საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ამერიკაში ემიგრირებული მღვდელი, პეტრე კოლხი, რომელსაც ქართულმა ეკლესიამ მღვდელმსახურება შეუჩერა, ქართული ეკლესიის მესვეურების კრიტიკას განაგრძობს.
ამჯერად პეტრე კოლხმა ღია წერილით პატრიარქის თანამოსაყდრეს, შიო მუჯირს მიმართა და ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა.
„ეგზარქოს ელიზბარ მუჯირს!
ყველა შენი უსამართლობა და არაადამიანობა ზეპირად ვიცი, ფაქტებს ვერსად გაექცევი, რა მიწა გიძლებს, როგორ არ გეწვის ფეხქვეშ შენგან გაყიდული, ანწუხელიძის სისხლით გაპოხიერებული ქართული ნიადაგი…
ვიცი, როგორ იბარებდი სუსის თანამშრომლებს შენს დაწყევლილ კაბინეტში და ავალებდი იმ სასულიერო პირების გაშავებას, ვინც წინააღმდეგობას გაგიწევდა და ქართველი ერის გარუსებაში ხელს შეგიშლიდა.
ვიცი შენი გარიგებები ეშმაკის ნაშიერ ბიძინა ივანიშვილთან, როგორი ფორმით უნდა გემართა და გეკონტროლებინა სამღვდელოება…
ყველა სახედაკარგული ანაფორიანის მზაკვრობა და არაკაცობა ვიცი, ეკლესია-მონასტრებში რომ დანიშნე, ამბების შესაგროვებლად…
ვიცი, როგორ არ ინდობ არავის, ვისშიც ოდნავ ეჭვი შეგეპარება და შენს შავბნელ საქმეებს გადაეღობება…
ვიცი, რა უსამართლოდ მოხდა შენი დანიშვნა მოსაყდრედ და როგორ დაემუქრა რუსეთის აგენტი ჩხარტიშვილი პატრიარქს, შენი დანიშვნის დოკუმენტს თუ ხელს არ მოაწერდა…
ვიცი, რა კონსულტაციებს გადიხარ ჭორვილელ დიქტატორთან, მორიგი სიბინძურეებისთვის…
ვიცი, შენი დავალებით როგორ გაამწესეს ციხეში ახალგაზრდები, იქნებ აქციები ჩაშლილიყო…
ვიცი, რამდენ ეპისკოპოსს, არქიმანტრიტს და რიგით მღვდელს, რომლებიც ყველა დანაშაულში მხილებულები არიან, მაინც ხელს აფარებ, რადგან ხელის ბიჭებად გჭირდება…
ვიცი, როგორ ვერ იტან პატრიარქს, ოღონდ იმის ერთი ადგილიც არ გაქვს, ეს აღიარო, ხალხის გეშინია, წამგებიანი იქნება შენთვის, მხოლოდ სტატუსი-,,პატრიარქის მოსაყდრე” გიცავს იმ უარყოფითი განწყობებისგან, შენი მიზეზით რომ ჩამოუყალიბდა მოაზროვნე საზოგადოებას.
ვიცი, როგორ იბარებდი მღვდლებს და აჯერებდი, უკრაინის ეკლესიას არსებობის უფლება არ გააჩნია, ისევ რუსეთის ნაწილი უნდა გახდესო…
ვიცი, როგორი დარწმუნებული იყავი, პუტინი უკრაინას ადვილად დაიპყრობდა და დაიმორჩლებდა.
ვიცი, ქართველ ერზე შენი წარმოდგენა, იყაყანებენ, მიავიწყდებათ და გაჩუმდებიანო…
კიდევ ბევრი რამ ვიცი, მაგრამ შენ თითქმის არაფერი გცოდნია ჩვენზე…
ჩვენ არასდროს გავჩუმდებით და საქართველოს გარუსებას არ დაგანებებთ…
ბრძოლა ჯერ არ დაწყებულა, ეს მხოლოდ შემზადებაა… ამიტომ, შენი ნებით ადექი, ჩაალაგე ჩანთაში ის რუსული წიგნები, თხა და გიგოსავით რომ კითხულობ და შეუმჩნევლად გაიპარე, მაგრამ გპირდები, შენი დამხობის მერეც ხშირად გავიხსენებ შენს არაადამიანობებს !“ - წერს პეტრე კოლხი.
02/09/2026