Logo

ჯანმრთელობა

"ეს ვირუსი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს..." - როგორ ვრცელდება ებოლა

"ეს ვირუსი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს..." -  როგორ ვრცელდება ებოლა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში გავრცელებული ებოლას უჩვეულოდ მასშტაბური ეპიდაფეთქება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) , საერთაშორისო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციად გამოაცხადა.
WHO-მ აღნიშნა, რომ ეს „პანდემიურ საგანგებო მდგომარეობად“ ჯერ არ ითვლება და გლობალური გავრცელების რისკი ამ ეტაპზე მცირეა, მაგრამ რეგიონული და ეროვნული საფრთხე ძალიან მაღალია.


რა უნდა ვიცოდეთ ებოლას ვირუსის შესახებ და რატომაა ვირუსის გავრცელებული შტამი განსაკუთრებულად საშიში? ამ კითხვებზე ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს.

"ებოლა ვირუსმა ისევ შეახსენა თავი მსოფლიოს. რამდენიმე დღის წინ ჯანმომ ებოლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო საფრთხედ გამოაცხადა, რამაც ბევრი შეაშფოთა. თუმცა, ცხადია, ჯანმოს ეს განცხადება არ ნიშნავს პანდემიას, ვირუსის გავრცელება აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანას არ გასცდენია.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამჟამად მიმდინარე ეპიდაფეთქებას იწვევს ებოლას ის ქვეტიპი, რომლის წინააღმდეგ ვაქცინა ან მედიკამენტი არ არსებობს. ვირუსის გავრცელება დაიწყო კონგოში და ახლა შემთხვევები უგანდაშიც რეგისტრირდება.

ამჟამინდელი მონაცემებით დაფიქსირებულია 134 სიკვდილის შემთხვევა. 500-ზე მეტი პაციენტი საეჭვოა ებოლაზე. ერთი პაციენტი, რომელიც არის აშშ მოქალაქე, გადაყვანილია სამკურნალოდ ბერლინში.

ვირუსი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან, ასევე დაბინძურებულ ზედაპირებთან კონტაქტით. ჰაერის გზით ებოლას ვირუსი არ გადადის.

ინკუბაციური პერიოდი 2 დღიდან 3 კვირამდეა. სიმპტომებია ცხელება, ძლიერი საერთო სისუსტე, კუნთების და თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, გამონაყარი, მძიმე შემთხვევებში სისხლდენა სხვადასხვა ორგანოდან, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი 25-დან 90%-მდეა.

ვაქცინა არსებობს ებოლას სხვა, ზაირის ქვეტიპის წინააღმდეგ და სხვადასხვა აფეთქებების დროს ეფექტურად იყენებდნენ, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს ვაქცინა ამჟამად მიმდინარე ეპიდემიის გამომწვევი ქვეტიპის მიმართ არაეფექტურია.

წარსულში ებოლას ყველაზე დიდი ეპიდემია იყო 2014–2016 წლებში, რომლის დროსაც ინფიცირების დაახლოებით 28 ათასი და სიკვდილის 11 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა," - წერს მაია ბუწაშვილი.

ავტორი: ზმნა

05/21/2026

თაფლიანი წყალიინფექციონისტიმაია ბუწაშვილიმითი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024