Logo

"ყველა ბავშვი ვერ იქნება ყველა საგანში წარმატებული და ეს პრობლემა არ არის“ - ფსიქოლოგის რჩევა მშობლებს

"ყველა ბავშვი ვერ იქნება ყველა საგანში წარმატებული და ეს პრობლემა არ არის“ - ფსიქოლოგის რჩევა მშობლებს

09/20/2026

ტექსტის ზომა

ყველა ბავშვი ვერ იქნება ყველა საგანში წარმატებული და ეს პრობლემა არ არის. ერთს მათემატიკა გამოსდის უკეთ, მეორეს ენები, მესამემ კი შესაძლოა საკუთარი შესაძლებლობები სულ სხვა სფეროში გამოავლინოს.

მიუხედავად ამისა, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად მშობლების ყურადღება ხშირად ისევ ნიშნებზე, მაღალი შეფასებების მიღებასა და აკადემიურ წარმატებაზე გადადის.

რამდენად სწორია ბავშვის შესაძლებლობების მხოლოდ ნიშნებით შეფასება და რა შეიძლება გამოგვრჩეს, როდესაც მისგან ყველა საგანში ერთნაირ შედეგს ვითხოვთ?

ფსიქოლოგი და ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე მშობლებს ურჩევს, შვილების ინდივიდუალური უნარები და ინტერესები უკეთ დაინახონ და სწავლა მხოლოდ მაღალი ნიშნების მიღების პროცესად არ აქციონ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ბავშვს საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენასა და იმ გზის პოვნაში დავეხმაროთ, სადაც საკუთარ შესაძლებლობებს ყველაზე სრულად გამოავლენს.

გიოგრი ლობჯანიძე

"მოკლედ, სკოლებში სწავლა დაიწყო რამდენიმე დღეა და არ შემიძლია ამ მეტად მნიშვნელოვან თემას რომ არ შევეხო: ჩემი რჩევა იქნება, რომ ბავშვებს არ ასწავლოთ მხოლოდ ნიშნებისთვის!

განათლება არ არის ჭურჭლის ავსება, განათლება ცეცხლის დანთებაა.

თუ ბავშვს არ გამოსდის რომელიმე საგანი, იქნება ეს მათემატიკა თუ ისტორია … არაა აუცილებელი რომ დავასკვნათ გონება აკლია. არამედ, ეს ნიშანია იმისა, რომ მისი სამყარო სხვა სიბრტყეში იქმნება და სულ სხვა ნიჭები აქვს.

გამოდით იმ აზრებიდან რომ ყველას უნდა შეეძლოს ჩამოთვლილი საგნების ათვისება. რის და რამდენი ნიჭიც აქვს ადამიანს იმდენს გააკეთებს, მთავარია სიზარმაცეს ძლიოს და იყოჩაღოს.

გახსოვდეთ, რომ განათლების მიზანი სიბრძნეა, სიბრძნე კი გულისხმობს არა მხოლოდ იმას, თუ როგორ იაზროვნო, არამედ, იმის შეგრძნებას, თუ როგორ იცხოვრო!

,,რაღაცის” სწავლა არის ერთგვარი უნარი, რაც ან გაქვს ან არ გაქვს! როგორც ვიღაცას დაკვრის და სიმღერის უნარი აქვს ან პირიქით, არ აქვს, ასეა საგნებზეც! არიან ადამიანები, რომლებიც ითვისებენ საგნებს, აქვთ ამის ნიჭი, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ ყველა მათგანი არ გამოდის შემდგარი ბრძენი.

შეიძლება ოქროს მედალზე დაამთავრო სკოლა და სულიერად უღარიბესი იყო!

ამიტომ ვამბობ ხშირად, რომ წიგნიერებასა და განათლებას შორის დიდი სხვაობაა! შენ შეიძლება ადვილად ითვისებდე საგნებს და იყო ნაკითხი, მაგრამ, ამავდროულად, სუპერ გაუნათლებელი! და შესაძლოა არ იყო ნაკითხი, თუმცა გქონდეს შინაგანი ნათელი!

ვერ აიძულებთ თევზს ფრენას და ფრინველს ცურვას! ბავშვის უნიკალურობის დანახვა აღზრდის უმაღლესი ხელოვნებაა!

ამიტომ, თქვენი შვილები უკეთ გაიცანით! გაიგეთ მეტი მათი შინაგანი სამყაროს შესახებ და მიეხმარეთ საკუთარი თავის პოვნაში და არა მხოლოდ მედლების მოპოვებაში!

ბედნიერ წელს გისურვებთ ყველა მშობელს და ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს!" - გვირჩევს ფსიქოლოგი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

ბავშვიგიორგი ლობჯანიძენიშნებისკოლაწარმატება
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026