Logo

საზოგადოება

"ყველას ეუბნება, რომ მისი შვილი ვარ" - როგორ "იშვილა" ცნობილმა ამერიკელმა ვოკალის პედაგოგმა ალექსანდრე ზაზარაშვილი

"ყველას ეუბნება, რომ მისი შვილი ვარ" - როგორ "იშვილა" ცნობილმა ამერიკელმა ვოკალის პედაგოგმა ალექსანდრე ზაზარაშვილი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მას საზოგადოება სხვადასხვა მუსიკალური პროექტიდან იცნობს. პატარა, ემოციური, ბუთქუნა ბიჭი ხალხმა მალევე შეიყვარა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. იმდენად მიზანდასახული და სიმღერის მოყვარულია, რომ თორმეტი წლის ასაკში, ამერიკაში ცხოვრების შანსი ხელიდან არ გაუშვა და თავისი მიზნებისა და ოცნებების ასახდენად, სამშობლოსგან და ოჯახისგან შორს დასახლდა.

ნომერ პირველი ოცნება, ამერიკაში ერთ-ერთ საუკეთესო მენტორთან ემუშავა, უკვე აიხდინა. წინ კიდევ ბევრი ოცნება აქვს, რომელსაც ასეთი შემართების ადამიანი, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად აიხდენს.

ალექსანდრე თავისი ამერიკული ცხოვრების შესახებ „ზმნას“ უყვება.

ალექსანდრე ზაზარაშვილი

ალექსანდრე ზაზარაშვილი: სამი წლიდან ვმღერი. ტელევიზორში რომ მღეროდნენ, ყოველთვის ვყვებოდი. ერთ დღესაც, დედამ ჩემს დასთან, რეპეტიციაზე დასასწრებად წამიყვანა, რომელიც გუნდში მღეროდა. ბავშვებს ვუსმენდი და ავყევი, მასწავლებელმა გაიგონა, მოეწონა ჩემი ხმა და დედას უთხრა, წკრიალა ხმა აქვს და მასში მომღერლის პოტენციალს ვხედავო. სმენაც შემიმოწმეს და სამი წლისა გუნდში დამაყენეს.

სამიდან ექვს წლამდე ქართულ ხალხურ სიმღერებს ვმღეროდი გუნდთან ერთად. კონკურსებზე ყველაზე პატარა მონაწილე მე ვიყავი. პირველი ფესტივალი იყო „ოქროს თევზი“, სადაც მონაწილეობისთვის დიპლომი და მედალი გადმომცეს, ისე გამიხარდა ხელს არ ვუშვებდი. ექვსი წლიდან გუნდს გამოვეყავი და საესტრადოზე გადავედი. ცხრა წლის ასაკში ბულგარეთში გრან-პრი ავიღე. იყო ასევე ესპანეთის, იტალიის და სხვა ქვეყნების კონკურსები, სადაც გრან-პრის თუ ვერა, პირველ ადგილს მაინც ვიღებდი. როდესაც ბავშვი ხშირად გაგყავს კონკურსებზე, სხვანაირი ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება. ამ ასაკში, ვერცერთი ბავშვი ვერ იქნება სრულად მზად ამხელა დატვირთვისთვის. კონკურსებს ყოველთვის ახლავს სტრესი. კარგი იქნება, ბავშვებს წინასწარ თუ მოამზადებენ პედაგოგები და მშობლები, რომ ნაკლებად სერიოზულად შეხედონ ქულებს და ადგილებს, რომ რეალობის მიღება არ გაუჭირდეთ. თორემ ისე, რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა იმუშაონ და დიდი ამაგი ჩადონ.

ალექსანდრე ზაზარაშვილი

პირველი სატელევიზიო პროექტი, სადაც გამოვჩნდი „ნიჭიერი“ იყო. „ნიჭიერის“ ქასთინგებზე ექვსი წლიდან ცხრა წლის ჩათვლით, ყოველ წელს მივდიოდი, არ მოვეშვი, ბოლოს გამიმართლა და ამიყვანეს. ქართულ პროექტებში, როგორი სიმღერებიც მე მინდოდა, სადაც ვიცოდი, რომ ჩემი შესაძლებლობები უფრო გამოჩნდებოდა, არ მამღერებდნენ. ამის გამო ბევრჯერ მიტირია. ამიტომ, მათი შერჩეული სიმღერა, "რაღაცას" რომ დამსგავსებოდა, ჩემი ინტერპრეტაციით ვმღეროდი.

