
10/07/2026
ვერიკო ანჯაფარიძის დაბადებიდან 128 წელი გავიდა. "ქართული სცენის დედოფალი" (როგორც უწოდებდნენ) არც არსებულ სტერეოტიპებს ექვემდებარებოდა და ცხოვრებაშიც მტკიცე და პრინციპული იყო; თუმცა სცენაზე და კინოში საოცარ ვნებასა და ძალას ავლენდა. იყო ლიდერი როგორც სცენაზე, ასევე - ცხოვრებაში. მისი გავლენა იმდროინდელ ქართულ თეატრსა და კინოზე უზარმაზარი იყო.
ნათელა ურუშაძის მონოგრაფიიდან "ვერიკო ანჯაფარიძე" ვკითხულობთ:
"მეოცე საუკუნის შემობრძანება ქუთაისის ინტელიგენციამ საღორიას ტყეში აღნიშნა, სტუმართა შორის ბრძანდებოდა აკაკი წერეთელი. უეცრად გამოჩნდა პატარა გოგონა. ასაკმა და მომხიბვლელობამ გოგონა ერთბაშად აქცია საზოგადოების ყურადღების ცენტრად.
დიდმა მგოსანმა ხელში აიყვანა იგი და საყოველთაო დასტურითა და სიხარულით ახალი საუკუნის კეთილ ფერიად გამოაცხადა: შენ უნდა ასახელო ჩვენი საყვარელი სამშობლო მეოცე საუკუნეში, კარგად დაიხსომე! ვინ იცოდა მაშინ, რომ ეს პატარა გოგონა ამ საუკუნის ლამის დამლევამდე ივლიდა ქართული თეატრის რთულ გზაზე და მთაწმინდაზე დაიდებდა სავანეს, როგორც უდიდესი მსახიობი-მოღვაწე"...


გვინდა დიდი არტისტის ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ეპიზოდი გავიხსენოთ.
სამწუხაროდ, ცოტას თუ გაახსენდება მსახიობის პირველი მეუღლე – შალვა ამირეჯიბი – პოეტი, პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის დროს, 1918-1921 წლებში, ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი.
ვერიკო ანჯაფარიძემ შალვა ამირეჯიბი (რომელიც მასზე 11 წლით უფროსი იყო) ჯერ კიდევ წმინდა ნინოს სასწავლებელში სწავლისას გაიცნო. 19-20 წლის ვერიკოს განვითარებაზე შალვას დიდი გავლენა ჰქონია.
1919 წელს შალვამ ცოლად შეირთო ვერიკო ანჯაფარიძე, რომელიც დიდხანს იყო მისი გატაცებისა და პოეტური შთაგონების წყარო.

ჯვარი ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლის პირდაპირ მდებარე პატარა ეკლესიაში დაიწერეს და საქორწილო სუფრაც ყიფიანების ეზოში გაიშალა. ეკლესიიდან გამოსულ ვერიკოს გული შეუღონდა… ცუდად ენიშნათ, ყველამ სხვადასხვანაირად ახსნა, თავად ვერიკომ იცოდა, რატომაც გაუხდა გული ცუდად – მას სხვა უყვარდა, უკვე ცოლშვილიანი მიხეილ ჭიაურელი…
სწორედ შალვა ამირეჯიბის მეშვეობით დაუახლოვდა ვერიკო ცისფერყანწელებს.
შალვა უზომოდ ბედნიერი იყო – უყვარდა ვერიკო წრფელი და შმაგი სიყვარულით… ამბობენ, რომ ვერიკოს მამამ გარდაცვალების წინ სთხოვა, შალვა ამირეჯიბს გაჰყოლოდა ცოლად. ალბათ, ვერიკოც ფიქრობდა, რომ ასე უფრო გაუმკლავდებოდა აკრძალულ გრძნობას, მაგრამ ამაოდ…
ვერიკო აღტაცებული იყო შალვა ამირეჯიბით, გატაცებით უსმენდა, უდიდეს პატივს სცემდა, მაგრამ ის ვერ შეიყვარა…
ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი, სოციალურ ქსელში, ვერიკო ანჯაფარიძის ჩანაწერებიდან ნაწყვეტს აქვეყნებს.
"ჩემი პირველი ქმარი შალვა ამირეჯიბი იყო. ქორწილის ღამეს დასაძინებლად რომ წავედით, მე მარტო დავწექი. მან მთხოვა, ნება მიმეცა ოთახში ყოფილიყო, სკამზე ჩამომჯდარი.
ასე ვიძინე დილის თერთმეტ საათამდე. ის სულ ერთთავად სკამზე იჯდა.
სტუმრებთან რომ გამოვედით, ქეიფი ისევ გრძელდებოდა. მომაძახეს ხუმრობით: ვერიკო, როგორ გამოცვლილხარო, - ის კი არ იცოდნენ, რომ ისევ ქალწული ვიყავი.
ასე დავრჩი ოთხ თვეს. არ მიყვარდა შალვა. ჩემი სურვილის წინააღმდეგ გამატანეს მშობლებმა." ვერიკო ანჯაფარიძე

