Logo

ვინ გახდა მერაბ კოსტავას სიძე

ვინ გახდა მერაბ კოსტავას სიძე

09/17/2026

ტექსტის ზომა

მერაბ კოსტავას ქალიშვილი, მხატვარ-გრაფიკოსი თამთა კოსტავა ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. ის ცოლად ექიმს, ბიძინა მესხს გაჰყვა.

თამთა მამის მემორიალურ სახლ-მუზეუმში მუშაობს. წყვილის ურთიერთობა კი მეგობრობით დაიწყო. ერთხელაც თამთასთან სტუმრად მისულ ბიძინას განუცხადებია.

"მე ჩემი ცხოვრების მეგზურს, ცოლს ვეძებო, მე კი ბოიფრენდს-მეთქი.

- მე ტრადიციული ქართველი კაცი ვარ და ასეთი ურთიერთობა არ მაინტერესებსო. მაშინ, დავთქვით, რომ ერთი წელი ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრებდით, თუ შევეთავსებოდით ერთმანეთს, თუ კარგად ავაწყობდით ურთიერთობას, თანაცხოვრებას, ერთი წლის თავზე ცოლად გავყვებოდი. ასეც მოვიქეცით - წელიწადზე ცოტა მეტი გავიდა და დავქორწინდით, სვეტიცხოვლობას - 14 ოქტომბერს, მცხეთაში, ანტიოქიის დედათა მონასტერში (სვეტიცხოვლის გვერდზეა). მამა სერაფიმემ ჯვარი დაგვწერა და იქვე სატრაპეზოში პატარა ქორწილიც გადაგვიხადა. ცხადია, მერე ჩემთან სახლშიც განვაგრძეთ აღნიშვნა და ვიდღესასწაულეთ.

სხვათა შორის, ოთახში, კედელზე, მამა გაბრიელის სურათი მიკიდია და მას ვთხოვდი ხოლმე: მინდა, რომ შენ იყო ჩემი პატრონი. დედამიწაზე უამრავი ნაწილი გყავს და ძალიან გთხოვ, შენი საუკეთესო ნაწილი გამომიგზავნე, რომ ჩემი ქმარი, ჩემი პატრონი იყოს-მეთქი და ბიძინა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ბიძინას ცოლი გახლავართ" - ამბობს "გზასთან" ინტერვიუში თამთა კოსტავა.

თამთა კოსტავა

გამოცემას ინტერვიუს თამთას მეუღლეც აძლევს.

ბიძინა მესხი: ასეთი კაცის სიძეობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ტვირთი, ღირსება და ამავდროულად, უმაღლესი დონის მოტივაცია. მერაბ კოსტავა, რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ჩემთვის იყო, არის და იქნება თანამედროვეობის გმირი, რომელმაც უკვდავებაში შეაბიჯა; ორივე მათგანი ასეა, მერაბს და ზვიადს არასდროს დავაცალკევებ.

ბატონი მერაბი გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ვნახე ახლოს და იმ მიტინგზე იყო თამთაც. ეს გახლდათ 1989 წლის 30 სექტემბერი, როდესაც მომიტინგეები კინოს სახლიდან მთავრობის სახლამდე ჩავედით, ახლანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის შენობასთან გავჩერდით. მახსოვს, თამთასთან ძალიან ახლოს ვიდექი და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ძალიან მომეწონა.

თამთა კოსტავა

მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ თამთას დავუკავშირებდი ცხოვრებას... რამდენიმე წლის წინ, 9 აპრილს, ერთობლივი ფოტოც კი გვაქვს გადაღებული.

გარდა იმისა, რომ თამთას დიდ პატივს ვცემ, ჩემთვის ასევე საამაყოა მასთან ურთიერთობა, როგორც მერაბ კოსტავას ქალიშვილთან.

მე 30 წელია ტაძრის მრევლი ვარ და ვუთხარი, ცოდვას ჩვენს ურთიერთობაში არ შემოვუშვებ, წინასწარ არაფერი მოხდება, ჯვარდაუწერელი კავშირი ცოდვაა-მეთქი. თავიდან მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ჩემგან სხვა არაფერი გამოდნებოდა, თუ არა ეს...

ერთხელ, ერთ ფაქტს შევესწარი, ტელეფონზე ლაპარაკობდა და ჩემზე ასეთი რამ თქვა: ბიძინა ძალიან წესიერი კაცია, იგი ორთოდოქსია, თავის ღმერთს ემსახურება, მე კი ნერვებს მიშლის, მაგრამ სწორად იქცევა, მიყვარსო. მაშინ მივხვდი, რომ ჩვენ უკვე ურთიერთგაგება გვქონდა.

თამთა კოსტავა

თამთა არის ამ სამყაროს ორიგინალური ვერსია, რომელსაც მთელი მსოფლიო უყვარს. შემოქმედი ქალია, თავისი შეხედულებები და ამ ხედვის თავისი ორიგინალური ვერსია აქვს. მას უნდა გაუგო და ორ შემთხვევაში გაუგებ - როცა იცი, ვინ არის და როცა გიყვარს. თამთა სტანდარტული პიროვნება არ არის, მე და სხვებს არ გვგავს. ეს არის ქალი, რომელსაც შეუძლია 48 საათის განმავლობაში შეუჩერებლად ხატოს და ასევე ორი დღე-ღამის განმავლობაში საერთოდ არაფერი გააკეთოს. მუზიდან მუზამდე ცხოვრობს. როდის რას გააკეთებს, თვითონ არ იცის წინასწარ, ამიტომ, ჩემთვის ის ძალიან საინტერესო ქალია.

კარგად ვიცი, ვინ მყავს ცოლად. ამას წინათ, ვუთხარი კიდეც, შენ იჯექი და ხატე, დანარჩენს ყველაფერს მე გავაკეთებ-მეთქი. ხელს ვუწყობ, ეს ნებისმიერ შემოქმედს სჭირდება, რათა თავისი ნიჭი გადმოაფრქვიოს და გაიფურჩქნოს.

წყარო

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026