უკრაინული „ვოისი“

დღემდე ყველაზე დიდ გამარჯვებად 12 წლის ასაკში, ამ კონკურსში მოპოვებულ გამარჯვებას ვთვლი. იმდენად მიჩვეული ვიყავი პროექტებიდან გულის ტკენებს, ჩემი შესაძლებლობების გამოჩენის საშუალებას რომ არ მაძლევდნენ, როცა მკითხეს რას იმღერებო, არ მინდოდა მეთქვა, რადგან “All by myself”-ს მაინც არ მამღერებენ-მეთქი, ვფიქრობდი. მაგრამ გავბედე და ვუთხარი, მამღერეს და მაგ სიმღერით გავედი.

ალექსანდრე ზაზარაშვილი

ქართული პროექტებისგან განსხვავებით, საზღვარგარეთ ყოველთვის გაძლევენ იმის საშუალებას, რომ სიმღერები შენ თვითონ ამოარჩიო. ასევე რაც ძალიან მომეწონა ის იყო, რომ სანამ აგვიყვანდნენ და ოფიციალურ დასტურს მოგვცემდნენ, ფსიქოლოგთან კონსულტაცია, აბსოლუტურად ყველა ბავშვმა გაიარა. რომ არ გაიმარჯვო, რა რეაქცია გექნებაო და სხვა მსგავსი კითხვები დამისვეს, რათა შეეფასებინათ, ამ ყველაფრისთვის ფსიქოლოგიურად რამდენად მზად ვიყავი.

დიდი სურვილი მაქვს საქართველოში ჩავატარო კონკურსი, სადაც ნიჭიერ ბავშვებს ვიპოვი და განვითარებაში დავეხმარები. იმდენი რაღაც მაქვს ნასწავლი, რომ მინდა მიღებული გამოცდილება ბავშვებს გადავცე. როცა ამ ყველაფერს გავაკეთებ, შესაბამის ზომებს მივიღებ, რომ ბავშვის ფსიქოლოგიური მხარე დაცული იყოს და ეს სწავლება უფრო მეტად სახალისო იყოს, ვიდრე - სტრესული.

- ალექსანდრე, უკრაინული „ვოისიდან“ მალევე, 12 წლის ასაკში მამასთან ერთად, საცხოვრებლად ამერიკაში გადახვედი. რატომ მოგინდა პატარა რუისელ ბიჭს, ასე ძალიან შორს წასვლა? რა მიზანი გქონდა?

- უკრაინულ „ვოისში“ აღმომაჩინეს, კონტრაქტი დავდეთ, რომ ამერიკაში, ერთ-ერთ პროქტში უნდა მიმეღო მონაწილეობა, წასვლის მიზეზი თავიდან ეგ იყო. 2020 წლის 4 მარტს, როცა ამერიკაში ჩავფრინდით, კოვიდის გამო ყველაფერი დაიკეტა. ლოს-ანჯელესში რომ წავსულიყავით, იქ ჩავრჩებოდით, ამიტომ აღარ გავფრინდით. ამის შემდეგ ან საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი, სადაც ვიზაზე ვადა გამივიდოდა და არ ვიცოდი, კიდევ როდის მომეცემოდა წამოსვლის საშუალება, ან აქ უნდა დავრჩენილიყავით და საბუთებზე შემეტანა განცხადება, რის აღებასაც წლები დასჭირდებოდა.

საქართველოში დავრეკეთ, ჩემს ოჯახს, დედაჩემს რჩევა ვკითხე, როგორ მოვიქცეთ-მეთქი. დედაჩემმა ასეთი რამ მითხრა, მთელი ცხოვრება იმისთვის ვწვალობთ, შენ რომ წარმატებას მიაღწიო, ამიტომ შენი წარმატებისთვის რაც არის საჭირო, სჯობს ის გააკეთო და დარჩეო. ამერიკაში წასვლა ფილმებიდან, თუ ჩემი საყვარელი მომღერლების ვიდეოებიდან გამომდინარე, ყოველთვის მინდოდა. ოცნებად მქონდა კარიერა სწორედ ამ ქვეყანაში გამეკეთებინა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი

- 12 წლის ბავშვისთვის დედის, ოჯახის, მეგობრების, მშობლიური კუთხის დატოვება მარტივი არ არის. არ გაგიჭირდა? რისი ნოსტალგია ჰქონდა პატარა ემიგრანტ ბიჭს?

