Logo

ინტერვიუ

"ვცხოვრობ, როგორც მინდა და სადაც მინდა. არაფერს შევცვლიდი!" - ტარიელ ხარხელაური 80 წლისაა

"ვცხოვრობ, როგორც მინდა და სადაც მინდა. არაფერს შევცვლიდი!" - ტარიელ ხარხელაური 80 წლისაა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ტარიელ ხარხელაური 80 წლის გახდა. ხევსური პოეტი იუბილარია და ეს საიუბილეო წელი, რუსთაველის თეატრიდან დაიწყება და მის გულშემატკივარს, გზადაგზა, სიურპრიზებს შესთავაზებს.

იუბილარმა "ზმნას"ემოციური ინტერვიუ მისცა. გაგვიმართლა, რადგან ამ გულიანი პოეტის ინტერვიუს ხშირად ვერ გადააწყდებით... უკვე ორი წელიწადია ტელეფონი არ აქვს, დროს მართმევსო, ინტერვიუში გვითხრა. თანაც დასძინა, რომ ეს ფუფუნება, მთაში წიგნებთან ყოფნის ფუფუნება - მეუღლემ შეუქმნა. ქალბატონ მარინას უმადლის მთავარსაც, იმას, რომ პოეტად შედგა და მთელი მისი შემოქმედება კრებულებად დაბინავებულია.

ტარიელ ხარხელაური: ეს 80 წელი როგორი ასაკია იცით? განვლილი ცხოვრების ანალიზისთვის ცოტა დრო გრჩება. როგორ იცხოვრე, რამდენად ღირსეულად იცხოვრე. ლექსი შენს სამსახურში ჩაიყენე თუ პოეზიას შენ ემსახურე?

იმას უნდა ეშინოდეს, ვისაც არაფერი გაუკეთებია. უკან მოხედვისა ვისაც ეშინია. მე ჩემს ზურგს უკან უზარმაზარი მარაგი მაქვს, უზარმაზარი სიყვარულის ტალღა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს წალეკავს.

მე თუ რამე გამიკეთებია, ეს მთლიანად მარინას დამსახურებაა. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე პოეზიისთვის არ მეღალატა. მე ვცხოვრობ, როგორც მინდა და სადაც მინდა.

ტარიელ ხარხელაური

- ეს ფუფუნებაა...

- მე ჩემი შრომით რაც მომყავს, ჩემი სარჩოც ის არის. ჩემი სამყოფია. ჩემთვის მისაღებია ნაყროვანება და არა - მაძღრობა. მე შემიძლია ყველით და პურით იოლად გავიდე. ჩემთვის მთავარია არა ყველი, პური და მწვანილი, არამედ გონებრივი ნაყროვანება. მთავარია გონებამ არ განიცადოს შიმშილი. ის არ იყოს დამშეული. გონებას საზრდო სჭირდება. საზრდოს წიგნიდან იღებ და არა ტექნიკიდან. ინტერნეტი გაზარმაცების საშუალებაა. შენ მზა მზარეული ინფორმაცია გაქვს. მარინამ მე იმის საშუალება მომცა, რომ მე წიგნთან დავრჩენილიყავი. მე ტელეფონი იმიტომ აღარ მაქვს, რომ ძალიან ბევრ დროს მართმევდა. ან წერის დროს დარეკავენ ან კითხვის დროს. რა მნიშვნელობა აქვს, ზარი ორივე დროს მაცდენს. როცა ვკითხულობ, ავტორთან მაქვს დიალოგი, როცა ვწერ - მუზასთან. შენ რომ ვაჟას, ან გოდერძის ესაუბრები და ამ დროს დაგირეკოს ტელეფონმა? რა ჭკუაზე დადგები? გახურებულ ფოლადს რომ ცივ წყალს გადაასხამ! გადავაგდე ტელეფონი. არ მჭირდება. ვისაც იმის გაგება უნდა, როგორ ვარ, მომაკითხოს სახლში. შორი არ არის...

- უკან რომ მოიხედავთ ბედნიერი ხართ?

- ბედნიერი ვარ.

- მიუხედავად ყველაფრისა?

- მიუხედავად ყველაფრისა. და ანალოგიურ გზას გავივლიდი. არაფერს არ შევცვლიდი! ასეთმა სიარულმა მომცა ხალხის ამდენი სიყვარული. ეს არის ჩემთვის მთავარი. მინდა მთელი სამყაროსთვის იყოს მთავარი - სიყვარულით იარონ!

- რას მიაწერდით იმას, რომ ნაკლებად მოდიან დღეს თქვენნაირი ნამდვილი, გულწრფელი პოეტები...

- ნაკლებად არ მოდიან, არიან, მაგრამ დროში დაიფანტნენ. სხვა მორევში ჩაიძირნენ და ძალა არ ეყოთ. მე მთამ და სოფელში ცხოვრებამ გადამარჩინა. მე გადამარჩინა საკუთარ თავთან მარტოდ ყოფნამ. საკუთარ თავთან დიალოგმა. ბრალს სხვას არასდროს ვდებ. ჯერ საკუთარ თავს ვეტყვი, შენ იმაზე უკეთესი ხარ? ვინ მოგცა უფლება სხვა განიკითხო? ადამიანში ნაკლს არ ვეძებ, ვეძებ სიყვარულით სავსე გულს. ხან ვგრძნობ, როგორ აკლდება სითბო გულს. გულს მეორე გულის სიახლოვე სჭირდება, რომ გათბეს. ენერგია იგრძნოს. ასფალტზე მე ამ ენერგიას ვერ ვგრძნობ. მიწაზე და ბალახზე რომ დავდგამ ფეხს, ენერგიით ვივსები. სხვანაირი კაცი ვარ...

ტარიელ ხარხელაური

P.S. მოდით, ამ სხვანაირ კაცს გაუმარჯოს და მრავალჟამიერი ვუსურვოთ. დიდხანს სიცოცხლე, ბატონო ტარიელ! გვიყვარხართ!

***

პოეტის ძალზედ ემოციურ ინტერვიუს წაიკითხავთ ამ ბმულზე გადასვლითაც

"როცა ჩემ შვილთან მივალ, მისთვის პასუხის გაცემა მომიწევს..."

ავტორი: თამარ გონგაძე

12/10/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024