
09/18/2026
ლულუ კახიანი გარდაცვლილ შვილზე საუბარს არასდროს გაურბის. ტელესახემ ლიკა ყაზბეგის პოდკასტში, ამჯერადაც დეტალურად გაიხსენა ლენოს ცხოვრების უკანაკნელი დღეები და შვიდი წლის წინანდელი ის ტრაგიკული ღამე...
როგორც ლულუ ჰყვება, შვილის გარდაცვალების შიში, დიდი ხანია მასში ცხოვრობდა. ამ დალექილ შიშს თავისი სათავე აქვს...
მძიმე ამბის წაკითხვა მოგიწევთ.
ლულუ კახიანი: ლენოზე საუბარი თავიდანვე არ იყო ჩემთვის მტკივნეული. პირიქით, მგონია, რომ ისევ ცოცხალია, აქ არის. მიხარია, რომ ახსენებენ და ისევ ახსოვთ.
ლენოს ინსტაგრამზე ხანდახან სთორებს ვდებ მისი ძველი ფოტოების სახით და ზოგიერთი მისი მეგობარი, მესენჯერში წერს, ლენო, მოგვენატრეო და მე მიხარია. ალბათ, არც უნდა წავიკითხო ეს შეტყობინებები, მაგრამ მე მიხარია, რომ შვიდი წლის შემდეგ ლენო კიდევ ახსოვთ. თან ისეთ ასაკში წავიდა, ბავშვებმა და მოზარდებმა მალე იციან დავიწყება. ამ შემთხვევაში, ასე რომ არ ხდება, მსიამოვნებს.

დრო მკურნალია - ეს ფრაზა, ასეთ შემთხვევაში, არ მუშაობს. უბრალოდ, ეგუები და სხვა რეჟიმში განაგრძობ ცხოვრებას.
შვიდი წელი გავიდა, მე ყველა დეტალი მახსოვს.
ძალიან სოციალური, მეგობრული და ღია იყო ყველასთვის. არ მახსოვს, ვინმეზე ეჭორაოს, გაეკრიტიკებინოს. კეთილი გულის პატრონი იყო. სხვებისგანაც იგივეს მოელოდა.
კონტაქტური იყო, უყვარდა ხალხმრავლობა. სხვადასხვანაირი მეგობრები ჰყავდა. თინეიჯერობის ასაკში სამეგორო წრეებს ხშირად იცვლიდა.
უყვარდა ხელოვნება, ხატვა. ნიჭიერი იყო და ვცდილობდი მეტარებინა წრეებზე, მისი ინტერესების გათვალისწინებით. ცურვა რომ მობეზრდა, მერე ხატვაზე დადიოდა. თეა გობეჯიშვილთან წლები ცეკვავდა. ჰიპ ჰოპზეც დადიოდა. ბევრი რამ სცადა იმ 15 წელიწადში, რაც ჩემთან ერთად იყო.