- გამიჭირდა, განსაკუთრებით დედაჩემის გარეშე ცხოვრება. ყველაფერი მენატრებოდა, სახლი, ოჯახის წევრები, ჩემი კლასელები. სიზმარში ვნახულობდი ხოლმე მათ. საერთოდ, ჩემი ცხოვრება მენატრებოდა. ერთი პერიოდი ისე გამიჭირდა, ოღონდ აქედან წავიდე-მეთქი, ვფიქრობდი. მერე გადავლახე ეს მონატრება. ძალიან დიდ სითბოში გავიზარდე, დეიდები, ბებია, ბაბუა, ყველა უთბილესი ადამიანები არიან. იმხელა სიყვარულია ჩვენს ოჯახში, რომ რა ვიცი. ასეთ გარემოში რომ იზრდები და ერთხელაც ამ ყველაფერს შორდები და სრულიად უცხო ქვეყანაში, თან პანდემიის დროს, ახალი ცხოვრება უნდა დაიწყო, თანაც მაშინ, როდესაც გარდატეხის ასაკი გეწყება და ხმა გეცვლება, ეს იყო ერთ პერიოდში ჩაქსოვილი ყველანაირი კატასტროფა. იმდენად მტკიოდა ეს ყველაფერი, წლების განმავლობაში ოჯახის მიმართაც გავცივდი. ექვსი წლის შემდეგ რომ ჩამოვედი, გაუცხოვება მქონდა. მერე ნელ-ნელა შევეჩვიე. ახლა ისე ვარ, როგორც ადრე. ორი სახლი მაქვს, ერთი აქ, ერთი - ჩემს საქართველოში.

- საზოგადოებამ პატარა, ემოციური ბუთქუნა ბიჭი გაგიცნო და შეგიყვარა. დღეს უკვე 19 წლის, წარმოსადეგი გარეგნობის მომღერალი ხარ. რა დგას ამ ტრანსფორმაციის უკან?

- შინაგანად ჩემი თავის სურათი ყოველთვის მქონდა წარმოდგენილი, თუ როგორი მინდოდა ვყოფილიყავი რაღაც ასაკში. ამ მიზნისკენ სულ მივისწრაფვოდი. დავიწყე დიეტა, ვარჯიში, დაახლოებით თხუთმეტი კილო დავიკელი.

ალექსანდრე ზაზარაშვილი

ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი. მუდმივად საკუთარი თავის ძიებაში ვარ. ყოველთვის რაღაცას ვეძებ, ყოველთვის რაღაცას ვიცვლი. ჯერ არ მიპოვია ის, რასაც დავჯერდები და გავჩრდები, ცოტა ეჭვი მეპარება საერთოდ როდესმე ვიპოვო. სულ სიახლეების მაძებარი ტიპი ვარ. ყველაზე ხშირად ექსპერიმენტებს თმაზე ვატარებ.

ალექსანდრე ზაზარაშვილი

- შენი სრული თინეიჯერობის პერიოდი ამერიკაში გაატარე. მოგვიყევი ამ პერიოდზე და ზოგადად, რა განსხვავებაა ამერიკელ და ქართველ თინეიჯერებს შორის?

- თინეიჯერობის ასაკთან ერთად, ხმის გარდატეხის, ე.წ. მუტაციის პერიოდი დამეწყო. მეგონა, რომ ხმას ვკარგავდი. ჩემებთან საქართველოში, თითქმის აღარ ვლაპარაკობდი, რადგან სულ მუსიკაზე მეკითხებოდნენ, მე კი, ამაზე ლაპარაკი არ მინდოდა. მერე წონაშიც მოვიმატე ნერვიულობისგან და სტრესული ჭამისგან, თან ამერიკული საკვები, თან კოვიდი და რა ვიცი, საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე.

ალექსანდრე ზაზარაშვილი

მერე უცებ რაღაც მომენტში ტვინი გადამიტრიალდა და რაც არის, არის, მე ჩემსას მაინც გავაკეთებ-მეთქი და დავიწყე ვარჯიში, მეცადინეობა, ისევ გავაქტიურდი სიმღერაში. ჩემი თავი აზრზე მოვიყვანე.

