საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
„ძვირფასო მარო! შენი სურათი ამიერიდან დაამშვენებს ქალთა მე-7 წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის დარბაზს..“ ასე ემშვიდობებოდა საყვარელი მოწაფის ცხედარს მასწავლებელი და პირობას აძლევდა, რომ მის ხსოვნას სათუთად შეინახვდა მშობლიური სკოლის კედლები. მაროს, მისი მასწავლებლის და ძალიან ბევრი ოცნებები, გეგმები, ყველაფერი რუსულ-საბჭოთა ოკუპაციამ შეიწირა. ათწლეულები საქართველოში აკრძალული იყო ნამდვილი გმირების ხსენება. რადგან ახლახან 26 მაისი ვიზეიმეთ, კიდევ ერთხელ მივაგოთ პატივი პირველი რესპუბლიკის დამცველს, ჩვენს ეროვნულ გმირს - მარო მაყაშვილს.
„ჩემი იდეალი არის ის, რომ როცა სწავლას დავამთავრებ, მოვიარო მთელი ქვეყანა. ამაზე დიდი ბედნიერება რა იქნება? ჯერ საფრანგეთში, ინგლისში, ესე იგი დასავლეთ ევროპაში, მერე — ამერიკასა და აფრიკაში. იმაზეც დავსთანხმდები, თუ მარტო ამერიკაში წავალ. ოჰ, ფულო, ფულო, რად გაქვს მაგისთანა ძალა, რომ შენს წინაშე ყველა კარი ღიაა! ვეცდები გულითა და სულით და იქნება, ჩემი უდიდესი განზრახვა ოდესმე სისრულეში მოვიყვანო“. „დღიურები“, 1919 წლის 10 იანვარი.

მარო აპირებდა ინგლისური და ფრანგული ენების ისე შესწავლას, რომ ლიტერატურული ნაწარმოებები ეთარგმნა. ჰქონდა სხვა კეთილი გეგმებიც, მაგრამ როცა თბილისს რუსეთის არმიამ შემოუტია, ყველაფერზე და თვით სიცოცხლეზე მაღლა სამშობლოსა და თავისუფლების დაცვა დააყენა.
„ერეკლე, ერეკლე, რაზედ დაგვღუპე! მართალია, შენც სხვა გზა არ გქონდა, მაგრამ რუსს რად მიგვეცი? იმიტომ, რომ მთელი ჩვენი სიცოცხლე ვიტანჯოთ, რად? რა დაგიშავა საბრალო ერმა, ღმერთო!“ — ეს სიტყვები 1918 წლის 20 მაისს დაწერა.

ამ გადასახედიდან არც საყვედურია და არც მხოლოდ პოლიტიკური შეფასება. იმ დროის ახალგაზრდობის პროგრესული ნაწილის გულწრფელი ტკივილის გამოხატულებაა, რუსეთის მიერ საქართველოსთვის სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების წართმევის გამო. იოლი წარმოსადგენია ბედნიერება, მაროს და მის მეგობრებს, 1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებამ რომ განაცდევინათ.

მარო მაყაშვილი მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიბადა თამარ გაბაშვილისა და კონსტანტინე მაყაშვილის ოჯახში. მაროს მამა, კოტე მაყაშვილი, ცნობილი პოეტი იყო. დედა, თამარი, ცნობილი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის შვილი გახლდათ. მაროს დედაზე უფრო მეტი უნდა ვთქვათ, ვიდრე ეკატერინე გაბაშვილის შვილობა და ეროვნული გმირის დედობაა.

