
09/04/2026
ეს ისტორია ნათლად გვიჩვენებს , რამდენი სიბრიყვის ატანა შეუძლია ადამიანის ორგანიზმს.
1904 წლის 30 აგვისტოს, სენტ ლუისში 32 მორბენალი გავიდა ოლიმპიური მარათონის სტარტზე. ორგანიზატორებმა მოახერხეს და მარათონი დღის 3 საათზე დანიშნეს, როდესაც ტემპერატურა 32 გრადუსი იყო, დისტანცია კი ბორცვებიანი. თან შეჯიბრი ცხენების და მანქანების მოძრაობის თანხლებით გაიმართა, რომლებიც ისეთ მტვერს აყენებდნენ, სუნთქვა ლამის შეუძლებელი იყო. 42 კილომეტრიან დისტანციაზე კი მხოლოდ ერთი პუნქტი გახსნეს, სადაც სპორტსმენებს წყლის დალევა შეეძლოთ.
ოღონდ ეს სისულელით არ მოსვლიათ, სავსებით გააზრებულად გააკეთეს, რადგან ტურნირტის ორგანიზატორებს აინტერესებდათ, მიზანმიმართულ დეჰიდრატაციაზე ორგანიზმი როგორ რეაგირებას მოიახდებდა. 1904 წელს ასეთი იდეა ჯერ კიდევ ითვლებოდა სამეცნიერო ექსპერიმენტად.

ფინიშთან პირველი ფრედერიკ ლორზი მივიდა. ოღონდ, სადღაც 15 კილომეტრის მერე ის უბრალოდ გზად მიმავალ მანქანაში ჩაჯდა, რომელიც სტადიონისკენ მიდიოდა... როდესაც სტადიონამდე რამდენიმე კილომეტრი რჩებოდა, მანქანა გაფუჭდა. მაგრამ დასვენებული მორბელანი უკვე იმდენად წინ იყო სხვებზე, რომ უპრობლემოდ მიირბინა ფინიშამდე.
ხალხმა ჩემპიონს ოვაცია მოუწყო და თაღლითმა სპორტმენმაც გადაწყვიტა, პუბლიკისთვის ილუზია არ გაეფუჭებინა. მას თავზე, იმდროინდელი წესის მიხედვით, დაფნის გვირგვინი დაადგეს და შეერთებული შტატების პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის ქალიშვილ ალისასთან ფოტოებიც გადაუღეს.
მაგრამ არაფერია დაფარული, რაც არ გაცხადდება და ლორზის თაღლითობაც გამოაშკარავდა. თაღლითმა მანქანის ამბავი აღიარა და შეეცადა, ყუველაფერი ხუმრობაში გაეტარებინა.
ორგანიზატორებმა ხუმრობა ვერ დააფასეს და სპორტსმენს დისკვალიფიკაცია მისცეს. სხვათა შორის, ლორზი მართლა კარგი სპორტსმენი იყო და ერთი წლის მერე ბოსტონის მარათონი ყოველგვარი დახმარების გარეშე მოიგო.

და სანამ ლორზი მანქანით მიჰქროდა ფინიშისკენ, ნამდვილი ჩემპიონი ტომას ჰიკსი პატიოსნად სირბილს განაგრძობდა. მისი ისტორია კი სამედიცინო ტრილერს უფრი ჰგავს. ჰიკსი ლიდერობდა, მაგრამ ორგანიზმი თანდათან ეფიტებოდა. ჰიკსი იხვეწებოდა, მისთვის წყალი მიეცათ, მაგრამ მწვრთნელები მხოლოდ იმის საშუალებას აძლევდნენ, ტუჩები სველი ღრუბლით დაესველებინა.
სიგიჟე ამით არ დასრულებულა. შუა დისტანციაზე მწვრთნელებმა ჰიკსს კვერცხის ცილის, სტრიქნინის და ბრენდის ნაზავი დაალევინეს. იმ დროს სტრიქნინს უმცირეს დოზებში ნერვული სისტემის სტიმულატორად იყენებდნენ. დღეს ეს აბსოლუტურ სიგიჟედ ითვლება. ბოლო კილომეტრებზე ჰიკსს ეს ნარევი რამდენჯერმე დაალევინეს.
ფინიშთან ჰიკსი უკვე სრულიად არაქათგამოცლილი მილასლასდა. დიახ, მილასლასდა და არა მიირბინა. მან დისტანცია 3 საათში, 28 წუთსა და 53 წამში დაფარა. ეს ყველაზე უარესი საჩემპიონო დროა ოლიმპიური მარათონების ისტორიაში, თუმცა სხვას რას მოელოდნენ ადამიანისგან, როემელსაც წყლის ნაცვლად სტრიქნინს ასმევდნენ?!
და არც ჰისკი აღმოჩნდა ამ უცნაური მარათონის ყველაზე აბსურდული პერსონაჟი.

გავიცნოთ კუბელი ფოსტალიონი ფელიქს კარვახალი, რომელიც ამერიკაში სრულიად უფულოდ აღმოჩნდა, რადგან სახლიდან წამოღებული მთელი თანხა ნიუ ორლეანში კარტში წააგო და სენტ ლუისამდე ავტოსტოპით ჩააღწია.
სტარტზე კარვახალი ჩვეულებრივი ტანსაცმლით გამოცხადდა: შარვალი,. პერანგი, ბერეტი და მძიმე ფეხსაცმელი. სტარტის წინ მას შარვალი აუკეცეს, ოდნავ მაინც რომ დამსგავსებოდა სპორტულ ფორმას.
კარვახალი დიდად არ იკლავდა თავს სირბილით, გზად ხალხს ესაუბრებოდა, რამდენჯერმე ხილის საჭმელადაც გაჩერდა, თუმცა რაღაცამ აწყინა და მუცლის გვრემა დაეწყო...
ამის მერე რაღაც მომენტში დაიღალა და იქვე გზის პირას დასაძინებლად წამოწვა. ცოტა ხანი დაიძინა, მერე სირბილი განაგრძო. საბოლოოდ, ფელიქს კარვახალმა მოახერხა, ფინიშთან მეოთხე მისულიყო.
და არც ეს არის ყველაფერი.

ოლიმპიური ჩემპიონი ეგებ ჰისკი კი არა, სამხრეთ აფრიკელი ლენ ტაუნიუანე გამხდარიყო, რომელიც კურიერად მუშაობდა და დღეში ათობით კილომეტრის გავლა მისი სამსახური იყო, რომ არა ერთი ინციდენტი: შუა დისტანციაზე მას ძაღლი გაეკიდა და ამანაც გაქცევით უშველა თავს. ოღონდ ამ გაქცევისას ტრასას დაახლოებით 2 კილომეტრით აცდა.
საბოლოოდ, 32 მონაწილიდან ფინიშამდე მხოლოდ 14 მივიდა.
გააზიარე სტატია