ამერიკაში ისეთ ასაკში ჩამოვედი, რომ ადაპტირება ადვილად მოვახდინე. ბევრი რამ გამოვიარე. ბევრნაირი ადამიანი შემხვდა, ძალიან კარგიც და ძალიან ცუდიც. ამ ყველაფერმა ადამიანურად ჩამომაყალიბა. ადრე ალალად ყველას ვეხუტებოდი, ახლა ჩემი ლიმიტები და ბარიერები მაქვს ხალხთან.

ყველაზე დიდი განსხვავება ამერიკასა და საქართველოს შორის რაც არის, ეს ურთიერთობებში ვლინდება. ჩვენთან უფრო მეტი სითბოა, მეგობრობა, სიახლოვე უფრო იციან, მეტი გვერდში დგომაა. ამერიკაში მეტი თავისუფლება ნამდვილად არის, რისკენაც მიისწრაფვიან თინეიჯერები, მაგრამ ჩემი აზრით, ადამიანი შინაგანად უნდა იყოს თავისუფალი, არა მგონია, ქვეყანას ჰქონდეს მაგხელა ზეგავლენა ადამიანზე. შეიძლება საქართველოში ბევრად თავისუფალი იყო, ვიდრე - აქ. ასე ვერ იტყვი, რაღაც ლიმიტები არის, რასაც სოციუმი გიწესებს, მაგრამ ადამიანზეც არის დამოკიდებული, როგორი შინაგანი მიმღებლობა აქვს.

- როგორია შენი ერთი დღე?

- ბრუკლინში ვცხოვრობ. ყოველდღე ექვს საათზე ვიღვიძებ, პირდაპირ სავარჯიშოდ მივდივარ. თუ დრო მაქვს რომ ვიცურაო, მაშინ ვცურავ, თუ არადა, საღამოს დავრბივარ. ორიდან ოთხ საათამდე დროს სწავლას ვუთმობ. ძალიან მაინტერესებს სოციალური მედიის მარკეტინგი. ვებ საიტებს ვაწყობ ხოლმე. შემდეგ მივდივარ სტუდიაში მანჰეტენზე, რომელიც ჩემი სახლიდან ოცდახუთი წუთის სავალზეა. ვმუშაობ კანიე ვესტის პროდიუსერთან ერთად. ამ სტუდიაში ბევრ ცნობილ ადამიანს ჩაუწერია სიმღერა. აქ არიან პროდიუსერები, რომლებსაც ყველაზე დიდ ვარსკვლავებთან აქვთ ნამუშევარი. ამ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

ალექსანდრე ზაზარაშვილი

დაახლოებით 10-11 საათისკენ გათიშული მივდივარ სახლში. მოუცლელობის გამო, ჩემებთან ძირითადად მანქანიდან მიწევს კონტაქტი. სიმღერის ვიდეობსაც, ავტომობილის სალონში ჩაწერილს ვდებ ხოლმე სოციალურ ქსელში. სულ მანქანაში როგორ ხარო, მეუბნებიან. ერთადერთი ადგილია, სადაც სალაპარაკო დრო მაქვს. ახლაც მანქანიდან გაძლევთ ინტერვიუს 😊 სხვათა შორის, ამერიკაში სწრაფად გადის დრო, საქართველოში - ნელა. საქართველოში სულ იმას ვფიქრობ, რა გავაკეთო, თავი რით დავიტვირთო. აქ, იმის მიუხედავად, რომ დილით ექვს საათზე ვდგები, ისე მალე ღამდება ხოლმე, მიკვირს. შეიძლება იმიტომაც, რომ აქ ვარ აწყობილი და უფრო მეტი საქმე მაქვს.

ალექსანდრე ზაზარაშვილი

- ამერიკაში ოცნებები ნამდვილად ხდება?

-100 %-ით ნამდვილად, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ოცნება, რისკენაც მივისწრაფვი, ჯერ არ ამხდენია. პატარაობაში რაზეც ვოცნებობდი, ყველაფერი ამიხდა. ნამდვილად ის ქვეყანაა, სადაც ოცნებები ხდება. მაქეთკენ ნელ-ნელა მივდივარ. პროცესში იმდენი საინტერესო რაღაც ხდება...

