Logo

კულტურა

"მისი შემოქმედება მძლავრ და მარადიულ ზემოქმედებას ახდენს" - ამერიკელი კინომცოდნე ქართველ რეჟისორზე

"მისი შემოქმედება მძლავრ და მარადიულ ზემოქმედებას ახდენს" - ამერიკელი კინომცოდნე ქართველ რეჟისორზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

"ეს არის იმ ყველაფრის კულმინაცია, რისი თქმაც ლანა ღოღობერიძეს ოდესმე უცდია თავისი შემოქმედებით," - ასე აფასებს ამერიკელი კინომცოდნე რუბი რიჩი 94 წლის კინორეჟისორის, ლანა ღოღობერიძის მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს " "დედა და შვილი, ანუ ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი".


რუბი რიჩმა, ფრანკფურტის კინოფესტივალზე, ლანა ღოღობერიძის ფილმის წარდგენისას, რეჟისორის წინა ფილმებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ღოღობერიძის შემოქმედებით წლების წინ მოიხიბლა და დღემდე აღფრთოვანებულია.

„ახლა კი მე, მისი შვილი, 93 წლის კინორეჟისორი, ვყვები მის ისტორიას“, - ამ ფრაზით ლანა ღოღობერიძე წარმოგვიდგენს საკუთარ დედას და ერთმანეთთან აკავშირებს დედის ახლახან აღმოჩენილი ფილმების ფრაგმენტებსა და საკუთარი ფილმოგრაფიიდან აღებულ ავტობიოგრაფიულ ეპიზოდებს. იგი იყენებს საკუთარ მოგონებებსა და ცხოვრების ისტორიებს, რათა გაანათოს იმ ადამიანური ცხოვრებების შემზარავი და ტრაგიკული ბუნება, რომლებიც დიდ ტერორსა და სტალინურ ეპოქაში იქნა განცდილი.

ლანა ღოღობერიძე

დედა და შვილი, ანუ ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი მართლაც გამორჩეული ფილმია. მრავალი თვალსაზრისით, ეს არის იმ ყველაფრის კულმინაცია, რისი თქმაც ლანა ღოღობერიძეს ოდესმე უცდია თავისი შემოქმედებით:უსამართლოდ წაშლილი ისტორიები, შეუმჩნეველი ჟესტები, ქალები, რომლებიც ერთდროულად იყვნენ გამორჩეულებიც და ჩამქრლარნიც — ეკრანზეც და ცხოვრებაშიც; ეკრანის მიღმა დარჩენილი სივრცეები, რომლებიც ხშირად დაუნახავი რჩება. ეს ახალი შედევრი — შექმნილი ასაკში, რომელსაც ქალები იშვიათად აღწევენ და რომელშიც თითქმის არცერთი ქალი რეჟისორი აღარ იღებს ფილმებს — ეს რომ ჩემი პირველი შეხვედრა ყოფილიყო ლანა ღოღობერიძესთან, სრულიად მოხიბლული დავრჩებოდი. მაგრამ ეს არ არის ჩემი პირველი შეხვედრა. მე მას და მის ფილმებს ადრე შევხვედრივარ. ძალიან ადრე. და დღესაც ისეთივე აღფრთოვანებული ვარ, როგორც მაშინ.

ფლეშბექი: ჰავანა, კუბა, 1986 წელი. ახალი ლათინური ამერიკული კინოს საერთაშორისო ფესტივალი მასპინძლობდა სპეციალურ კონფერენციას ქალთა კინოზე, რომელიც ლათინურ ამერიკას სცდებოდა და გლობალურ დიალოგს ქმნიდა. ყოველ დეკემბერს ფესტივალის სტუმრები სასტუმრო „ნასიონალში“ ცხოვრობდნენ — სადილებსა და წვეულებებზე ხვდებოდნენ ერთმანეთს, მონაწილეობდნენ პანელებში და ქმნიდნენ საერთაშორისო კავშირებს, რომლებიც ხშირად თავად ფესტივალსაც და საკუთარ ქვეყნებში მყოფ მთავრობებსაც აღემატებოდა. 1986 წელს ქალი კინემატოგრაფისტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ, მათ შორის დელფინ სეირიგი და ჯული კრისტი, და ერთი გამორჩეული ქართველი კინორეჟისორი — ლანა ღოღობერიძე.

