ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის მძიმე, თუმცა უაღრესად მნიშვნელოვან თემას შეეხო ფსიქოლოგი მაია ცირამუა პოდკასტში „მამების დრო".
საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ ოჯახის წევრების - მამის, ბაბუის თუ სხვა ახლობლების მხრიდან განხორციელებული სექსუალური ხასიათის ქმედებები საკმაოდ ხშირია და რაც უნდა გასაკვირი იყოს, მოძალადე ზოგჯერ ბიოლოგიური მამაც კი აღმოჩნდება ხოლმე.
ფსიქოლოგი ამბობს, რომ მსგავსი გამოცდილება ბავშვისთვის უდიდესი ზიანის მომტანია, რაც ხშირად თაობებს შორის ტრავმის გადაცემითა და უმძიმესი ფსიქოლოგიური შედეგებით სრულდება.
მისი განმარტებით, ტრავმის ჯაჭვის გასაწყვეტად და მსხვერპლის სრულფასოვანი რეაბილიტაციისთვის არა მხოლოდ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, არამედ დროული და მკაცრი სამართლებრივი რეაგირებაა აუცილებელი.
"ძალიან ბევრი ყოფილა ძალადობა მამისგანაც, ძმისგან, ბაბუისგან... და იცით, რატომ არის სამართლებრივად ჩარევა ძალიან მნიშვნელოვანი? ეს ყველამ კარგად უნდა გაიაზროს.
იმიტომ, რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც გოგონა მამისგან გარყვნილი ქმედების მსხვერპლი ხდება (არა გაუპატიურების, თუმცა ამას აბსოლუტურად არა აქვს ბავშვისთვის მნიშვნელობა. დამაზიანებელია ნებისმიერი ასეთი ქმედება, ნებისმიერი სექსუალური შეხება ბავშვის სხეულთან, მით უმეტეს ოჯახის წევრის და მით უმეტეს, მამის მიერ) და ეს ფაქტი არ გახმაურდა. ძალადობის ამბავი ამ ოჯახში მოიხარშა, დედამდე არ მივიდა და ატარა ამ ადამიანმა მთელი ცხოვრება...
და მერე აღმოჩნდა მსხვერპლი მისი ოჯახის სხვა წევრი, მისი შვილი...
ამიტომ, როდესაც ოჯახში არის ასეთი შემთხვევა, თუ გვიწევს, რომ ეს ჯაჭვი გაწყდეს, აუცილებელია სამართლებრივი რეაგირება.
ხშირად გაგვიგონია - „მამაა და ხომ ვერ ვიტყვი“, „დედაჩემი მოკვდება, გადაჰყვება ამ ამბავს"...
ბევრი ბარიერი არსებობს და ეს გასაგებია, მაგრამ იმისთვის, რომ არ მოხდეს აი ამ ქმედების თაობიდან თაობაზე გადატანა, აქ სამართლებრივი რეაგირება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ზოგადად, ადამიანისთვის, რომელსაც მეორე ადამიანმა ზიანი მიაყენა, მისი რეაბილიტაციისთვის, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია სამართლებრივი რეაბილიტაცია.
თუ ეს ორივე ტიპის რეაბილიტაცია(ფსიქოლოგიური და სამართლებრივი) ერთობლივად ხდება, ჩვენ გავდივართ ძალიან კარგი შედეგზე," - ამბობს ფსიქოლოგი.
07/23/2026