ალექსანდრე ზაზარაშვილი

- მოგვიყევი ახლა უკვე შენს მეგობარ მენტორზე და არაერთი მეგა ვარსკვლავის ვოკალის პედაგოგზე - შეროლ პორტერზე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად გვიზიარებ. როგორ გაიცანი შეროლი და რა წვლილი მიუძღვის მას შენი ცხოვრების შეცვლაში?

- შეროლის გაცნობა, ჩემს გარდატეხის ასაკს და ხმის დაკარგვას უკავშირდება. მასთან ერთი გაკვეთილი, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება იყო. ოცნებების დაფა მქონდა და იქ პირველი სწორედ შეროლის ფოტო იყო გაკრული.

ალექსანდრე ზაზარაშვილი

ოცდახუთი მილიონი ფოლოვერი ჰყავს. ერთხელაც გადავწყვიტე მიმეწერა, "ჩემი რა მიდის"-მეთქი. მივწერე, უკრაინული „ვოისის“ გამარჯვებული ვარ, ამჟამად ხმაზე მუტაცია მაქვს და ძალიან მინდა, რაღაც რჩევები მომცეთ-მეთქი. სხვათა შორის, იმ ღამით იმედიანი სიზმარი დამესიზმრა. რომ გავიღვიძე, ასეთი მესიჯი დამხვდა - "მე შენ გიცნობ, ნანახი მაქვს შენი ვიდეო, ძალიან გამიხარდა რომ მომწერე, ნიუ-იორკში ჩამოვფრინდები და აუცილებლად მოგამზადებ..."

ისეთი გახარებული ვიყავი, ვერ ვიჯერებდი. ისევ მივწერე, ის ხმა აღარ მაქვს, რაც თქვენ ნახეთ და იქნებ აღარ მოგინდეთ ჩემი მომზადება, ძალიან ვწვალობ- მეთქი და ჩემი ახალი ვიდეო ჩავუგდე. პირველი ადამიანი იყო იმ პერიოდში, ვინც სამოტივაციო სიტყვები მითხრა. ყველა, ვისაც ახლობლად ვთვლიდი, ვინც ამერიკაში წამოსვლაში დამეხმარა, ყველა გაქრა. ამ ფაქტმა მათი ნამდვილი სახე დამანახა.

შეროლმა ასეთი რაღაც მომწერა, აღარ გაიმეორო, რომ შენი ხმა ისევ ისეთი არ არის. უბრალოდ, აქამდე თუ მანქანა გყავდა სამართავი, ახლა ტრაილერი გყავს და ამ ტრაილერის მართვა უნდა ისწავლოო.

ალექსანდრე ზაზარაშვილი

ჩამოვიდა ნიუ-იორკში, დამეხმარა, დავახლოვდით, ძალიან შევუყვარდი. დღეს ჩვენს ვიდეოებს რომ დებს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ყველას ეუბნება, რომ მისი შვილი ვარ. მაშინვე აწერს - "მე და ჩემი შვილი." მერე კომენტარებში ვნახულობ, რა გაურკვევლობაში არიან; საერთოდ ვერ იგებენ, რა ხდება. მერე ის ახსნა უპოვეს, რომ შეროლს იტალიელი ქმარი ჰყავს და ალბათ, მართლა მაგის შვილია ალექსანდრეო 😊

ყოველ შობა-ახალ წელს ერთად ვხვდებით. ახლახანს ნიუ-იორკში გადმოვიდა საცხოვრებლად, შუაგულ მანჰეტენზე იყიდა ბინა. ბევრი ერთობლივი გეგმა გვაქვს.

ალექსანდრე ზაზარაშვილი

შეროლი ყოველთვის კარგ რჩევებს მაძლევს, ცხოვრების ყველანაირ ასპექტში. ვოკალის პედაგოგობის გარდა, ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანია. შეგიძლია ნებისმიერ თემაზე დაელაპარაკო. მასთან ურთიერთობა ერთი დიდი გაკვეთილია ჩემთვის.

დიდ გაკვეთილზე ასევე მახსენდება ნუცა შანშიაშვილი, რომელთანაც ძალიან ახლოს ვარ. ძალიან ვაფასებ. უნიჭიერეს არტისტთან ერთად, ასე რომ ვთქვათ, ჯიგარი ადამიანია. ნუცაც ჩემი მენტორია. ჩემს ცხოვრებასა და წარმატებაში, კარიერულში თუ პირადში, ბევრი რამ მისი დამსახურება. სულ რაღაცას ვსწავლობ.