მე მოვიხიბლე ამ რეჟისორით, რომელსაც უკვე მაშინ იმდენი რამ ჰქონდა გადატანილი. ის განსაკუთრებით შთამაგონებელი იყო პანელზეც, მაგრამ რაც დღეს ყველაზე მკაფიოდ მახსოვს, არის საღამო, როცა სასტუმრო „ნასიონალის“ ბაღებში ვსეირნობდით და იგი ინგლისურად მიკითხავდა უოლტ უიტმენს (მხოლოდ ახლახან გავიგე, რომ მისი დისერტაცია უიტმენს ეხებოდა). შემდეგ მითხრა, რომ საბჭოთა კავშირში რაღაც ახალი იწყებოდა — რაღაც, რასაც „პერესტროიკა“ ერქვა. ცვლილებები მოდიოდა და მას სურდა, ამ პროცესში თავისი როლი ეთამაშა.

ორი წლის შემდეგ, ნიუ-იორკში, მე თანაორგანიზატორი და მოდერატორი ვიყავი საჯარო ფორუმისა „Introduction to KIWI“. მაშინ ლანა ამ საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტად მოგვევლინა.

სწორედ იმ დროს ვნახე ლანას შემოქმედების საკვანძო ფილმი რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე სსრკ, 1978 — გამორჩეული ნამუშევარი, სადაც მხატვრული ნარატივი და დოკუმენტური ფორმა გაერთიანებულია ქალის პორტრეტში, რომელიც პირადი და პროფესიული დაბრკოლებების გადალახვის პროცესშია. ლანა დოკუმენტურ მასალას მხატვრულ სიუჟეტთან აერთიანებს. მისი გამოგონილი გმირი სოფიკო სხვადასხვა სოციალური ფენის და თაობის ქალებს იკვლევს და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ინტერვიუებს აგროვებს. ეს სცენები ერთად წარმოაჩენს იმ სირთულეებს, რომელთა წინაშეც დგანან ქალები ყველგან და განსაკუთრებით, გარდამავალ საზოგადოებებში — სადაც მოლოდინები იზრდება, მაგრამ სერიოზული დაბრკოლებები (რეპრესიები და ცენზურა) კვლავ არსებობს.

რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ლანა კვლავ ვნახე, ის სასოწარკვეთილი იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კინოდაფინანსების კოლაფსის გამო. შეზღუდვებისა და ცენზურის გაქრობასთან ერთად გაქრა სურვილიც, არაკომერციული ფილმები გადაეღოთ. ლანა პოლიტიკაში გადავიდა — ჯერ საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, შემდეგ კი საქართველოს ელჩი ევროსაბჭოსა და იუნესკოში.

2019 წელს Remake Festival-მა კიდევ ერთხელ შეგვახვედრა — ორივე მიწვეული ვიყავით სხვადასხვა ღონისძიებაზე, რომლებიც ერთმანეთს დაემთხვა. შეხვედრით გახარებულებმა პანელზე ისევ გავაცოცხლეთ ჰავანაში დაწყებული სული, თუმცა მე უფრო მეტად ვიყავი გაოცებული მისი გამძლეობით. მახსოვს, როგორ აღფრთოვანებით საუბრობდა დედის ორი გადარჩენილი ფილმის პოვნაზე, რომლებიც წლების ძიების შემდეგ შორეულ არქივებში აღმოაჩინა.

ფრანკფურტში კიდევ ერთი დღით ვერ დარჩა — თბილისში ახალი ფილმის პრემიერაზე ბრუნდებოდა.ის კვლავ მუშაობდა.

