საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
1922 წლის თებერვალი, ბათუმი. საბჭოთა ოკუპაციის წლისთავზე საოკუპაციო ადმინისტრაციამ მოსწავლე-ახალგაზრდობის ანტისაოკუპაციო დემონსტრაცია ძალადობრივად დაარბია. ამის შემდეგ დარბევის ორგანიზატორი მოსწავლეებს შედარებით მშვიდ გარემოში შეხვდა და მათი გატეხვა — გადაბირება სცადა. თუმცა უშედეგოდ. მოსწავლეები მედგრად იდგნენ. ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რუსული წითელი არმიის საქართველოდან გაყვანას მოითხოვდნენ.
დაგაინტერესათ? ვიმოგზაუროთ საუკუნის წინანდელ ბათუმში — თვითმხილველთა ჩვენებებზე დაყრდნობით შემონახული ცნობებით.
1922 წლის 11 თებერვალს ბათუმში სკოლის მოსწავლეთა ანტისაოკუპაციო მსვლელობის მთავარი მოთხოვნები იყო რუსეთის წითელი არმიის საქართველოდან გაყვანა და პატრიოტი პედაგოგების პატიმრობიდან გათავისუფლება. ამ დროს აჭარის რევკომს ვინმე გამბარიანცი თავმჯდომარეობდა. ადგილობრივმა საბჭოთა საოკუპაციო ადმინისტრაციამ მისი ხელმძღვანელობით გამოიყვანა რუსი ცხენოსნები და მეხანძრეთა რაზმი მოსწავლეთა პროტესტის ჩასახშობად.
გამბარიანცის რაზმს დიდი გაჭირვებით მოუხერხებია დემონსტრანტების დაშლა; ბევრი მოსწავლე დაუპატიმრებიათ. რამდენიმე დღის შემდეგ რევკომის თავმჯდომარეს საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეებთან შეხვედრა და მათთან „მორიგება“ მოუსურვებია — ბოლოს და ბოლოს, ყველა ხომ არ ჰყავდა დაპატიმრებული? მოეწყო დიდი შეკრება სკოლის მოსწავლეებთან, სადაც ბოლშევიკ ჯალათს ტკბილი ენით უცდია პატრიოტი ახალგაზრდების გატეხვა.
ეს ნამდვილი ისტორიაა.
გამბარიანცი: „ჩვენ, კომუნისტებს, ყველაფერი გვაქვს თქვენთვის: რვეულები, ფანქრები, წიგნები. მთელი ჩვენი ყურადღება თქვენკენაა მიმართული და თქვენ რატომ იქცევით ასე?“
მოსწავლეები: „თქვენი რვეულები არ გვინდა — თქვენ გქონდეთ. ჩვენ გვინდა სწავლა, თავისუფლება და სიმშვიდე, რაც თქვენი დამსახურებით აღარ გვაქვს. გამოუშვით ჩვენი მასწავლებლები, რომლებიც დღეს თქვენი სარდაფების სინოტივეში იხრჩვებიან. ჩვენ სხვა მასწავლებლებთან სწავლა არ გვინდა! ჩვენ გვინდა ჩვენი მასწავლებლები! გამოუშვით ისინი!“

ბათუმში საუკუნის წინ გამართული ეს შეკრება ზუსტად ასეა აღწერილი ჟურნალში, რომელსაც საბჭოთა ოკუპაციის გამო საქართველოდან გახიზნული პატრიოტები ევროპაში გამოსცემდნენ. სულისშემძვრელი ამბავია: 1922 წლის თებერვალში ბათუმის ქუჩებში სკოლის მოსწავლეები უსასტიკეს რეჟიმს უპირისპირდებოდნენ — საბჭოთა საოკუპაციო არმიის საქართველოდან გაყვანისა და თავიანთი პატრიოტი მასწავლებლების ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით.
გამბარიანცი, მიხვდა რა, რომ ვერაფერს აღწევდა, ტონს ცვლის და მუქარაზე გადადის. შეკრებაზე მისულ მოსწავლეებს ეუბნება: თუ ჭკუით არ იქნებით, ნესტიან სარდაფებში, თქვენი მასწავლებლების გვერდით მოგათავსებთო. თან აყოლებს ტყუილს — თითქოს დაპატიმრებული მასწავლებლები პირობას დებდნენ, რომ ბოლშევიკების წინააღმდეგ აღარ გამოვიდოდნენ.
მოსწავლეები: „ტყუილია! ამას ისინი არ ჩაიდენდნენ! გაეთრიეთ! გაიყვანეთ საქართველოდან რუსის ჯარი და მერე ნახავთ, ვინ ხართ თქვენ!“
ბათუმელმა სკოლის მოსწავლეებმა აჭარის რევკომის თავმჯდომარე შეხვედრიდან სტვენითა და შეძახილებით გააძევეს.
ეს ყველაფერი თვითმხილველთა ჩვენებებზე დაყრდნობითაა აღწერილი 1922 წლის 31 მარტის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“, რომელსაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პარიზში გამოსცემდნენ რუსულ-საბჭოთა ოკუპაციას გაქცეული ქართველი პატრიოტები.
საბჭოთა ოკუპაციას მედგრად ეწინააღმდეგებოდნენ მოსწავლეები და სტუდენტები არა მხოლოდ ბათუმში, არამედ თბილისში, ქუთაისში, გურიაში და საქართველოს სხვა კუთხეებშიც. ამ წინააღმდეგობაზე კიდევ ბევრი რამ არის მოსაყოლი.

12/31/2025