Logo

სასარგებლო რჩევები

"ვცდილობდი ყველასთვის “კარგი ბიჭი” ვყოფილიყავი" - ფსიქოლოგი საკუთარ გამოცდილებაზე

"ვცდილობდი ყველასთვის “კარგი ბიჭი” ვყოფილიყავი" - ფსიქოლოგი საკუთარ გამოცდილებაზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დღეს, როცა სოციალური ქსელები საკუთარი თავის მუდმივ „პრეზენტაციად“ იქცა, ბევრისთვის ძალიან ნაცნობია შიში - როგორ შემაფასებენ, რას იტყვიან, მოვეწონები თუ არა სხვებს?
თითქოს მუდმივად ვცდილობთ, ვაკონტროლოთ შთაბეჭდილება, რომელსაც ვტოვებთ და ამ პროცესში ხშირად გვავიწყდება ყველაზე მთავარი - ვინ ვართ სინამდვილეში.

ფსიქოლოგი გოგა ამილიძე სწორედ ამ შინაგან კონფლიქტზე წერს: სურვილზე, ყველასთვის „კარგი“ ვიყოთ, ყველას მოვეწონოთ და არავისგან მივიღოთ კრიტიკა. მისი თქმით, ეს ხშირად ისე გაუცნობიერებლად ხდება, რომ ადამიანი საკუთარ ნამდვილ სურვილებსა და საჭიროებებს უკანა პლანზე სწევს. ფსიქოთერაპია კი შეიძლება გახდეს ის სივრცე, სადაც ადამიანი საკუთარ თავს უკეთ ხედავს, ამოიცნობს ძველ ქცევით პატერნებს და ნელ-ნელა სწავლობს, იცხოვროს არა სხვების მოლოდინებით, არამედ საკუთარი შინაგანი საყრდენით.

"თუ დაიწყებ იმაზე ფიქრს - როგორ აღმიქვამენ, რამდენად საინტერესოდ ჩამთვლიან ან/და როგორ “შემაფასებენ”, მაგ დროს დაკარგავ საკუთარ უნიკალურობას, ინდივიდუალურობას, შენს “ნამდვილ მე”- ს

პირადად მე, ყოველთვის ვცდილობდი ყველასთვის “კარგი ბიჭი” ვყოფილიყავი, ყველას მოვწონებოდი და ჩემზე ცუდი არავის ეთქვა. ეს ხდებოდა გაუცნობიერებლად და ამაში მიმდიოდა უდიდესი ენერგია...

როდესაც მოვედი თერაპიაში, მაშინ გავაცნობიერე, რომ “მე” კი არ ვცხოვრობდი, არამედ “გოგა” , რომელსაც ჩემი თავი “უკანა პლანზე” მყავდა გადაწეული და სხვების საჭიროებებს გაცილებით მეტ დროსა და ყურადღებას ვუთმობდი, ვიდრე საკუთარს.

ფსიქოთერაპიამ მომცა ის შინაგანი საყრდენი, რომ ვიყო ის, ვინც რეალურად ვარ და არა ისეთი როგორიც სხვას სურს რომ ვიყო. არაუშავს თუ არ მოვეწონები, მერე რა თუ “ცუდ ბიჭად” ჩამთვლიან, რა მოხდა თუ დამცინებენ, გამაკრიტიკებენ, განმსჯიან…

მიუხედავად მრავალწლიანი თერაპიული მუშაობისა, ხანდახან მაინც “შემომეპარება” ეს პატერნი, რომ “კარგად” აღმიქვან, მაგრამ განსხვავება ახლა ისაა, რომ შემიძლია დავაკვირდე, ამოვიცნო და შევცვალო ქცევა.

დაკვირვება გვიჩენს არჩევანის საშუალებას

თუ ვერ ვხედავ, ვერც დავაკვირდები, ხოლო თუ ვერ დავაკვირდი, ვერც ავირჩევ და ვიმოქმედებ “ავტომატურად”, ისე, როგორც დავისწავლე ადრეული ბავშვობიდან დღემდე," - ამბობს ფსიქოლოგი.

ავტორი: ზმნა

04/30/2026

გამოცდილებაგოგა ამილიძერჩევებიფსიქოლოგი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024