ლანა ღოღობერიძე

მისი შემოქმედება მძლავრ და მარადიულ ზემოქმედებას ახდენს: მან სრულყოფილად შეაჯვარა ერთმანეთს ინტიმური და მონუმენტური, პირადული და საზოგადოებრივი. ფილმიდან ფილმში ის ემოციებს ისე იჭერს, თითქოს ციცინათელებს ბოთლში აქცევს, და მაყურებელს აოცებს ისტორიის დეტალებით — პოლიტიკური სისასტიკით, პირადი ღალატებით, ნაზი კავშირებით და ყოველთვის გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლით: ქალების ამოყვანით მტვრის გროვიდან და მათთვის სრული ადამიანობის მინიჭებით სისასტიკის წინაშე. ამ ახალ ფილმშიც, როგორც მის სხვა ნამუშევრებში, იგი შეუდარებლად აკავშირებს ინდივიდსა და საზოგადოებას, სხვადასხვა ეპოქებს ერთმანეთთან.

დედა და შვილი, ანუ ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი მართლაც განსაკუთრებული ფილმია. დედის — ნუცა ღოღობერიძის — ფილმები, რომელთა პოვნასაც ლანა ამდენ ხანს ცდილობდა და რომლებიც ახლა მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება, ამ ახალი ფილმის საფუძველსა და შთაგონებას წარმოადგენს. ნუცა ღოღობერიძის ორი გადარჩენილი ფილმი — ბუბა (1930) და უჯმური (1934) — ნამდვილი აღმოჩენებია, დროის კაფსულები შორეული სივრციდან და ეპოქიდან, ხშირად სამართლიანად შედარებული ლუის ბუნუელის Las Hurdes-თან. ისინი სრულიად უნიკალურია — სტუდიურ პირობებში გადაღებული მუნჯი კინოს კადრები შერწყმულია ველურ ლანდშაფტებთან, ხალხურ ტრადიციებთან და ადამიანურ ტრაგედიებთან.

საქართველოს სამეგრელოსა და რაჭის პეიზაჟების მოხმობით, ეს ფილმები ინახავენ გამქრალ სამყაროს — სივრცეებს, სადაც იზოლირებული თემები, დროში თითქოს უცვლელები, ბუნების ახირებებსა და მარტოობის სიმკაცრეს ექვემდებარებოდნენ: გვალვას, სიღარიბეს, მეწყერებს — და ამავდროულად საბჭოთა მოდერნიზაციას უპირისპირდებოდნენ. აქ დომინირებს დაპირისპირება წარსულსა და მომავალს შორის, იტანჯებიან ბავშვები, იტანჯებიან ცხოველებიც, და თვით მიწაც კი აღდგება „პროგრესის“ ზეწოლის ქვეშ. ეს ფილმები ქაოტურია, მძაფრი — ისევე, როგორც მათი რეჟისორის ცხოვრება.

ლანა ღოღობერიძე

„ახლა კი მე, მისი შვილი, 93 წლის კინორეჟისორი, ვყვები მის ისტორიას.“ ამ ფრაზით ლანა ღოღობერიძე ჩარჩოში აქცევს დედის პორტრეტს — ერთმანეთში ახამებს ფრაგმენტებს დედის ფილმებიდან და საკუთარი ფილმების სცენებს. ყველაფერს ლანას ხმა გვიყვება — მდიდარი, ნიუანსებით სავსე. პირველ პირში ნათქვამი ნარატივი, რომელიც მაყურებელს სტალინური წმენდების მღელვარე წლებში აბრუნებს. იმ ეპოქაში მისი მამა დახვრიტეს, დედას კი ათი წლით მიუსაჯეს გულაგის უმძიმეს პირობებში ყოფნა — საიდანაც იგი, თითქოს სასწაულით, დაბრუნდა. ამის შემდეგ იგი მთელი ცხოვრება ეხმარებოდა თავის ქალიშვილს, კინორეჟისორს, არასოდეს ახსენებდა იმას, რომ ლანა იმავე სტუდიებში იღებდა ფილმებს, სადაც თავად ოდესღაც მუშაობდა და საიდანაც შემდეგ განდევნეს.

