საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჟურნალისტი და ტელეოპერატორი - ლევან შანიძე გარდაიცვალა. მას მეგობრები "სიენენას" ეძახდნენ, რადგან აფხაზეთის ომში "სიენენის" კორესპონდენტი იყო. ომში ნამყოფ ადამიანებს, ეს უბედურება არასდროს ტოვებს. ამიტომ იყო, რომ ლევან შანიძე, თავის თავს, ძველ დროში ჩარჩენილს ეძახდა და სულზე დამღად დასმული ომის ქარტეხილი, მუდმივად ახსენებდა თავს.
ჟურნალისტის გარდაცვალების შესახებ, სოციალურ ქსელში, გიორგი ფოფხაძე წერს.
"მართლა აღარ ვიცი, რა ვთქვა, ახლა მითხრეს, რომ ლევანი გარდაიცვალა... ჩვენი ძმა, ჩვენი სიენენა.
ბავშვობის, ყრმობის, დღევანდელობის მეგობარი და ძმობილი. ჟურნალისტი, ხელოვანი, ტელე და კინოოპერატორი, თანამედროვე ქართული ისტორიის ერთ ერთი მემატიანე. აღარ ვიცი, რა დავწერო. როგორ და რანაირად. დაგიმკვიდროს, ლევან, ძმაო, სასუფეველი.
შენ უკვე დააკლდი თბილისს. ქალაქს, რომელიც ძალიან გიყვარდა... ყველა მოგონებამ გაირბინა თვალწინ. მთელმა ჩვენმა მეგობრობამ. ნახვამდის ლევან, იქ... ზეციურ საქართველოში".
ლევანი ბოლო პერიოდში ტელეკომპანია "ობიექტივში" მუშაობდა. რვა წლის მანძილზე იყო ლიკა ქავჟარაძის მეორე ქმარი.
გთავაზობთ ლევანის ძველი ინტერვიუს ამონარიდს, რომელიც მან "რეიტინგს" მისცა.

ლევან შანიძე: 38 წლის ვიყავი, როცა მე და ლიკა შევუღლდით. ეს 2002 წელს მოხდა. 38 წლის სრულფასოვანი მამაკაცი, მანამდე შეყვარებული ბევრჯერ ვყოფილვარ. როცა ამ გრძნობას არ განვიცდი, ცუდად ვარ. ვინც მიყვარდა, დღემდე ყველა მიყვარს. ჩემთვის სიყვარულს წარსული დრო არ აქვს.
ვინც მიყვარდა, ყველა ლამაზი ქალბატონი იყო, მაგრამ ცოლად არც ერთი არ მომიყვანია, მარტო ლიკა მოვიყვანე.
ლიკას ჰქონდა ოჯახი და რასაკვირველია, მისი ოჯახის დანგრევაზე არასდროს ვიფიქრებდი.

ჩვენ ერთმანეთს თითქმის ბავშვობიდან ვიცნობდით. ჩემმა მეგობარმა ლიკას ჯგუფელი შეირთო ცოლად. მე მეჯვარე გახლდით. ლიკა გოგოს მეჯვარე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ჯვრისწერაზე ვერ მოვიდა. გამიხარდა, რომ ლიკას მირონით არ დავუნათესავდი. რა თქმა უნდა, ჩვენს ერთობლივ ცხოვრებაზე მაშინ არც მიფიქრია.
იმას, რასაც სხვები არ უფრთხილდებიან, ლიკა ფაქიზად მოეპყრო. მან თქვა, ხუთი წელი მაინც ხომ ვიქნებით ბედნიერებიო და მეც დავფიქრდი დაოჯახებაზე. მეცნიერები ამბობენ, რომ სიყვარული მაქსიმუმ ხუთ წელს გრძელდება. მე და ლიკა თითქმის რვა წელი ვიყავით ერთად. დაშორების ინიციატორი მე არ ვყოფილვარ. როგორც ლიკამ გადაწყვიტა, ყველაფერი ისე მოხდა. ქალბატონებთან ხომ არ უნდა ვიჭიდაოთ?!
ჩვენ ისეთივე, მეგობრები ვართ, როგორც ადრე. რა უნდა შეიცვალოს, ან რატომ?..

07/09/2026