ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ხიზირ დერბიჩევის ისტორიამ ისევ შეგვაფხიზლა და დაგვაფიქრა ადამიანები. ლეგენდასავით ისტორიაა, არადა, ახლა მოხდა, ადამიანურად ცივ, რობოტულ საუკუნეში.
8 წლისაც არ იყო მეგობრის დასახმარებლად მდინარეში რომ გადაეშვა. აქ მთავარი ის არის, რომ ცურვა არ სცოდნია, მაგრამ იცოდა მთავარი - გასაჭირში რომ მიხმარებოდა თანატოლს, მეგობარს, მოყვასს...
პატარა ბიჭი წყალმა წაიღო. მდინარე სუნჯამ რამდენიმე კილომეტრი ატარა. ნეტა, რას ფიქრობდა პირველ წამებში, პატარა გული შიშმა როგორ აუვსო... რამ გაურბინა მეხსიერებაში? როგორ ჩახედა სუფთა თვალებით სიკვდილს?...
დაიწერა - წმინდა ხიზირი (ალ-ხიდრი) ისლამურ და აღმოსავლურ ტრადიციებში ზღვებს, მოგზაურებსა და მეზღვაურებს მფარველობსო. ის ხშირად განიხილება როგორც ბრძენი, უკვდავი მეგზური, რომელიც წყალზე განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარებაო.

როგორი დამთხვევაა. ამ სიტყვის გამოყენება გვიყვარს ადამიანებს, მაგრამ დამთხვევით და შემთხვევით, არაფერი ხდება ამ მზის ქვეშეთში. პატარა ხიზირს თავისი დიდი მისია ჰქონია: ათი ათასობით ადამიანი შეკრიბა, ერთ ჯაჭვად შეკრა და დააფიქრა, რომ ადამიანობა ისევ მთავარია, სიკეთისთვის თავგანწირვა ისევ ღირებულია, კაცი - კაცისთვის ხიდია, მოყვასი ისევ უპირატესია!
თურმე, ზოგჯერ, ყველაზე დიდი გამბედაობა ყველაზე პატარა გულებში იმალება.
8 წლის, მერე გახდა ხიზირი, როცა უკვე მის შესახებ მთელმა მსოფლიომ შეიტყო, როცა პატარა ინგუში გმირის მოსაძებნად მუსულმანებთან ერთად, ქრისტიანებიც დაირაზმნენ. უფლისთვის რომ ყველა ერთნი ვართ, ამ სურათის შემხედვარე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.

პატარა მამაც ინგუშ ბიჭზე ჩვენი პატრიარქის ინგუში შვილობილი გამახსენდა. თავისი გაუგონარი ისტორიით, ამინ შადიჟევმაც ხომ ყველას შეგვაყვარა თავი. მუსულმანი ბიჭი, რომელიც უწმინდესთან ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად შედიოდა, სადილობდა, გვერდით ეჯდა, მხრცოვან პატრიარქს თავისი ხელითაც აჭმევდა... და ეხუმრებოდა. ილია მეორეც მასთან უჩვეულოდ გახსნილი და შინაურული ხდებოდა...

ამინმა"ზმნასთან" პატარა გმირ თანამემამულეზე ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, თავის თანამოძმეებთან ერთად, ისიც ამ მასშტაბურ სამძებრო სამუშაოებში იყო ჩაბმული და პატარა ხიზირის გამოჩენას ნატრობდა...
ამინ შადიჟევი: მდინარე სუნჯასგან, სადაც მთელი ეს დღეებია სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, 15 კილომეტრში ვცხოვრობ. რა თქმა უნდა, იქ ვიყავი თანამოძმეებთან ერთად. ჩვენ ყველა ვეძებდით ამ გმირ ბიჭუნას.
- ამინ, შეგიძლიათ გვითხრათ, ამ ტრაგიკულ და უპრეცედენტო სიტუაციაში რას გრძნობდით? რა ფიქრები დაგტრიალებდათ?
- იქ ყველას ერთი რამ გვამოძრავებდა, ერთ მიზანს ვიყავით მოჭიდებული - ნებისმიერ ფასად გვეპოვნა ბიჭუნა, ყველა ჩვენგანის გული ტიროდა. უსიტყვოდ, გამშრალი ვმოქმედებდით.


- ამინ, ამ უმძიმესი ისტორიის შეფასება როგორ შეგიძლიათ?
- ყველაფერი უფლის ნებაა. იმ ადგილას ყოველთვის ხალხია, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, მაგრამ ბიჭუნა დინებამ ქვევით სწრაფად წაიღო...
ძალიან ძნელია ამ ტრაგედიაზე საუბარი.
ხიზირი გმირია. ის კავკასიის გმირია! ამ პატარა ბიჭმა ერების შეკრება შეძლო, მოახერხა ის, რაც პრეზიდენტებმა ვერ შეძლეს. როგორც უწმინდესმა შეძლო მთელი ერის გაერთიანება (უფალმა გაანათლოს მისი სული), ზუსტად ასევე შეძლო ხიზირმა. მან ხალხი ერთ მუშტად შეკრიბა...

- რატომ გვივლენს ასეთ ტრაგედიას უფალი?
- რაც ხდება, ყველაფერი ჩვენი უკეთესობისკენ შესაცვლელად ხდება. ღმერთს ადამიანების, ერების გასაერთიანებლად, მსხვერპლი სჭირდება, ერებს შორის მშვიდობის დასამყარებლად სურს ასე. ღმერთი გვაფხიზლებს, რომ მეტად შევიყვაროთ უფალი, მეტად გვეშინოდეს მისი და მისი სახელით, ძლიერად გვიყვარდეს ერთმანეთი.
- რა საოცარია, რომ ამ პატარა გმირს წმინდა ხიზირის სახელი ჰქვია, რომელიც წყალში განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარება...
- უწმინდესს კისერზე სამების მედალიონი ეკიდა და მახსოვს, მკითხა - გვყავდა თუ არა ჩვენ წმინდანები... დიახ, გვყავს ასეთი წმინდანი. როგორც თქვენი სამების ხატია, ისევეა გამოსახული წმინდა ხიზირიც სხვა წმინდანთან ერთად.
ასევე დაგაინტერესებთ:
"ახლა ვხვდები, ძლიერად ეშინოდა, რომ მასთან აღარ დავბრუნდებოდი" - პატრიარქის შვილობილის ინტერვიუ
06/24/2026