საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბიზნესმენი თემურ უგულავა ამერიკიდან სამშობლოში ჩამოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ხვალ, 27 ივნისს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. ბიზნესმენს კვირას, 28 ივნისს დაკრძალავენ.
პარაზიტოლოგი მარინა მანჯგალაძე ფეისბუქზე თემურზე მოგონებას აზიარებს და წერს:
მარინა მანჯგალაძე: თემურ უგულავა - ადამიანი ყველა გაგებით!
მე თემურის მშობლებს, ბელას და ნოდარის კარგად ვიცნობდი და მათი დიდი სამეგობრო წრის ერთი "პატარა" წევრიც ვიყავი. ამიტომ კარგად მახსოვს თემურის და მისი საყვარელი დის - ხატიას ანცი ბავშვობა... შემდეგ კი თემური ჩემთან მოვიდა პაციენტის ამპლუაში - შეუპოვარი ცხელება და ძლიერი სისუსტე. დიაგნოზი: ტროპიკული მალარია.
შემოვიდა ოთახში გაღიმებული სახით და მკითხა: მეშველება რამე? მაშინ შენ აჯობე... ახლა კი მან...
ულმობელია წუთისოფელი. ტკბილიცა და მწარე ბევრი გვინახავს!

მას შემდეგ დიდხანს ვეხმიანებოდით ერთმანეთს, გილოცავდი დაბადების დღეს, დღესასწაულებს. გამაცანი შენი მეგობრები, რომლებიც ჩემს დახმარებას ითხოვდნენ. თვალს ვადევნებდი შენს ყველა წამოწყებას და ახალ პროექტებს. ნიჭიერო. გონიერო. კრეატიულად მოაზროვნე კეთილო ადამიანო!
შენ - თემურ უგულავა, ახალგაზრდული მუხტი შემოიტანე თბილისში და ქვეყანაში, იმედი ჩაუსახე ახალგაზრდებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. შენ ლამაზი თბილისი უფრო ლამაზად დაანახე მსოფლიოს.
მე ვიცი, როგორი გულის ტკივილით და რამდენი ცრემლით გამოგაცილეს ამერიკიდან ემიგრანტებმა და არა მარტო მათ... და ისიც ვიცი, როგორი სიყვარულით გიმასპინძლებს 27 ივნისს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი!
როგორი გულის ტკივილით და ცრემლით გაგაცილებენ შენი საამაყო შვილები, ოჯახის წევრები და ქართველი ხალხი (ნაცნობები და უცნობებიც კი), შენი დიდი სამეგობრო!
იმედს ვიტოვებ, რომ შენი ნაკეთები დიდი სიკეთეები წინ დახვდება შენს შვილებს, შვილიშვილებს და შვილთაშვილებს!
კეთილო, უბრალო, უშურველო შემოქმედო! თავისუფალო ადამიანო, ადამიანო ყველასთვის!
თემურ უგულავა, თბილი და მსუბუქი იყოს შენთვის მადლიანი ქართული მიწა! გითანაგრძნობთ ოჯახის ყველა წევრს, მეგობრებს და ახლობლებს...

06/26/2026