მინდოდა საზღვარგარეთ წამეყვანა და 2019 წლის აპრილის ბოლოს, სააღდგომო არდადეგებზე, სტამბულში წავიყვანე. რთული პერიოდი ჰქონდა. მისი მეგობარი ნიკა ავარიაში დაიღუპა და მეორე მეგობარი კომაში იყო. ძალიან განიცდიდა. არაფერი ახალისებდა. მეც იმიტომ წავიყვანე, მეგონა, ცოტა გადაერთვებოდა. გადაერთო კიდეც. მაგრამ მაინც მოწყენილი იყო.
ბიჭთან, რომელიც ორი კვირა კომაში იყო, მანამდე მეგობრობდა, მაგრამ მერე ამბობდა, მივხვდი, რომ ბექა მიყვარსო. რომ ჩამოვედით სტამბულიდან, მაისის დასაწყისი იყო, ეს ბიჭი კომიდან ვერ გამოვიდა და სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ეს ძალიან განიცადა. სულ წერდა წერილებს. თავისი ეს პერიოდი ამაზე ააგო ლენომ.
როდესაც ლენო გარდაიცვალა, ლეპტოპი დამიტოვა დაწერილი პაროლით, რომ შევსულიყავი. რომ გავხსენი, იქ იყო ფაილი - ჩემს წასვლამდე დარჩა 30 დღე (სათაური ზუსტად არ მახსოვს). ამ დღიურის წერა მაშინ დაუწყია, როდესაც ეს ბიჭი გარდაიცვალა. მაშინ უკვე ფიქრობდა იმაზე, რომ თვითონაც უნდა წასულიყო მასთან. ყოველდღე წერდა ჩანაწერებს და რომ გადავიკითხე, ძალიან სევდიანი იყო. მისთვის ყოველი დღე ერთმანეთს გავდა, არაფერი საინტერესო, მისი აზრით, გარშემო არ ხდებოდა. არ ჩანდა შუქი, რომელიც მის შემდგომ ცხოვრებას გაუნათებდა. მის გვერდით არავინ იყო, ამის გადალახვაში რომ დაეხმარებოდა. არც ჰქონდა ამ რთული პერიოდის გადალახვის სურვილი, ასეთი გადაწყვეტილი ჰქონდა, ამ დღიური წერას რომ მოვრჩები, მოვალ და გნახავთო, მიმართავდა ამ ორ გარდაცვლილ მეგობარს.

ამ დღიურში რამდენიმე გამონათება იყო - ერთი დღე იყო, როდესაც ჩემმა მეგობარმა კინოთეტარში წაიყვანა მარველის ახალ სერიაზე. მოვიდა და დაწერა, დღეს ძალიან კარგი დღე იყო, გავერთეთ, ვიცინეთ და განსხვავებული დღე იყოო. ერთი ჩანაწერი ბათუმს ეხებოდა. ჩემი ძმისშვილის დაბადების დღეზე წავედით. მომწონს აქ ყოფნა, ძალიან კარგია და პირველი შემთხვევაა ვფიქრობ - ხომ არ გადავიფიქროო? მაგრამ მე შენთვის პირობა მაქვს მოცემული და ვერ დავარღვევო, ბექას მიმართავდა.
მე მეგობართან ერთად უცხოეთში მქონდა გამგზავრება დაგეგმილი. ლენოს ერთ ჩანაწერში უწერია: დედა დასასვენებლად მიდის ივნისში, არ მინდა დასვენება გავუფუჭო და ჩავუშალო. რომ ჩამოვა, მერე გავაკეთებ იმას, რაც ჩაფიქრებული მაქვსო... არც წავსულვარ, ეს მანამდე მოხდა. ბათუმიდან რომ ჩამოვედით, მამამისთან კამათი მოუვიდა. მე საერთოდ არ მქონდა იმის მოლოდინი, რომ ეს სერიოზულ სახეს მიიღებდა. ასეთი კამათები მანამდეც ჰქონიათ. არაფერი განსხვავებული არ ყოფილა. მაღაზიაში ჩავიდა და ღამის 11 საათი იყო, არ ჩანდა, ტელეფონი ჰქონდა გათიშული, დაუჯდა. მაგაზე ჰქონდათ კამათი, ტელეფონი რომ გიჯდება, სახლში უნდა ამოხვიდე და გაგვაფრთხილო, რომ გიჯდება. გირეკავ, გამორთულია, სახლში არ ხარ, რა უნდა ვიფიქროთ, ვნერვიულობთო, გვაჯი ეჩხუბა.

ლენომ აღარ დაუთმო მამამისს, წამოუხტა, დაუყვირა. მე საქმეში ვიყავი, ბარგს ვალაგებდი, სარეცხი მქონდა და უცებ ვერ მივხვდი, ეს კამათი რატომ გაცხარდა და სხვა დონეზე როგორ გადავიდა.
უხეშად ელაპარაკა მამამისს და გვაჯიმ ხელი ჰკრა. მერე სანამ სტუდიაში წავიდოდა გვაჯი, გამოვიდა და გავიხედეთ, ლენო არსად ჩანდა და ორივემ, რატომღაც, აივნისკენ გავიხედეთ! სად არის ლენოო, დაიყვირა გვაჯიმ და ამ დროს ონკანის ხმა გავიგე აბაზანიდან. წინასწარ ელვასავით, გონებაში ამ ფაქტმა გაგვიარა. სახე წაეშალა გვაჯის, მე გავდივარ და ბავშვს შენ მიხედეო, მითხრა და წავიდა სტუდიაში.