ალექსანდრე ზაზარაშვილი

- რას ამბობს ქართულ სიმღერაზე შეროლი და ამასობაში საქართველოში ჩამოსვლის სურვილიც ხომ არ გაუჩინე?

- ქართული სიმღერები ძალიან მოსწონს, განსაკუთრებით - „ლალე“, ვიდეოც მიდევს, სადაც ამ სიმღერას ვასწავლი. აუცილებლად უნდა ვისწავლო თავიდან ბოლომდე და ერთად შევასრულოთო.

ალექსანდრე ზაზარაშვილი

საქართველოში ჩამოსვლაც ძალიან უნდა. ამ წლის სურვილების სიას ერთად ვწერდით და ერთ-ერთი, რაც შეროლმა დაწერა - საქართველოში წასვლა იყო. არ ვიცი, ამას როგორ მოვახერხებ, მაგრამ წელს შენი ოჯახი უნდა გავიცნოო, მითხრა. ჯერ არ ვიცი, საქართველოში ჩვენი ჩამოსვლა ჩუმად მოხდება, თუ ხმაურით, მაგრამ გეგმაში არის.

ალექსანდრე ზაზარაშვილი

- ოცნებების ვიზუალური დაფა მაქვსო, შეგიძლია გვითხრა, შენი ოცნებების პირველ სამეულში რა შედის?

- პირველი ამ დაფაზე შეროლის ფოტო იყო. ასევე ეკლესიის ფოტო მაქვს გაკრული. მინდა, რომ საქართველოში ეკლესია ავაშენო, მინდა გაჭირვებულ ბავშვებს დავეხმარო, ცხოველებს დავეხმარო. ჩემი სამუშაო ოფისის ფოტო მაქვს გაკრული, როგორი მინდა იყოს, ჩემი ოცნების მანქანის ფოტო მაქვს გაკრული, ასევე დიდი არენის ფოტო, სადაც მინდა რომ კონცერტი მქონდეს. კიდევ სხვა ოცნებებით მაქვს დაფა სავსე.

დაფას ხშირად არ ვუყურებ, რომ არ "დავიგრუზო". ექვს თვეში ერთხელ დავჯდები და კარგად ვაკვირდები, ვაანალიზებ, რა გავაკეთე ამ ყველაფრისთვის. ახლახანს მქონდა შემოწმების პერიოდი და ბევრი რამ ჩამოვხსენი, რადგან უკვე ასრულდა. სწორედ ეს მიზნები მაძლევს მოტივაციას, რომ უფრო მეტი და მეტი ვაკეთო.

- და მთავარი მიზანი, რისთვისაც მერიკაში გადახვედი?

- მთელ მსოფლიოს რომ გავაგებინო ჩემი ხმა.

- დაახლოებით რამდენი სიმღერა გაქვს დაწერილი და რა ემოცია გაწერინებს სიმღერებს?

- ოთხმოცზე მეტი სიმღერა მაქვს დაწერილი. ყველანაირი ემოციის დროს შემიძლია სიმღერის დაწერა, მაგრამ ყველაზე მეტად როცა გულნატკენი ვარ, მაშინ მინდება. არ მინდა, რომ ჩემი სიმღერები მარტო ერთ ემოციას გადმოსცემდეს. სხვათა შორის, ჩემი ორი კლიპის რეჟისურა მე მეკუთვნის. სამომავლოდ ვაპირებ, რეჟისორის პროფესიასაც დავეუფლო.

ალექსანდრე ზაზარაშვილი

- ვისთან ჩაწერდი დუეტს?