ამ ნაწყვეტის გამოქვეყნებას, თაქთაქიშვილის ფეისბუქგვერდზე, გამოხმაურება მოჰყვა. ჭაბუა ამირეჯიბის შვილი, კინოდოკუმენტალისტი ქუცნა ამირეჯიბი, ამ პოსტის ქვეშ აკომენტარებს.
ქუცნა ამირეჯიბი: არ გავს ეს ამბავი სიმართლეს და აი რატომ:
ქვიშხეთში, 70-იანი წლების ბოლოს, ვერიკო თითქმის ყოველ წელს იყო ხოლმე სანდროსთან ერთად. სოფიკო კვირაობით ჩამოდიოდა, ხილს და სანოვაგეს ჩამოიტანდა, უცებ დარეცხავდა, დაალაგებდა ყველაფერს, დიდად არავისთან კონტაქტობდა, მეორე დღეს ან სულაც საღამოს თბილისში ბრუნდებოდა.
ჩვენ პატარები ვიყავით, 12-13 წლის, სხვა განზომილებაში ვცხოვრობდით, დიდების თითქმის უძრავი ტემპი შენელებულ კადრებად გვეჩვენებოდა.
ერთხელ, მაგ გიჟური ტემპით, როგორღაც ეკლესიის გვერდით აღმოვჩნდი. უცებ დრო გაჩერთა. ვხედავ, ვერიკო შუბლითაა მიყრდნობილი კედელს და ჩუმად ცრემლები სდის. მთელი ცხოვრების შთაბეჭდილებად დამრჩა. დედაჩემს ვკითხე, რატომ-მეთქი? გაიზრდები და გეტყვიო.
გავიდა წლები. ცოტა გავიზარდე. ისევ ქვიშხეთში ვართ. რაღაცაზე გამახსენდა ის კადრი, ვერიკო შუბლით ეკლესიის კედელს მიყრდნობილი. ვკითხე დედაჩემს - მაგ ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი შალვამ და ვერიკომო. ქორწილიც აქვე, დიმიტრი ყიფიანის სახლში გადაიხადესო. მთელი ცხოვრება ასე იტანჯებოდაო. ერთხელ შალვაზე მელაპარაკა კიდეც დიდ ხანს, დიდი სინანულით მიყვებოდა ძველ ამბებსო...
აი ეგრე იყო ეგ ამბავი. არ მგონია, ეს მოყვანილი ტექსტი გულწრფელი იყოს.

მსახიობი პოეტი ქმრის მუზა და შთაგონების წყარო იყო.
წყვილს ქალიშვილი შეეძინა, რომელიც მალევე გარდაიცვალა. წყვილის ოჯახური თანაცხოვრება არ შედგა, თუმცა შალვა ამირეჯიბი თავისი პირველი სიყვარულის ერთგული დარჩა და ემიგრაციაში ცოლი აღარ შეურთავს.
ეს ლექსი ამირეჯიბმა თავის ერთადერთ მუზას მიუძღვნა.
"ამბობენ რომ ჯერ ბავშვი ხარ,
არ შემრჩები დიდხანს ცოლად.
მე არ მინდა დავიჯერო,
ნათქვამია ჭორის ტოლად."
წყვილი მალე ერთმანეთს დაშორდა...
ნათელა ურუშაძე ვერიკოზე მოგონებებში წერს: "თავად მსახიობს ამაზე ლაპარაკი თურმე არ უყვარდა. საერთოდ, გაურბოდა იმაზე საუბარს, რაც თავისი თავისთვის ვერ ეპატიებინა.
ძუნწად მოიგონებდა, რომ მამამ, ცნობილმა ნოტარიუსმა, ივლიანე ანჯაფარიძემ, გარდაცვალების წინ სთხოვა: „ამ ქვეყნიდან მშვიდად წავალ, თუ შენი პატრონი შალვა ამირეჯიბი იქნებაო“. რადგან ახალგაზრდა ვერიკოს უსაზღვროდ უყვარდა ცოლიანი მიხეილ ჭიაურელი, არაა გამორიცხული, რომ ამ ნაბიჯით ცდილობდა საკუთარ თავში დიდი გრძნობის ჩაკვლას, აკრძალულ სიყვარულთან გამკლავებას, მაგრამ ამაოდ…"

ძველი ემიგრანტებებისგან კი ცნობილია, შალვა რომ ღვინოს დალევდა, ვერიკოს გახსენებისას ტიროდაო...
„თქვენ სიყვარულზე მითხარით „არა“
და მომიხურეთ გულის კარები,
მაგრამ მე მაინც ტკბილ არმაღანად
მოგართვით ლურჯი მინანქარები“.
ვერიკო ცოლად გაჰყვა მიხეილ ჭიაურელს.
შალვა ამირეჯიბმა ამ ქვეყნად 57 წელი იცოცხლა, აქედან 20 წელი – სამშობლოდან გადახვეწილმა, შორს ემიგრაციაში გაატარა. ძირითადად ცხოვრობდა საფრანგეთსა და გერმანიაში. ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ,1943 წლის ივლისში, პარიზში გარდაიცვალა. დაკრძალულია სენტ-უას სასაფლაოზე.


გააზიარე სტატია