ლენო დივანზე იჯდა, დავამშვიდე და ვთხოვე, რომ ნუ აყვები, ჯიბრში არ ჩაუდგე, ვიღაცამ უნდა დათმოს და შენ იყავი ის ვიღაც-მეთქი. ძალიან ნაწყენი იყო. როგორც მომექცა და მელაპარაკა, ვერ ვაპატიებ ვერასოდესო.
დღემდე არ მაქვს გადახარშული, როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება და როგორ მოიყვანა სისრულეში. ეს მარტივი არ არის. ტანსაცმელი დაკეცილი დატოვა, ფეხსაცმელი იქვე დაუდია.
აივნის შუშებზე გააკრა წარწერები - ანგელოზებს ფრენა შეუძლიათ. საძინებლის კარზე დამიწერა: დედა, ყველაზე მეტად მიყვარხარ და არ იდარდო, მე კარგად ვიქნები. დრო ჰქონდა. მოემზადა.

იმ დღეს არ აპირებდა, მაგრამ სცენარი დალაგებული ჰქონდა თავში, ალბათ, არ ვიცი.
ღამის 4 საათზე კარზე ბრახუნი რომ ატყდა, კარი გავაღე და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები რომ დავინახე, უკვე მივხვდი, რაც მოხდა. რაღაცნაირად ჩემმა ფსიქიკამ დაბლოკა ემოცია, იმიტომ, რომ 11 წლის ნინი იყო სახლში, რომელსაც ეძინა. ახლა ნინიმ არ უნდა გაიღვიძოს და ეს ყველაფერი არ უნდა ნახოს-მეთქი, გავიფიქრე. ეს სამუდამო ტრავმად დარჩებოდა.
ბავშვის საძინებლის კარი გამოვხურე. ტონისთვის არ ამიწევია, ისე ველაპარაკე პოლიციას. მივხვდნენ, რომ შოკური მდგომარეობა მქონდა. მთხოვეს ლენოს ფოტო მეჩვენებინა და ტელეფონის გალერიაში ნერვიულობისგან ფოტოს ვერ ვპოულობდი. ძლივს ვიპოვე. ვკითე, გარდაიცვალა-მეთქი? თავი დამიქნიეს...
იცით, შვილის სიკვდილის შიში მქონდა. ბებიას მესამე შვილი გარდაცვლილი ჰყავდა. მამიდაჩემი ცხრა თვის იყო სამედიცინო დაუდევრობის მიზეზით რომ გარდაიცვალა. ბებია ამ თემაზე რომ მესაუბრებოდა, მისი სიძლიერე მაოცებდა. ქალური ამტანობის და სიმტკიცის მაგალითი იყო. მთელი ბავშვობა ეს ფიქრი დამყვებოდა.
ერთხელ ბებიაჩემის კარადაში ვიქექებოდი და ყუთი ვიპოვე. შიგნით ბავშვის გასვენების ფოტოები იდო და ძალიან იმოქმედა ჩემზე. 11-12 წლის ვიქნებოდი. ბებიასთვის არ მითქვამს, რადგან ეს ყუთი დამალული იყო, ესე იგი, არ იყო მისი ნახვა საჭირო. ვითომ არ მინახავს. მაგრამ ეს ფოტოები კადრებად დაილექა და შიშში გადაიზარდა. ხმამაღლა არ მინდოდა ამის თქმა, თუმცა თავში ყოველთვის მქონდა.
ამაზე საშინელება ადამიანს არ უნდა დაემართოს. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და ტრაგედია ადამიანის ცხოვრებაში.
გვაჯის მოზარდობის დროს ჰქონია მსგავსი სუიციდური ფიქრები, მაგრამ ვერსადროს ვერ გადადგა ეს ნაბიჯი. ლენომ გაბედა და მაჯობაო, ამბობს.

