ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თაკო ჩარკვიანი ,"ზმნასთან", ძმისა და მამის ურთიერთობაზე საუბრობს. ის იმ რესპონდენტთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც გულღიად და ემოციურად ჰყვებიან საკუთარ ისტორიებს. თაკო საჯაროდ იმაზე ლაპარაკს არც არასდროს მორიდებია, რომ ხალხის საყვარელ ავტორ-შემსრულებელს - ალკოჰოლიზმის პრობლემა ჰქონდა...
თაკო ჩარკვიანი: მე იშვიათად მინახავს ისეთი სიყვარული, რასაც მე ხალხში, მამუკას წასვლის დრო ვხედავდი. ეს წრფელი სიყვარული იყო. თვითონ იყო წრფელი და მართალი ტიპი.

რას არ წერენ, მათ შორის - ალკოჰოლიკობა იყო მისი პრობლემაო. მისი ეს პრობლემა ჩვენ არც არასდროს დაგვიმალავს. დიახ! მამუკას ჰქონდა ეს პრობლემა. ალკოჰოლიზმი ჰქონდა გალაკტიონს, ფიროსმანს, რეი ჩარლზს, ვისოცკის... ემოციურ ადამიანსებს ხშირად აქვთ ასეთი პრობლემები. მაგრამ იმ ალკოჰოლიზმის დროს აქვს მამუკას ეს ასზე მეტი ჰიტი შექმნილი. ხომ შეუძლებელია, რომ ყველა სიმღერა ჰიტი იყოს? საოცარია, მაგრამ ასეა.
დარეკავდა და იტყოდა, „ზაპოი“ მაქვს! ეს იყო სიგნალი - მომეშველეთ და ჩამკეტეთო. კონცერტზე ოდესმე მთვრალი გინახავთ? არასოდეს! უკვე გავლილი ჰქონდა კრიზისი. მერე ისევ დაეწყებოდა. როგორც იცის ალკოჰოლმა.
მამაჩემი ძალიან განიცდიდა ამას. ყველაზე ადრე ჯანსუღმა გამოიცნო მამუკას სენი. მამა მოქეიფე კაცი იყო. რამდენჯერ მეც მითქვამს მისთვის და დედასაც - კაი რა, შენ არ გიქეიფია? ის და მისი საძმაკაცო - ოთარ ჭილაძე, გივი სამსონაძე, ნოდარ დუმბაძე სუფრებს აყირავებდნენ, მაგრამ მათ ორგანიზმში ალკოჰოლი სენად არ შევიდა. მამუკა კი, ქეიფსა და ქეიფს შორის, სასმელზე დამოკიდებული აღმოჩნდა. ჯანსუღი დედას ეუბნებოდა, ვიღუპებით, მე ვხედავ, ვერაგულად შევიდა მასში ალკოჰოლი, მე ვხედავ, რომ მარტო შეუძლია დალევა, ან ერთი სული აქვს, რომ „პახმელიაზე“ სასწრაფოდ სასმლით გამოვიდესო. გამოიცნო.
***
საერთოდ მამა-შვილს ფანტასტიკური ტანდემი ჰქონდა. რაც მოგისმენიათ, ყველა ჰიტი, ჯანსუღის ლექსზეა შექმნილი. ერთადერთი სიმღერა დაწერა დედას ლექსზე. „სულ ყველაზე ლამაზი“ - დედაჩემის ლექსია, მან ის შვილიშვილს - ირინოლას მიუძღვნა.
როცა მამუკა პირველ მეუღლეს გაეყარა, ირინოლა ჩვენთან იზრდებოდა. დედასთან რომ მიდიოდა, დედაჩემი იმ დღეებსაც სევდიანად აღიქვამდა და „მე რომ გელი იცოდე, ისე არსად გელიანო“ დაუწერა.
ჯანსუღმა კი ჩემს ქალიშვილს, ირმა გიგანს დაუწერა ლექსი „შენ რომ დიდი იქნები, მე რომ აღარ ვიქნები, დამასიე ფიქრები, როგორც თოვლის ფიფქები...“ მერე მამუკა წერდა ამ ლექსებზე სიმღერებს, ოღონდ მამას ახალგაზრდობაში დაწერილ ლექსებზე.
ჯანსუღი მამუკას სევდას გამოიცნობდა. არაფერი ეპარებოდა. „ჩემი აღარა ხარ, მორჩა“. აქაც „გაუმზადა“ სევდა.
- იმ ძველ ლექსებს, ალბათ, ყველას თავისი პრე ისტორიები და ბიოგრაფიები ჰქონდა. მერე მამუკა მუსიკალურ სამოსში ხვევდა მასზე უფროს ლექსებს. მაინც რას ამბობდა მამა?
- ძალიან ახარებდა მამუკას მიერ მორგებული ზუსტი განწყობის მელოდები. აი, მაგალითად, „მაგრად დაჰკარით“ 1971 წელს არის დაწერილი და ის პოემაში („ჯაჭვის თორანი“) აქვს მამას შეტანილი. 1972 წელს ცალკე ლექსად გამოაქვეყნა. აფხაზეთი რომ დავკარგეთ, მამუკამ მაშინ დაწერა ამ ლექსზე სიმღერა. ვინ არის თქვენი საყვარელი პოეტიო, ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა. ბევრს ჩამოგითვლი, მაგრამ ჯანსუღის ფანი ვარო, უპასუხა. მგონია, რომ მსგავსი ტანდემი შემთხვევით არ შექმნილა.
10/31/2025