მაროს საყვარელი ძმის, შალვა მაყაშვილმა ერთმა ჩანაწერმა შემოინახა ამ შესანიშნავი ქალის შესახებ ცნობები: „მახსოვს ბავშვობაში დედას ვყავდი პარიზში. მაშინ მან წამიყვანა იმპრესიონისტების გამოფენაზე, დავყავდი ლუვრში, სამხატვრო სალონებში, მაშინ გავიცანი ფრანგული მხატვრობა. ისე შემიყვარდა, ისე მომეწონა, რომ იქვე ვიხატავდი. მაშინ შემაყვარა დედამ ხელოვნება, უნდოდა რომ მეხატა, ჩემთვის საღებავებს ყიდულობდა.“

თამარი მასწავლებლობდა. დედის - ეკატერინე გაბაშვილის - მიერ დაარსებულ სკოლაში ხელმოკლე ოჯახების ბავშვებს ქართულს, რუსულ და არითმეთიკას ასწავლიდა.
ძმა
ჯერ კიდევ თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მოსწავლე შალვა მაყაშვილი 1921 წლის თებერვალში ფრონტზე მოხალისედ წავიდა. გმირულად დაღუპული დის დაკრძალვის შემდეგ, გორში დაწევია საარტილერიო ნაწილს და ბრძოლა გაუგრძელებია. ცნობილ მხატვარს მოუწია ცხოვრების გატარება დაპყრობილ საქართველოში. გარდაიცვალა 1990 წელს, ვერ მოესწრო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებას.


მარო თბილისის ქალთა გიმნაზიაში სწავლობდა, დასრულების შემდეგ კი უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. იყო ბუნებით უხვად დაჯილდოვებული, გამჭრიახი, ცოცხალი, მორცხვი და გულკეთილი. წერდა მშვენიერი ქართულით და შესაძლოა, ჩინებული მწერალიც დამდგარიყო.
კოტე მაყაშვილი
„1921 წ. თებერვალში თბილისის გარშემო ახმაურდნენ ზარბაზნები. ვერავითარ მუდარამ და რჩევამ ვერ გასჭრა მაროზე. მე იქ უნდა ვიყო, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი თანამემამულეთაო. 17 თებერვალს იგი ჩაეწერა წითელ ჯვარში მოწყალების დად. იმავე დღეს სანიტარულ რაზმთან ერთად წავიდა კოჯრისკენ. 19 თებერვალს, საღამოს, მის გვერდით გამსკდარმა ყუმბარამ არც კი დააცალა, უკანასკნელი სალამი ეთქვა სამშობლოსთვის და მშობლებისთვის.“

მარო 1921 წლის სუსხიან თებერვალში სამხედრო პატივით დაკრძალეს სამხედრო ტაძრის გალავანში, კოჯორთან ბრძოლებში გმირულად დაღუპულ სხვა ახალგაზრდებთან ერთად. დაკრძალვამდე მისი ცხედარი ქაშუეთის ტაძარში იყო დასვენებული; მაშინ საქართველო თავისი არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა და იმ დღეების გაზეთები აჭრელებული იყო გმირებთან გამოსათხოვარი სიტყვებით.

მასწავლებელი
„ძვირფასო მარო! შენი სურათი ამიერიდან დაამშვენებს ქალთა მე-7 წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის დარბაზს. შენი სურათით იამაყებს შენი მშობელი გიმნაზია და ყველას მიუთითებს შენს თავგანწირვაზე, რომელიც ძველად სჩვევიათ ქართველ ქალებს. ნაზად და სიყვარულით მიიღებს, ძვირფასო მოწაფე, მშობელი მიწა შენს სახელოვან ცხედარს და დიდის ალერსით გეტყვის საუცხოო ნანინას. დაუვიწყარი იქნება შენი ნათელი ხსოვნა ყველას გულში.“

ამ სულიშემძვრელი სიტყვებით მარო მაყაშვილი ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორმა ალექსანდრე წერეთელმა დაიტირა. ის იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ვინც ივანე ჯავახიშვილთან და სხვა მამულიშვილებთან ერთად დიდი ამაგი დასდო უნივერსიტეტის გახსნის საქმეს.

საბჭოთა ოკუპაციამ ქვეყნის ყველა მოწინავე და პატიოსანი შვილი დასაჯა, მათ შორის, მაროს მასწავლებელიც. ბოლშევიკურმა რეჟიმმა ალექსნდრე წერეთელს 20 წელი გადასახლებაში გაატარებინა.
05/28/2026