Logo

ყველაფერი ბავშვებზე

"ყელის ტკივილი ყოველთვის ანგინას არ ნიშნავს" - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი გვირჩევს

"ყელის ტკივილი ყოველთვის ანგინას არ ნიშნავს" - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი გვირჩევს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბავშვებში ხშირად განმეორებადი ყელის ტკივილი, მშობლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ჩივილია. თუმცა ერთი და იგივე სიმპტომის უკან ყოველთვის ერთი მიზეზი არ დგას და არც ყოველი ეპიზოდი საჭიროებს ანტიბიოტიკით მკურნალობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორად ამოვიცნოთ როდის გვაქვს საქმე ჩვეულებრივ ვირუსულ ინფექციასთან და როდის მოითხოვს მდგომარეობა დამატებით კვლევას ან სპეციალისტის ჩართვას.


პედიატრი ინგა მამუჩიშვილი განმარტავს, რა შეიძლება იწვევდეს ბავშვებში ხშირ ყელის ტკივილს და რომელ ნიშნებს უნდა მიაქციონ მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება.

ინგა მამუჩიშვილი


ბავშვებში ხშირი ყელის ტკივილი ყოველთვის "ხშირ ანგინას“ არ ნიშნავს. ყველაზე ხშირი მიზეზები ვირუსული ინფექციებია, განსაკუთრებით ბაღისა და სკოლის ასაკში. ასევე უნდა ვიფიქროთ A ჯგუფის სტრეპტოკოკულ ფარინგიტზე/ტონზილიტზე, ადენოიდების გადიდებისა და ცხვირით სუნთქვის გაძნელების გამო პირით სუნთქვაზე, ალერგიულ რინიტსა და პოსტნაზალურ ჩანადენზე, მშრალ ჰაერზე და გამღიზიანებლებზე; ზოგჯერ მიზეზი შეიძლება იყოს რეფლუქსიც.

ბავშვი


თუ ეპიზოდები ხშირად მეორდება, მნიშვნელოვანია არა უბრალოდ ყოველ ჯერზე ანტიბიოტიკის დანიშვნა, არამედ მიზეზის გარკვევა. ექიმმა უნდა შეაფასოს ნუშურები, ცხვირით სუნთქვა და კისრის ლიმფური კვანძები. სტრეპტოკოკზე ეჭვისას, სასურველია სწრაფი სტრეპტოტესტი ან ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. ანტიბიოტიკი სიროა დადასტურებული ან მაღალი ალბათობის ბაქტერიული ინფექციისას და არა ჩვეულებრივი ვირუსული ფარინგიტის დროს.

ბავშვი

სახლში მოვლისას, ბავშვისთვის ძირითადად საკმარისია სითხეები, ასაკის შესაბამისი ტკივილგამაყუჩებელი/სიცხის დამწევი, ოთახის ნორმალური ტენიანობა... უფროსი ასაკის ბავშვებში სასურველია თბილი მარილიანი წყლით გამოვლება.

"იმუნიტეტის ასამაღლებელი“ პრეპარატები და პროფილაქტიკური ანტიბიოტიკები გამოსავალი არ არის.
თუ ყელის ტკივილს თან ახლავს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, ნერწყვის ყლაპვის შეუძლებლობა, გამოხატული ცალმხრივი შეშუპება/ტკივილი, გაუწყლოება ან ბავშვის მძიმე საერთო მდგომარეობა, საჭიროა სწრაფი სამედიცინო შეფასება.

ბავშვი

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: თუ დადასტურებული ტონზილიტები მართლაც ძალიან ხშირია, აუცილებელია ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია და ეპიზოდების დოკუმენტირება-რამდენჯერ იყო ეპიზოდი წელიწადში, ჰქონდა თუ არა სიცხე, ჩირქოვანი ნადები, დადებითი სტრეპტოტესტი, სუნთქვის აპნოე ძილში, ართრალგიები და ოსსალგიები...

სწორედ ამ მონაცემებით წყდება, სჭირდება თუ არა ბავშვს დამატებითი კვლევა ან იშვიათ შემთხვევაში ტონზილექტომიის განხილვა!" - გვირჩევს პედიატრი.

ავტორი: ზმნა

08/12/2026

ანგინაანტიბიოტიკიბავშვებშიექიმიინგა მამუჩიშვილიყელის ტკივილი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024