
09/16/2026
მეცნიერები ცხარე წიწაკის მოყვარულებისთვის საინტერესო და სასიამოვნო ამბავს აქვეყნებენ.
ნივთიერებამ, რომელიც წიწაკას მის ცნობილ სიმწარესა და „ცეცხლოვან“ გემოს აძლევს, ლაბორატორიულ კვლევებში კიბოს ზოგიერთი უჯრედის წინააღმდეგ შთამბეჭდავი მოქმედება აჩვენა.
საუბარია კაპსაიცინზე, ბუნებრივ ნივთიერებაზე, რომელიც წითელ ცხარე წიწაკაში გვხვდება.
სწორედ ის არის პასუხისმგებელი წვის შეგრძნებაზე, რომელსაც მწარე საკვების მიღებისას ვგრძნობთ.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კაპსაიცინს, ადამიანის მელანომის, კანის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ფორმის უჯრედების ზრდის შეფერხება და მათში ბუნებრივი „თვითგანადგურების“ მექანიზმის გააქტიურება შეუძლია.
სამეცნიერო ჟურნალ Oncology Letters-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, მეცნიერები ადამიანის მელანომის ორ უჯრედულ ხაზს A375-სა და C8161-ს აკვირდებოდნენ.
უჯრედები 24 და 48 საათის განმავლობაში კაპსაიცინის სხვადასხვა კონცენტრაციის ზემოქმედების ქვეშ მოაქციეს. შედეგი საინტერესო აღმოჩნდა. რაც უფრო მაღალი იყო კაპსაიცინის დოზა და რაც უფრო დიდხანს მოქმედებდა ის უჯრედებზე, მით უფრო მცირდებოდა მათი სიცოცხლისუნარიანობა.

მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ კაპსაიცინის ზემოქმედების შემდეგ აქტიურდებოდა ცილები, რომლებიც აპოპტოზში მონაწილეობენ. აპოპტოზი მარტივად რომ ვთქვათ, უჯრედის მიერ საკუთარი თავის განადგურების ბუნებრივი პროგრამაა.
კაპსაიცინისა და მელანომის ურთიერთობით მეცნიერები ბევრად ადრე დაინტერესდნენ. ჯერ კიდევ 2005 წელს ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ კაპსაიცინი, ადამიანის მელანომის A375-S2 უჯრედების სიკვდილს დროისა და დოზის მიხედვით აძლიერებდა. კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ კაპსაიცინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს კიბოს უჯრედების მიგრაციაზეც, ანუ იმ პროცესზე, რომელიც სიმსივნის გავრცელებასა და მეტასტაზირებაში მონაწილეობს.

კითხვაზე - ანუ, ბევრი მწარე უნდა ვჭამოთ? მეცნიერების პასუხია - პირდაპირი მნიშვნელობით არა.
ლაბორატორიაში კიბოს უჯრედზე კაპსაიცინის პირდაპირ მოქმედებასა და ცხარე წიწაკის საკვებად მიღებას შორის დიდი სხვაობაა.
კვლევებში გამოყენებული კონცენტრაციის კაპსაიცინის უშუალოდ სიმსივნურ უჯრედამდე მიღწევა, მხოლოდ ცხარე საკვების ჭამით იმავე ეფექტის მიღებას სულაც არ ნიშნავს.
ამ ეტაპზე არ არსებობს კლინიკური მტკიცებულება, რომ ცხარე წიწაკის რეგულარული ჭამა ადამიანს მელანომის ან სხვა კიბოსგან იცავს, ან უკვე არსებულ სიმსივნეს მკურნალობს.
ადამიანებში კაპსაიცინის კლინიკური გამოყენება ძირითადად ტკივილის მართვის მიმართულებით არის შესწავლილი. თუმცა ფაქტი თავისთავად ნამდვილად დამაინტრიგებელია.
ნივთიერება, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში უბრალოდ ცხარე წიწაკის „მწველ“ გემოსთან ასოცირდება, უკვე წლებია კიბოს მკვლევართა ყურადღების ცენტრშია.
გააზიარე სტატია