Logo

"ვიცი მხოლოდ კორპუსი, სადაც ცხოვრობს და მახსოვს მისი ულამაზესი სახე" - ვინ აჩუქა ძვირფასი საყურე მარიზი კობახიძეს?

"ვიცი მხოლოდ კორპუსი, სადაც ცხოვრობს და მახსოვს მისი ულამაზესი სახე" - ვინ აჩუქა ძვირფასი საყურე მარიზი კობახიძეს?

09/06/2026

ტექსტის ზომა

იმისთვის, რომ დღე განსაკუთრებული გახდეს და ცხოვრება არნახულად გალამაზდეს, ზოგჯერ სულ პატარა მიზეზიც კი საკმარისია.
ერთი მოულოდნელ შეხვედრას, გულწრფელ მოკითხვას, ჩახუტებას ან პატარა საჩუქარს, ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი ადამიანებისთვის იმედისა და სიხარულის მოტანა შეუძლია.
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ერთი ნახვით შეუძლიათ შენს მეხსიერებაში სამუდამოდ დაიკავონ ადგილი და იმედითა და მადლიერებით აგავსონ.

სწორედ ასეთ შეხვედრაზე წერს სინდისის პატიმარი თორნიკე გოშაძის დედა მარიზი კობახიძე სოციალურ ქსელში.
ამბავი ერთ მზიან დღეს, გლდანში, ერთ ჩვეულებრივ სკვერში დაიწყო, სადაც სრულიად უცნობი ქალი მას მხოლოდ იმისთვის მიუახლოვდა, რომ პატივისცემა გამოეხატა, ჩახუტებოდა და საჩუქარი გადაეცა.

მარიზი და თორნიკე

"სულ მინდოდა საჯაროდ მადლობა მომეხადა ადამიანისთვის ვინც ეს უძვირფასესი საყურე მაჩუქა (საკმაოდ ძვირადღირებული). პატარა ისტორიას მოვყვები...


ერთ მზიან დღეს, გლდანში ნათლულთან და მის დედიკოსთან ერთად სკვერში ვიჯექი. ბავშვი თამაშობდა და ჩვენ ვსაუბრობდით. შევნიშნე, რომ ჩვენკენ ღიმილით მოდიოდა ულამაზესი გოგო (ჩემზე ბევრად პატარა). ხელში პატარა ყუთი ეჭირა. მოვიდა და მკითხა: - თორნიკე გოშაძის დედა ხართ ხომ?
არ ველოდი და - კი-მეთქი.
თვალზე ცრემლმორეული ჩამეხუტა. აივანზე სარეცხს ვფენდი და დაგინახეო. ვერ მოვითმინე და როგორც ვიყავი ისე ჩამოვედი რომ არ გაგესწროო. აქ ხომ არ ცხოვრობთო? არა-მეთქი.
ყუთი რომელიც ხელში ეჭირა მომაწოდა - "ეს მცირედი ჩემგან პატივისცემის ნიშნად რომ ასეთი შვილი გაზარდე და ასეთი დედა ხარო."

წარმატებები გვისურვა ყველა პატიმრის ოჯახს და ყველა პატიმარს. ისე დავიბენი არც სახელი ვკითხე და არც არაფერი... ცრემლმორეულმა მხოლოდ მადლობა მოვახერხე.


რომ მოვტრიალდი ჩემი ნათლულის დედა ტიროდა (სახელს არ ვწერ, ყველა მიხვდება ვინც იქნებოდა).

ხელები მიკანკალებდა ამ პატარა ნივთს სანამ გავხსნიდი... ჰოი საოცრებავ, როცა ვნახე, ფასის ეტიკეტი ისევ ზედ ჰქონდა, საკმაოდ ძვირიანი ნივთი იყო, რომელიც ადამიანმა გაიმეტა იმ ბიჭის დედისთვის, რომელიც საქართველოს თავისუფლებისთვის რეჟიმმა ციხეში გამოკეტა.

საყურე

როცა არსებობენ ასეთი ადამიანები ამ ქვეყანაში ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ამ ბრძოლას უამრავი საინტერესო ისტორიები აქვს ღირსეული ქართველებისგან.


ვიცი მხოლოდ კორპუსი, სადაც ცხოვრობს და სხვა არაფერი. მახსოვს მისი ულამაზესი სახე.

თუ ამ ტექსტს კითხულობ გთხოვ გამომეხმაურე, რადგან მინდა ახლა უფრო ძლიერ ჩაგეხუტო. ხშირად არ ვატარებ, მეშინია არ დავკარგო, რადგან ჩემთვის ძალიან ძვირფასი ნივთია და მინდა თორნიკეს ვაჩვენო.

მე ისევ ხშირად ვზივარ ნათლულთან ერთად იმ სკვერში,რომელიც შენი კორპუსის წინ არის და სულ გეძებ თვალებით," - წერს მარიზი კობახიძე სოციალურ ქსელში.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026