დედის ისტორიის მოყოლით ლანა საკუთარ ამბავსაც გვიყვება — რადგან სწორედ მისი ფილმების მეშვეობით ვეცნობით საბჭოთა ცხოვრების ისტორიებს იმ ეპოქაში, როცა იდეოლოგიები იქმნებოდა, მოქმედებდა, ეჭვქვეშ დგებოდა და ნადგურდებოდა. თუ დედამ არქტიკის ზამთრებში ათწლიანი უუფლებობა და გაჭირვება გადაიტანა, ლანას ბავშვობა დედის გარეშე მოუწია — მას მოსიყვარულე დეიდა და ბიძა ზრდიდნენ. თუმცა ტრაგედიები კვლავ და კვლავ ერეოდა მის ცხოვრებაში: იღუპებოდნენ ახლობლები, ნათესავები და ოჯახის მეგობრები. იმ წლებში არავინ იყო დაცული. სტალინი უზენაესად მბრძანებლობდა 1924 წლიდან 1953 წლამდე. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ შეძლო ლანამ ნამდვილი შემოქმედებითი კარიერის დაწყება.

ამ წარსულების თხრობით — პირადი ისტორიებით, რომლებიც ტრაგედიამ შთანთქა — ლანა აცოცხლებს იმას, რაც დიდი ხნის განმავლობაში ფიქციად გვეჩვენებოდა: უსამართლობათა უსასრულო ციკლის კოშმარს, განშორებებს, პოლიტიკურ სისასტიკეს სიკვდილამდე, და ამავე დროს — სრულიად გაუგებრად — დიდ სიხარულს, რომელიც ამ ყველაფრის შუაგულში იფეთქებს, და იმედს, რომელიც მკრთალად, მაგრამ მაინც გაანათებს მომავალს. ერთ-ერთი მშვენიერი ამბავია, როცა ლანა დედის ახლო მეგობარს, ქეთუსას, სთხოვს, რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე-ში დედის როლი შეასრულოს. ქეთუსას დედაც, მამაც და ქმარიც დახვრიტეს, მაგრამ მან თქვა:

„ნუცასთვის ყველაფერს გავაკეთებ, მათ შორის — მის როლსაც ვითამაშებ კინოში.“

(რადგან ნუცა იმ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო.) და ასეც მოხდა — მან ითამაში დედის როლი, საოცარი სიზუსტითა და ემოციით, ცხოვრებიდან გამომდინარე განცდით, მიუხედავად იმისა, რომ იქამდე მსახიობობასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია.

ფილმის დედა და შვილი, ანუ ღამე არასოდეს არის ბოლომდე ბნელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ასპექტი თავად ლანას სულიერი სიმშვიდეა. იგი ყველაზე გულსაკლავ მოვლენებს ყვება იმ სიწყნარით, , რომელიც მხოლოდ ღრმად განცდილის გააზრებას შეიძლება მოყვეს. კამერის წინ იგი დგას შეურყევლად, დაუღალავად. მაგრამ ჩვენ, მაყურებლები, ასეთ სიმშვიდეს ვერ ვეზიარებით: ეკრანზე ტრაგედია ტრაგედიას მოსდევს, და ჩვენ ვზივართ ბნელ დარბაზში გაოგნებულნი, ცრემლმორეულნი. ნუცას დაბრუნების სიხარული რეალურია და ძალიან მძაფრი, — მაგრამ მას მოსდევს დარტყმა: ის 63 წლის ასაკში კვდება. ლანას ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა.

სტალინურ ეპოქაში განცდილი ტანჯვა წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენ გვმართებს მისი წარმოდგენა, თუ გვინდა დავიმსახუროთ პატივი - ვიყოთ ლანას მაყურებლები. ისეთივე დამაჯერებელია ის სიხარულიც, რომელსაც ლანა გვიზიარებს: დედის დაბრუნების სიხარული, ფილმების გადაღების გაგრძელება და ამ ფილმის შექმნა — უკვე საკუთარი ქალიშვილის გვერდით. რადგან სალომე ალექსი, ლანას ქალიშვილი, თავადაც გახდა კინორეჟისორი, როგორც დედა და ბებია, და ამ ფილმის თანარეჟისორადაც არის მითითებული.

