავაგემოვნე. ეს იყო მართლა საოცრება...

შენობით ველაპარაკებოდი. თუ გარშემო უცხო ადამიანები იყვნენ, მაშინ თქვენობით ველაპარაკებოდი. მაგრამ როცა ერთი-ერთზე ვრჩებოდით, უკვე ერთი ასაკის ვხვდებოდით და საუბრის "შენობით" ფორმაზე გადავდიოდი. ეს ორივეს გვიყვარდა.

ისე მზრუნველად ექცეოდნენ მონაზვნები, უთბილესი დედები. პურს პატარა ლუკმებად უჭრიდნენ, ზედ კარაქს და ხიზილალას უსვამდნენ და თვალებში უყურებდნენ. ისე ლამაზად ამზადებდნენ ყველაფერს მისთვის. თავს ევლებოდნენ. არ ვიცი, რა ჰქვიათ ამ მონაზვნებს. სამებაში კი ვნახე. ყველა მათგანი ისე გულწრფელად მიყვარს... მათ, იქ დასვენებული პატრიარქის თანდასწრებით აღვუთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებ თქვენთვის, რაც კი გჭირდებათ-მეთქი. ძალიან მიყვარს ეს დედები. საოცარი ქალბატონები არიან. ღმერთმა იცის, რა გულით მიყვარს ისინი. იმედი მაქვს, თავს ხელში აიყვანენ და პატრიარქის წასვლას გადაიტანენ.

მონაზვნები

- რა შეცვალა პატრიარქმა თქვენს ცხოვრებაში?

- კარგის მხრივ შევიცვალე. სულ სხვა გავხდი. მეტად არის ჩემში სიყვარული. ძლიერად შემცვალა. მეუბნებოდა, ამინ, ღმერთი ყოველთვის გვხედავს ჩვენო. ფული ჭუჭყია, მას ცუდი ენერგეტიკა აქვსო ამბობდა. სხვათა შორის, 200 ევრო, რომელიც მან ერთხელ მაჩუქა, მუდამ ჩემთან იქნება, არასდროს დაიხარჯება. არ შევეხები. ეს ბედნიერების მომტანი ფული. ამ კუპიურებს ვერანაირ თანხად ვერ გამოისყიდის ვერავინ...

ჩვენ მტკიცე კავშირი გვქონდა. სულ მისი კურთხევით ვმოქმედებდი. წასვლა-მოსვლის დროს მლოცავდა.

ეს საოცარი ისტორია უნდა მოგიყვეთ. ერთ-ერთი მისვლის დროს, რეზიდენციასთან ბევრი მანქანა იდგა. დაცვას ვუთხარი, გადაეცით, რომ აქ ვარ, მაგრამ რახან ახლა ამდენი სტუმარი ჰყავს, არ ვაპირებ ასეთ ფორმაში შესვლას-მეთქი. გადასცეს და მეუბნებიან, უწმინდესი გელოდებაო. გზას ვადექი და ამ მიღებისთვის შესაფესად არ ვიყავი გამოწყობილი. მოკლედ, შემიყვანეს. პატრიაქის მარჯვნივ ცარიელი სკამი იდგა. ჩინოვნიკები ჰყავდა სტუმრად. მივხვდი, სადაც უნდა დავმჯდარიყავი და დავუჯექი მარჯვნივ. რაღაც დღესასწაული იყო, არ მახსოვს. მითხრა, ადექი, სტუმრებს მიესალმე და მიულოცე ესა და ეს დღესასწაულიო. რაც მითხრა, გავიმეორე. იყო მილოცვები, სადღეგრძელოები და საუბრები. და გემრიელი სუფრა... შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა. ამ დროს, არ ვიცი, ეს რა იყო, ისე ძლიერად მომინდა ნაყინი, რომ რას არ მივცემდი, ერთი კოვზი ნაყინის სანაცვლოდ. ვიღიმი, თავს ვუქნევ საზოგადოებას, მაგრამ არაფერი მესმის, მხოლოდ ნაყინზე ვფიქრობ. მაგრამ ამაზე არაფერი მითქვამს. ამ დროს პატრიარქმა რაღაც უთხრა მონაზონს. ის წავიდა და მალევე დაბრუნდა ნაყინის ფიალით! გადავირიე! უწმინდესმა ჩემი აზრები წაიკითხა! სუფრაზე რომ მოეტანათ ნაყინი, ვიფიქრებდი, რომ მენიუში ჰქონდათ იმ დღეს, მაგრამ მხოლოდ მე მომიტანეს, სპეციალურად მხოლოდ მე. უწმინდესმა ნელ-ნელა გვერდიდან გამომხედა და ხელი მომითათუნა, ამინ, ჭამე. თბილი ღიმილით, რბილი ხელის მოთათუნებით, მოფერებით... მე ასეთი პატრიარქი მახსოვს სულ...

- მადლობა ამ იშვიათი ისტორიების მოყოლისთვის...

- მადლობა თქვენ. უფალმა გაანათლოს უწმინდესი. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ დავკარგეთ ადამიანი. მან თავისი წასვლით, თითქოს შუქი გამოგვირთო. ჩვენ ვილოცებთ მისი სულისთვის. ის იქიდან დაგვაკვირდება და ილოცებს ჩვენთვის.

მიყვარხართ ქართველები. პატრიარქის საყვარელი ფრაზა იყო და მეც გავიმეორებ: საქართველო, მიყვარხარ. გაუმარჯოს საქართველოს!

***

ასევე დაგაინტერესებთ:

"ახლა ვხვდები, ძლიერად ეშინოდა, რომ მასთან აღარ დავბრუნდებოდი" - პატრიარქის შვილობილის ინტერვიუ

ავტორი: თამარ გონგაძე

03/24/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024