- შვილის გარდაცვალების შემდეგ დაშორდით ერთმანეთს. ეს იყო მიზეზი?
- შვილის გარდაცვალება არ იყო დაშორების მიზეზი. ჩვენ მანამდეც გვქონდა პერიოდები, როდესაც ვშორდებოდით. მერე ვრიგდებოდით. მე მაშინ ჩემ თავზე მეტად გვაჯი მეცოდებოდა. ექსპრესიულია, ემოციებს გამოხატავდა და როდესაც მას ვუყურებდი, ცრემლი მერეოდა. მის გვერდში ყოფნა ძალიან რთული იყო. ჩემს თავზე მეტად მას დავტიროდი.
ახლა მედიტაციაშია და ამ დროს ასეთი უარყოფითი ენერგეტიკის სიტყვები - მეცოდება, მებრალება არ უნდა თქვა.
შენ რობოტივით იყავიო, მეგობრები მეუბნებიან. ჩემმა ფსიქიკამ იმ მომენტში რაღაცები დაბლოკა. არ ვიღებდი ამ ფაქტს. არ მქონდა მოთხოვნა - მაჩვენეთ ჩემი შვილი. იმ მომენტში რობოტი გავხდი. ტვინმა ბარიერი შექმნა, რომ შოკი არ გაღვივებულიყო და ემოციები შეაჩერა. იმ დროს ამბობდნენ, პომადა უსვია, ასე იჯდა, იქ იყოო. გარეგანი გამომეტყველება შინაგანის ანარეკლი არასოდეს არ არის.

- ისევ ნაწყენი ხარ ლენოზე?
- კი... ვცდილობ, რომ აღარ ვიყო ნაწყენი. გვაჯიმ მითხრა, ეს წყენა უნდა გაუშვა... შენ არ გინდა რომ გაუშვა, რადგან მერე დანაშაულის გრძნობა გექნება, რომ გაუშვიო და თითქოს ისე აღარ დარდობ... გექნება დანაშაულის გრძნობა, რომ ლენოს უღალატე...
მე იმედი მქონდა, რომ იმ პერიოდს გადალახავდა. სამი წელიც და დალაგდებოდა. ძალიან უნდოდა, რომ დიდი ყოფილიყო. მე ვეუბნებოდი, მოითმინე სამი წელი-მეთქი. წუწუნებდა, კლუბში არ მიშვებენო... ჩქარობდა, ცხოვრების მოსწრება უნდოდა.
- რა რჩევას მიცემდი მშობლებს?
- მე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ და ვერ ვურჩევ მშობელს, ასე უნდა გააკეთო და თუ ასე მოიქცევი, არაფერი მოხდება. მე ჩემ გამოცდილებას გავუზიარებ და ვიტყვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია კომუნიკაცია. შეტევაზე არ გადახვიდეთ, არ გადმოიბიროთ. მოუსმინეთ, რა უნდა. იქნებ მსმენელი აკლია, დაგროვილი აქვს და არც ისეთი მეგობარი ჰყავს, ვისაც ენდობა. მშობელმა შვილის ნდობა უნდა მოიპოვოს. დღეს აღარაა ისეთი ხიდჩატეხილობა მშობლებს და შვილებს შორის. ახლა სხვანაირად შეუძლია დედას შვილთან დაალაგოს ურთიერთობა.
მოკლედ, ჩემი გამოცდილებით, ყველაზე კარგი რჩევა იქნება, მოუსმინეთ შვილებს. შეიძლება არ ეთანხმებოდეთ, მაგრამ მის ემოციას რომ იზიარებთ, ეს მისთვის ბევრს ნიშნავს...


გააზიარე სტატია