Logo

საზოგადოება

ვინ იყო 30 წლის აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა

ვინ იყო 30 წლის აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

თბილისში აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი სამაშველო სამსახურმა ნაქირავებ ბინაში ნახა. მეზობლების თქმით, 112 მათ გამოიძახეს მას შემდეგ, რაც ბუავა რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოჩნდა.

სათვალთვალო კამერას ის 23 აგვისტოს შემდეგ არ დაუფიქსირებია. დაური ამ რიცხვში სადარბაზოში უკანაკსნელად შედის...

დაურ ბუავა

დაურ ბუავა იყო ახალგაზრდა აფხაზი ბლოგერი, რომელმაც საზოგადოების ყურადღება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ თავისი ღია პოზიციით მიიპყრო. იგი სოციალურ ქსელებში (განსაკუთრებით TikTok-ზე) აქტიურად აქვეყნებდა ვიდეოებს, სადაც ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების, დიალოგისა და ნდობის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობდა.

ის 1994 წელს, ტყვარჩელში დაიბადა. ომის შესახებ მისი წარმოდგენები ძირითადად იმ ადამიანების მონაყოლს ეყრდნობოდა, რომლებიც მის გარშემო ცხოვრობდნენ. თბილისში ჩამოსვლა მისთვის ამ ისტორიის გადამოწმების მცდელობა იყო.

ბუავა 26 წლის იყო, როდესაც 2021 წელს აფხაზეთიდან თბილისში ჩამოვიდა.

„მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს იყო მხოლოდ ერთი მხარის მიერ დანახული სიმართლე. მეორე მხარის სიმართლე კი აქ გავიგე“- ხუთი წლის წინ უთხრა მან „ნეტგაზეთს“.

ბუავა ამბობდა, რომ თბილისში ჩამოსვლამდე საქართველოს შესახებ წარმოდგენები ძირითადად იმ ინფორმაციას ეფუძნებოდა, რომელსაც აფხაზეთში იღებდა.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა, TikTok-ის პირდაპირი ეთერი გახდა. იქ ქართველები და აფხაზები ერთმანეთს მტრებს უწოდებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ბუავასთვის ეს კიდევ ერთი მიზეზი აღმოჩნდა, თავად ენახა, როგორი იყო ადგილი, რომელსაც ბავშვობიდან მტრულად წარმოუჩენდნენ.

დაურ ბუავა

მისი თქმით, ორივე საზოგადოებაში არსებობდა მცირე ჯგუფი, რომელიც სიძულვილს აძლიერებდა, მაშინ როცა ადამიანების დიდ ნაწილს ერთმანეთთან ურთიერთობის სურვილი ჰქონდა.

რამდენიმე თვეში ბუავა ერთ-ერთ ცნობად აფხაზ TikTok-ბლოგერად იქცა. მისი ვიდეოების მთავარი თემები ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობა, მშვიდობა და აფხაზეთის მომავალი იყო. მის აუდიტორიაში, ათიათასობით გამომწერთან ერთად, ბევრი ახალგაზრდა აფხაზიც იყო. ის თანდათან იქცა ერთ-ერთ იმ იშვიათ აფხაზ ხმად, რომელიც ქართველებთან დიალოგს ღიად უჭერდა მხარს, და სწორედ ამ პოზიციის გამო აფხაზეთში დევნის სამიზნე გახდა.

დაურ ბუავა

2021 წლის ბოლოს ის ამბობდა, რომ მის თბილისში ყოფნასა და საქმიანობას ბევრი აკრიტიკებდა, თუმცა აფხაზეთიდან მხარდაჭერის შეტყობინებებსაც იღებდა. თუმცა შემდეგ კრიტიკას მუქარებიც მოჰყვა.

ბუავას თქმით, ზეწოლის სამიზნე ხდებოდნენ მისი მხარდამჭერებიც. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც მის პირდაპირ ეთერებში დადებით კომენტარებს წერდნენ, იდენტიფიცირდებოდნენ და ზოგ შემთხვევაში მათ სახლამდეც მიდიოდნენ. ბუავა ასევე ამბობდა, რომ მისი რამდენიმე მხარდამჭერი სცემეს.

2022 წლის ივნისში აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა მის წინააღმდეგ „სახელმწიფო ღალატის“ საქმე აღძრა.

უწყების განცხადებით, ბუავას TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოები შეიცავდა მოწოდებებს, რომლებიც აფხაზეთის „სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას“ აზიანებდა. უწყება მას ასევე აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით არსებობის იდეის გავრცელებაში ადანაშაულებდა.

საქმე ბუავას დაუსწრებლად აღუძრეს. ის თბილისში რჩებოდა და აფხაზეთში დაბრუნებას აღარ აპირებდა.

ქართველ მეგობარ მიხეილ კვატაშიძესთან ერთად მან ახალგაზრდული მოძრაობა „ამრა“ დააარსა. ამრა აფხაზურად „მზეს“ ნიშნავს.

ორგანიზაციის მიზანი ქართველი და აფხაზი ახალგაზრდებისთვის ერთმანეთთან ურთიერთობის შესაძლებლობის შექმნა იყო. ბუავას თქმით, პროექტებში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებიც ზოგჯერ საკუთარ ჩართულობას საჯაროდაც არ ამჟღავნებდნენ.

2023 წელს ბუავა ევროპარლამენტში მიიწვიეს, სადაც ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების ურთიერთობაზე, ინფორმაციის თავისუფალ გაცვლასა და კონფლიქტის გადალახვაზე ისაუბრა.

ევროპარლამენტში ბუავამ რუსეთის როლზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, მოსკოვი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში დაპირისპირებას წაახალისებდა და დღემდე ცდილობდა ქართველებსა და აფხაზებს შორის დიალოგისთვის ხელი შეეშალა.

ბუავა 2023 წელს ის აფხაზეთში ე.წ. „აპარტამენტების შესახებ კანონის“ ინიციატივასაც დაუპირისპირდა. მისი თქმით, არ სურდა აფხაზური მიწების გაყიდვა და რუსეთის მოქალაქეების მასობრივი დასახლება.

ბლოგერისთვის აფხაზეთის მთავარი საფრთხე ქართველებთან ურთიერთობის აღდგენა კი არა, საკუთარი დემოგრაფიული და კულტურული იდენტობის დაკარგვა იყო.

2022 წლის დეკემბერში მან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ბუავამ მაშინ თქვა, რომ პასპორტი გამარტივებული წესით მიიღო. ეს გადაწყვეტილება აფხაზურ საზოგადოებაში მის მიმართ კრიტიკის კიდევ ერთ მიზეზად იქცა.

დაურ ბუავა

***

ცნო­ბის­თვის, აფხა­ზი ბლო­გე­რი დაურ ბუ­ა­ვა თბი­ლის­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მი­ზე­ზი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კორ­პუს­ში "სა­ში­ნე­ლი სუნი იდგა“, რის გა­მოც მე­ზობ­ლებ­მა სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფი გა­მო­ი­ძა­ხეს. აფხა­ზი ბლო­გე­რი ბი­ნა­ში შეს­ვლი­სას მაშ­ვე­ლებს გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

ავტორი: ზმნა

08/28/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024