საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნანა ბუთხუზი - ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასის მსახიობი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს წერილს, რომელიც მას თავისი კოლეგებისთვის სათითაოდ მიუწერია. ამ პოსტის გასაჯაროვების გადაწყვეტილება კი, გუშინ თეატრიდან პროტესტის ნიშნით წასული მსახიობების ქმედების შემდეგ მიიღო. როგორც წერილიდან ჩანს, დასში განხეთქილებაა...
"გადავწყვიტე მომეწერა და გწერთ როგორც დასის რიგითი წევრი, მსახიობი, რომელიც თქვენთან ერთად იდგა სცენაზე. გწერთ პატივისცემით და სიყვარულით.
მძიმე მდგომარეობაში ვართ.
ვხედავ, რომ თეატრი ნელა და უხმაუროდ იშლება.
დღეს ყველა თეატრი აგრძელებს მუშაობას, რეპეტიციებს, პრემიერებს, სიცოცხლეს.
ჩვენი თეატრი - არა.
მარტო დავრჩით, სრულ სიჩუმეში.

არ გვესმის პროფესიული ხმები, არ იგრძნობა პროფესიული სოლიდარობა.
დასი არის დაღლილი, შიგნიდან გამოფიტული.
დაგროვდა ტკივილი, შიში და უნდობლობა.
რწმენა თითქმის დაკარგულია.
ერთსულოვნება არ არის.
ვხედავ, რომ ბევრს აღარ აქვს ძალა, ან სურვილი იმოქმედოს, ნაბიჯი გადადგას, გამოვიდეს, ილაპარაკოს და ეს გასაგებია.
არ გწერთ იმისთვის, რომ რამეში დაგარწმუნოთ ან რამე დაგაძალოთ, თუმცა
ერთი რამ მაინც გვრჩება - ჩვენი თავი და ერთმანეთი.
თუ ჩვენ ერთმანეთთანაც ვერ ვპოულობთ საერთო ენას, მაშინ ეს თეატრი ნამდვილად დაიშლება.

ხომ გვინდა, რომ თეატრი გადარჩეს და ცოცხალი დარჩეს?
და თუ გვინდა, რას ვაკეთებთ ამისთვის?
შეიძლება დღეს ვერ ვთანხმდებით ფორმაზე. შეიძლება არ ვიცით გზა.
მაგრამ სრული სიჩუმე უკვე არჩევანია და ყველაზე სახიფათო.
იქნებ დავდგეთ ერთად და შევძლოთ ნაბიჯის გადადგმა. შევძლოთ პროფესიული სოლიდარობით გავაცოცხლით ერთმანეთი და თეატრი. იქნებ შევძლოთ დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი უფლებები.
იქნებ შევძლოთ...
მე ჯერ კიდევ მჯერა, რომ ეს დასი შეიძლება ამ კრიზისიდან გამოვიდეს.
არა ხმაურით, არამედ ურთიერთგაგებით."
პატივისცემით ნანა ბუთხუზი

ეს წერილი მივწერე დასის ყველა წევრს 22.01.2026
დღეს კი, მოხდა ის, რაც მოხდა...
ვიცოდი, რომ მოხდებოდა, მაგრამ ასეთი ფორმით - არა.
ბრძოლის ეს ფორმა, მათი არჩევანია და პატივს ვცემ, მიყვარს თითოეული და არც ერთს არ ვემშვიდობები!
ოდესმე, სადმე, სადღაც ძალიან შორს ცხოვრობდა მწვანე გოჭი.
შევხვდებით!

02/22/2026