- ბრიტანელ მომღერალ რეი-სთან, რომელსაც სრულიად შემთხვევით შევხვდი. მაგიტომ მიყვარს ნიუ-იორკი, სად რა მოხდება, აზრზე არ ხარ. მისი კონცერტის ჩვენება იყო კინოთეტრებში. ერთ-ერთი კინოთეატრი ამოვირჩიე, რომელშიც არ ვყოფილვარ და წავედი. საპირფარეშოში გამოვედი და ორი წამით გავჩერდი, რეის ბანერისთვის ფოტოს გადასაღებად, სთორიზე რომ დამედო. მოვტრიალდი და უკან არ მიდგას?! ისევ გავიხედე და გამოვიხედე, ხომ არ მეჩვენება-მეთქი. სადღაც ხუთი წუთი, გადიოდა და გამოდიოდა, უბრალოდ მივყვებოდი, რადგან ვერ ვიჯერებდი, რომ მართლა ეგ იყო. ბოლოს მივედი და ვუთხარი, თქვენი კონცერტის ჩანაწერს ვუყურებ და არ მჯერა, რომ თქვენ შეგხვდით, მეც მუსიკოსი ვარ, სიმღერებს ვწერ-მეთქი. არ დანებდე, გააგრძელეო, მითხრა. ჩემი ცხოვრება ყველაზე მეტად მაშინ შეიცვალა, როცა უკვე დანებებას ვაპირებდი, თავი რომ დამენებებინა, ამ ყველაფერს ვერ მივაღწევდიო. მადლობა რომ მოხვედი, წარმატებებს გისურვებო. მერე მკითხა, რომელ დარბაზში ხარ, წამოვალ და მაყურებელს მივესალმებიო. რომ შემოვიდა, ხალხი შოკში იყო, სკამებზე ხტებოდნენ, მე ისე შემოვყევი, თითქოს "მისიანი" ვიყავი 😊 მადლობა ყველას რომ მოხვედითო, ერთი ფოტოც გადავიღეთ და წავიდა. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი იყოს, მაგრამ დღევანდელ მუსიკალურ ინდუსტრიაში, რეი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომღერალია.

- ამერიკულმა ტურნემ როგორ ჩაიარა?

- ძალიან კარგად ჩაიარა, კმაყოფილი ვარ. ემიგრანტებიც იყვნენ და ამერიკელებიც. ვეწვიე ნიუ ჯერსის, სან დიეგოს, ფილადელფიას, კონექტიკუტის და ნიუ-იორკს.

- გასულ ზაფხულს, გორის თეატრის სცენაზე, იგივე პროგრამით წარსდექი მაყურებლის წინაშე. რას ნიშნავდა შენთვის მშობლიურ ქალაქში კონცერტის ჩატარება?

- ძალიან ემოციური იყო. არ მეგონა, თუ კონცერტის წინ ასე ვინერვიულებდი. აქ უფრო ვღელავდი, ვიდრე ამერიკულ კონცერტებზე. სანამ კონცერტი დაიწყებოდა, ისეთი აღელვებული ვიყავი, ოთახში შევედი, არავინ არ შემოხვიდეთ, უბრალოდ უნდა დავწვე და დავმშვიდდე-მეთქი, ვუთხარი ჩემებს.

ალექსანდრე ზაზარაშვილი

ისეთი კარგი გახსნა მქონდა, სცენაზე ქვემოდან ამოვედი სიურპრიზად. პირველი სიმღერა ჩავამთავრე თუ არა, ყველანაირი დაძაბულობა გაქრა. იმდენი სითბო და სიყვარული მივიღე დამსწრე საზოგადოებისგან, რომ კიდევ დიდხანს გამყვება. ძალიან მინდა წელს საქართველოს მასშტაბით იგივე ტურნე გავმართო.

- ასაკიდან გამომდინარე, თავში ავარდნის და გაყოყოჩების პერიოდი არ გქონია?

- არა. თავში ავარდნად იმას თუ არ ჩამითვლიან, რომ დისტანციის დაჭერა ვისწავლე. ბევრი გულისტკენიდან გამომდინარე, ყველას ვერ ვუშვებ ახლოს. არა მგონია, დედამიწაზე ადამიანმა როდესმე ისეთი რაღაც გააკეთოს, რომ თავში აუვარდეს. ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი ამერიკაში, რომლებიც ისეთ ლეველზე არიან, რომ იმის იქეთ, რამე თუ არსებობს კიდევ არ ვიცი, ყველა უშუალოა ურთიერთობაში, მაგრამ ყველამ იცის თავის ფასი, ეს არ არის თავში ავარდნა. მინდა ეგეთ ადამიანებს მივბაძო.

- რამდენიმე თვის წინ დააანონსე, რომ ამერიკულ ფილმში გიღებდნენ, სადაც მუსიკალური დირექტორი თავად იქნებოდი. რას გვეტყვი ამ პროექტზე?