ფილმის სათაური მოტყუებით რთულია. რომელი დედა? რომელი შვილი? სინამდვილეში სამი თაობაა ღოღობერიძეების ხაზში. და მაინც, კვლავ და კვლავ ოჯახები იშლება ან ქრება. (ლანას ცხოვრებაში ტრაგედიამ არაერთხელ იფეთქა — არა მხოლოდ მშობლების დაკარგვით, დროებით თუ სამუდამოდ, არამედ მისი საყვარელი ახალგაზრდა ფრანგი მასწავლებლის, ჟენევიევის სიკვდილითაც, რომელიც ნუცამ შეიფარა მას შემდეგ, რაც ობლად დარჩა, და რომელიც ლანასთვის ნამდვილ დად იქცა, სანამ ტუბერკულოზით სანატორიუმში გარდაიცვლებოდა.) ლანას უდიდესი ოსტატობა ამ ფილმში იმაში მდგომარეობს, რომ იგი მთელ ოჯახს ხელახლა აკავშირებს — დედის ფილმებისა და საკუთარი ფილმების მეშვეობით — ის მკურნალობს მიყენებულ ზიანს, ოღონდ წარსულის დავიწყების გარეშე, ტკივილის შელამაზების გარეშე.

ლანა ღოღობერიძე

დედის დაკარგული და დღეს აღდგენილი ფილმები კი ჰგავს პორტალს — კარს დაკარგულ ეპოქაში. პირველყოფილ, და კიდევ უფრო დამძიმებულ საქართველოში, სადაც ფეოდალური სიდუხჭირე საბჭოთა სახელმწიფოს ჩექმის ქვეშ წარმოქმნილ ტანჯვას ერწყმის.

ისტორიის დანახვა ამ ფილმების პრიზმაში კიდევ უფრო ამძაფრებს ჩვენს ემოციებს. ქართული–რუსული, შემდეგ ქართული–საბჭოთა და კვლავ ქართული–რუსული ურთიერთობები ამ ისტორიებში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამას ნათლად აჩვენებენ როგორც ლანას, ისე მისი დედის ფილმები. მათი ნახვა დღეს, ჩვენს დაძაბულ ეპოქაში, პუტინის დროს, ადვილი არ არის.

ისტორია კვლავ დაეწია აწმყოს. ჩვენ კი მხოლოდ შეგვიძლია ვიკითხოთ, რას შექმნის სალომე ამ ყველაფრიდან. ლანა ღოღობერიძე მოერია თავის მძიმე ცხოვრებას მასში ცვლილებების შეტანით, ამით უამრავი ადამიანი შთააგონა და შექმნა საოცრად ემოციური შემოქმედებითი მემკვიდრეობა.

დედა და შვილი, ანუ ღამე არასოდეს არის ბოლომდე ბნელი მისი შემოქმედების გვირგვინია —ნებისმიერი მაყურებლისთვის ემოციური სიღრმისა და სიმამაცის სიმაღლის მაგალითი.

ლანა — რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს წლებს, როდესაც იქმნებოდა მისი დედისა და ქალიშვილის კინო — შეუვალია. ის ზის კამერის წინ, გვიყურებს დაუხამხამებლად და იღებს საკუთარ თავზე მოწმის სიმძიმეს. მან თავისი ისტორიული მომენტის გამოწვევას უპასუხა ფილმებით, რომლებიც სამყაროს გახელილი თვალებით ელაპარაკება — ახლა და მარად.

ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვუყუროთ. და ტაში დავუკრათ," - განაცხადა რუბი რიჩმა.

ავტორი: ზმნა

01/12/2026

დედა და შვილილანა ღოღობერიძერეჟისორირუბი რიჩი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024