კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნიკო ფიროსმანაშვილი, ქართველების უნიკალური ნიკალა, ერთი ვერსიით 5 მაისს დაიბადა (მეორე ვერსია 5 აპრილზეა შეჩერებული).
ნიკო ფიროსმანაშვილი 1862 წელს კახეთის სოფელ მირზაანში, გლეხების ოჯახში, დაიბადა.

მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი საცხოვრებად თბილისში გადავიდა. მართალია, ფიროსმანს სპეციალური განათლება არასდროს მიუღია, თუმცა მხატვრობის მიმართ დიდ ინტერესს ავლენდა და ხშირად ხატავდა.
თავდაპირველად ფიროსმანი სარეკლამო აბრების შეკვეთებს იღებდა, გარკვეული პერიოდი რკინიგზის გამცილებლადაც მუშაობდა, შემდეგ კი ვაჭრობაში სცადა ბედი.

ძველი თბილისი, მედუქნეები, ხელოსნები – სწორედ ეს იყო ფიროსმანის ყოველდღიურობა, რის კვალსაც მხატვრის შემოქმედებაში ვხედავთ. მოგვიანებით, ფიროსმანი სწორედ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, სანაცვლოდ კი, მათი შეკვეთით დუქნებისა და ფარდულების კედლებზე აბრებსა და შესაბამისი შინაარსის სიუჟეტებს ხატავდა.
ასე იქმნებოდა დაუფასებელი გენიოსის შედევრები, რომლებიც მოგვიანებით აღმოაჩინეს, კედლის მხატვრობის ნაწილს კი ჩვენამდე აღარ მოუღწევია.


მხატვრობის უნიკალური სტილი
ფიროსმანის ნამუშევრების თემები, სიუჟეტები თუ პერსონაჟები განსხვავებული და მრავალფეროვანია. ელემენტებით არ არის დატვირთული. მხატვარი თითოეული სიუჟეტის უკან მდგარ იდეასა და პერსონაჟის შინაგან სამყაროს უსვამს ხაზს.
ასეთი მინიმალიზმი გვაძლევს საშუალებას, რომ ყურადღება ემოციურ ან სიუჟეტურ მხარეზე გავამახვილოთ.





ფიროსმანის ნამუშევრების თემატიკაში დიდ როლს სწორედ იმდროინდელი სოციალური გარემო თამაშობს. მის ნახატებში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს, რომლებიც ზოგჯერ პეიზაჟის ფონზეც არის გაშლილი.
ამასთანავე, ფიროსმანის პერსონაჟების უმეტესობა ისეთი უბრალო ადამიანებია, როგორებიცაა “მეეზოვე”, “მეთევზე”, “შეშის გამყიდველი ბიჭი”, “ძიძა” და ა.შ.
მის შემოქმედებაში ანიმალისტურ ჟანრს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ნამუშევრებს შორის კი არის “ირემი”, “ჟირაფი”, “შავი ლომი” და სხვა. გარდა ამისა, ფიროსმანი ისტორიულ პიროვნებებსაც ხატავდა, როგორებიცაა “თამარ მეფე”, “ერეკლე მეორე”, “გიორგი სააკაძე” და ასე შემდეგ.


მსოფლიო აღიარება
ფიროსმანის აღმოჩენასა და მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობების შეგროვებაში, განსაკუთრებული წვლილი - ილია და კირილ ზდანევიჩებს მიუძღვით. ილია ზდანევიჩი პირადად ფიროსმანისგან მოსმენილ ისტორიებს იწერდა, მალევე კი ფიროსმანის შემოქმედებით მხატვარი დიმიტრი შევარდნაძეც დაინტერესდა.
ფიროსმანის ნამუშევრები 1918 წელს თბილისში, ქართველ მხატვართა პირველ დიდ გამოფენაზე, იყო წარმოდგენილი.
1920-იან წლებში ფიროსმანის შესახებ პერიოდულ პრესაში იწერებოდა და მისდამი მიძღვნილი კრებულიც გამოიცა. ფიროსმანის ნამუშევრების პირველი მნიშვნელოვანი ჩვენება საბჭოთა კავშირის გარეთ 1969 წლის გაზაფხულზე პარიზში, ლუვრის სასახლეში მდებარე დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში, გამართა. ეს კი, საბჭოთა პერიოდისთვის, უპრეცედენტო მოვლენა იყო. 50 წლის შემდეგ, 2019 წელს, ფიროსმანის ნამუშევრები ვენაში, ალბერტინას მუზეუმში, გამოიფინა. ფიროსმანის ნამუშევრები ბაზელში ისეთი მნიშვნელობის მუზეუმშიც იყო წარმოდგენილი, როგორიც ბაიელერის კოლექციის მუზეუმია.



რას ამბობდნენ ჩვენი მხატვრები ნიკალაზე
დავით კაკაბაძე: “როდესაც მე პირველად ვნახე ნიკოს ნამუშევრები 1913 წელს, უკიდურესად განცვიფრებული დავრჩი ამ არაჩვეულებრივი მხატვრით, რომლის მსგავსიც მანამდე არაფერი მენახა. ოცნებად მექცა მუდამ გვერდით მქონოდა ნიკოს სურათები, მათში ამომეკითხა ფერწერის სიბრძნე, მესწავლა მისგან. მანამდე, მხატვრებიდან არავისთან შევხვედრივარ საქართველოს ისეთ განცდას, როგორიც ნიკოსთან ამოვიკითხე”.
ფიროსმანმა დიდი გავლენა მოახდინა ლადო გუდიაშვილზეც, რომელიც მხატვარს თავის ჩანაწერებში ასე იხსენებს: “მახსოვს, ერთხელ შევიყვანეთ მხატვართა საზოგადოების კრებაზე. პასუხს იძლეოდა მოკლედ, ლაპარაკობდა ცოტას, დაინტერესდა ორატორებით. ‘ჰოდა, რა გვინდა, ძმებო, იცით? – თქვა მან, – უსათუოდ საჭიროა ავაშენოთ დიდი ხის სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასათვის იყოს ახლოს. ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე. თქვენ კი ეს არ გინდათ, თქვენ სულ სხვას ლაპარაკობთ”.

05/05/2026