- გადამღებ ჯგუფს, შეროლის პიარ მენეჯერმა გადაუგზავნა ჩემი ფოტოები და ვიდეოები, მოეწონათ. დამიკავშირდნენ და ცოტა გავისაუბრეთ. შემდეგ გავიგე, რომ ამიყვანეს. ვინ იღებს და რა ფილმია, ამის თქმის უფლება ჯერ არ მაქვს. მუნჯური ფილმია. ვითომ ძველ დროში იქნება გადაღებული. ყველანაირი ემოცია მუსიკით იქნება გადმოცემული. ფილმში ჩემი ორი სიმღერა იქნება გამოყენებული.

- რას უმადლი შენს წარმატებას?

- მე ღვთისწყალობის მჯერა. მქონდა მომენტები, როცა ბევრი ვიმუშავე, მაგრამ ის საქმე მაინც არ გამოვიდა. ამიტომ ჩემს წარმატებას თავიდან ბოლომდე ღმერთს ვუმადლი. არა მგონია, რომ ყველასთვის ერთი მეთოდი მუშაობს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში, რასაც დავაკვირდი, არის ის, რომ ღმერთთან სიახლოვემ და ღვთის წყალობამ, შემაძლებინა და გამაკეთებინა ყველაფერი, რაც აქამდე შევძელი.

- რა ხდება შენს პირადში?

- მქონდა ერთწლიანი ურთიერთობა, რომელიც დასრულდა. და დღევანდელი გადმოსახედიდან, ამის მადლობელი ვარ. სიმღერა, რომელიც ამ პერიოდში დავწერე და ჩემს ძლიერ გულისტკენას გამოხატავდა, ძალიან წარმატებული გახდა. მალევე ოთხმოცი მილიონი ნახვა დააგროვა. ჩემს ფანებს გატეხილი გულის დაწებება უნდოდათ, სულ ასეთი მესიჯები შემომდიოდა😊 სანამ ეს სიმღერა დაიწერა, გაკეთდა, მოვამზადეთ და დავარეკლამეთ, გულგატეხილობის პერიოდი გავლილი მქონდა და ცხოვრების სხვა ეტაპზე ვიყავი. უფრო ქართველი გოგონები მომწონს, ეშხიანი და ენერგიულები. ერთადერთი, რითიც შეიძლება ადამიანი მომეწონოს, ეს მისი ენერგიაა.

- სამშობლოსგან შორს, უცხო ქვეყანაში, შენ გაქვს იმის ფუფუნება, შენი საყვარელი საქმე აკეთო და სიმღერით მოიპოვო წარმატება. იმ ემიგრანტებს, რას ეტყოდი, ვისაც იძულებით, თავის გადასარჩენად უწევს წასვლა და არასახარბიელო სამუშაოს შესრულება?

- ემიგრანტის გზა, საკმაოდ რთული გზაა. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, სადამდეც ცოცხალი ხარ ადამიანი, არ უნდა დანებდე, ყოველთვის უნდა ეცადო შენი მიზნისკენ გადადგა ნაბიჯები. თუ არ დანებდები, ყველაფერი შესაძლებელია, როგორც ჩემთვის, ასევე ნებისმიერი ადამიანისთვის. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერი ადამიანის შექმნილია. რაც ღმერთმა შექმნა რა თქმა უნდა, იმის გარდა.

- ალექსანდრე, რისი მიღწევა გაქვს გეგმაში. რა არის ის მაქსიმუმი, რაც უნდა გააკეთო?

- ამ გადმოსახედიდან „გრემის“ აღებაა. მაგრამ დარწმუნებული ვარ „გრემის“ რომ ავიღებ, უკვე სხვა მიზნები მექნება. საშინელება იქნება ჩემს მაქსიმუმს რომ მივაღწიო და ვერც მივაღწევ, რადგან ყოველთვის ახალი მიზანი მექნება. ზოგჯერ მანქანაში რომ ვზივარ და მუსიკას ვუსმენ, ვრეპეტიციობ, რას ვიტყვი „გრემიზე“😊 თვალი რომ გადავავლოთ ჩემს წარსულს, რვა წლის წინ, ისეთი რაღაცები მეგონა შეუძლებელი და შორი, როგორც ახლა მაგალითად „გრემი“ ჩანს. მაგრამ რომ არ დავნებდი და ყველაფერი გავაკეთე, იმ შორ მიზნამდეც მივედი. ასე რომ, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

ავტორი: ნინო გონგაძე

03/24/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024