
09/28/2026
რვა წელია კახა კვირიკაშვილი ძაღლის ქცევის სპეციალისტად მუშაობს და ადამიანები თავიანთი ოთხფეხა მეგობრების გაწვრთნას, სწორედ მას ანდობენ. როგორც ამბობს, ძაღლებთან ურთიერთობამ რადიკალურად შეცვალა და მხოლოდ დადებითი კუთხით. კახა თვლის, რომ ადამიანებს ზოგჯერ გვჭირდება იმის შეხსენება, რომ ვიყოთ ერთგულნი, პატივისცემის და მადლიერების განცდა გაგვაჩნდეს. სამყარო კი ამას, სწორედ ამ გონიერი ცხოველების საშუალებით გვახსენებს.
ჩვენი რესპონდენტი იმ შეცდომებზე გვესაუბრა, რასაც ჩვენი ოჯახის ამ საყვარელ წევრებთან ურთიერთობისას ვუშვებთ.
კახა კვირიკაშვილი: ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რასაც ძაღლთან ვუშვებთ:
პირველი შეცდომა არის ძაღლის საწოლში ჩაწვენა. შეიძლება სოკო გაუჩნდეს, ბეწვი გაუფუჭდეს და ასე შემდეგ. ეწებება პატრონს და მხოლოდ მის პირად სივრცეში იკეთებს კომფორტის ზონას. განა იმ კუთხით, რა მაგარი პიროვნება ჰყავს გვერდით, არა, უბრალოდ მასთან სიახლოვის სურვილით. ამით შეიძლება ჩაიციკლოს და მერე მის გარეშე ცუდად იგრძნოს თავი. სახლში მარტო ვეღარ დარჩება, შანსი არ არის.
საძინებელი და სასადილო ოთახი წმინდა ადგილებია და ამ სივრცეების მიმართ პატივისცემაა საჭირო. ეს ძაღლსაც უნდა ვასწავლოთ.
როდესაც ერთი სულიერი მეორეს საძინებელს უზიარებს, ძაღლის შეხედულებით, ეს ადამიანი დაბლა დგას, არაფერს წარმოადგენს.

მეორე ხშირად დაშვებული შეცდომაა, როდესაც სადილობ და მაგიდასთან მოსულ ძაღლს სუფრიდან რაღაცას აწვდი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიაწოდო. ეს ჯერ მისი ჯანმრთელობისთვის არ შეიძლება და მერე კი იმისთვის, რომ თავის საჭმელს მიატოვებს. უფრო მძაფრი გემოები და სუნები ენდომება, ვიდრე მისი მშრალი საკვებია.
- და ადამიანის გვერდით ძილის პლუსიც გვითხარით.
- იმ ოჯახში, სადაც ძაღლია, გულსისხლძარღვთა დაავადებები 85 პროცენტამდე მცირდება. ეს მეცნიერულ დონეზეა გამოკვლეული. საწოლში ძაღლის ჩაწვენა, ადამიანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ძალიან კარგია. დიდ დადებით ემოციებს იღებს ადამიანი. მერე კი, ეს მის ფსიქიკაზე ძალზედ დადებითად აისახება.
მესამე შეცდომაა ის, რომ არ ასეირნებენ ძაღლებს სათანადო რაოდენობით. დილა-საღამოს თითო საათით გასეირნება, ნებისმიერი წონის და ჯიშის ძაღლისთვის საჭიროა. ეს ძაღლისთვის ისეთივე სარგებლის მომტანია, როგორც ჩვენთვის სწავლა და განვითარება. სეირნობა მისთვის არის ფიზიკური და გონებრივი აქტივობა. ისინი ვითარდებიან ყნოსვით, სუნების გაგებით. ორი შემთხვევიდან - თუ ადამიანმა მხედველობა ან ყნოსვა უნდა დაკარგოს, ადამიანი ამჯობინებს ყნოსვის დაკარგვას. ძაღლს კი ურჩევნია სმენა და მხედველობა დაკარგოს, მაგრამ ყნოსვა ჰქონდეს. ის ამ გზით შეიცნობს სამყაროს.

- ძაღლებს ყეფით დიალოგი აქვთ ერთმანეთთან, ან ჩვენთან?
- შეიძლება განვიხილოთ, როგორც დიალოგი. მაგალითად, როდესაც ღრენს, აფრთხილებს, არ გააგრძელო, თორემ გიკბენო. ხშირ შემთხვევაში, ადამიანები უკრძალავენ ღრენას. შეიძლება ღრენას თუ დაუშლი, პირდაპირ კბენაზე წამოვიდეს. არც გაგაფრთხილოს.
- როდესაც ყეფს, გვაწუხებს და ყეფას ვუშლით, ვაშავებთ?
- არ აშავებთ, უბრალოდ, უნდა იცოდეთ, როგორ აუკრძალოთ. ყეფის დროს დისკომფორტი უნდა შევუქმნათ. შენიშვნა მივცეთ, ვუჩქმეტოთ, ოდნავ მუცლის არეალში თითი გავკრათ.

- რამდენად დიდია ჩვენს ოთხფეხა მეგობრებში ჩვენთან ურთიერთობაში ყოფნის სურვილი და მზაობა?
- ეს სურვილი დიდია. თუმცა ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, როგორ კონტაქტს დავამყარებთ. რაც ვასწავლეთ და როგორც ვექცევით, იმის შესაბამისად იქცევა ძაღლი.
- შეიძლება თუ არა ადამიანის განკურნება ძაღლის შიშისგან და მათ მიმართ აგრესიისგან?
- შესაძლებელიც არის და მე პრაქტიკაშიც მქონია. საერთოდ, ძაღლი არ ჰყოლიათ, მოსულან, გვიშველე, ვერაფერს ვუხერხებთ საკუთარ თავსო. ასეთ დროს, მიმართონ პროფესიონალს, რადგან ადამიანის ფსიქიკა ღრმაა და პროფესიონალი შეძლებს მას ჩაწვდეს. უნდა ჰქონდეთ ისეთ საყვარელ ძაღლებთან ურთიერთობა, რომლებიც პატივისცემას გამოხატავენ ადამიანების მიმართ. ეს მუშაობს.

- რატომ არის ძაღლი ისეთი, როგორიც არის - ერთგული, ადამიანთან ურთიერთობის მოყვარული? ამით რას გვეუბნება შემოქმედი?
- ადამიანის მსგავსი სიყვარული ძაღლს არ შეუძლია, მისი ძირითადი სააზროვნო წყარო ინსტიქტია. ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია, ის იმასაც ფიქრობს, რომ თოვლის ბაბუა ბუხრიდან ჩამოდის. ძაღლის შეუძლია უმაღლესი დონის პატივისცემა და მიჩვევა. ძაღლები ცხოვრებონ იერარქიული წესით, რომელშიც არის სტატუსები - ალფა, ბეტა, ომეგა, დელტა და ა.შ. ისინი თავიანთ ცხოვრებას პატივს სცემენ და იქიდან გამომდინარე იქცევიან. ძირითადად, დაცვის დროს არა შენ, არამედ თავის "სათამაშოს" იცავს. ზოგიერთ ძაღლს შეუძლია თავიც გაწიროს პატრონის დასაცავად. ჩემი ძაღლი, ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი, 4 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა და ჯვარედინა მყესი გაიგლიჯა იმის გამო, რომ ეგონა, მე მართლა მირტყამდა ვიღაც. ასე რომ, მათ თავგანწირვაც შეუძლიათ. ადამიანებს ხომ არ შეგვიძლია ამ კარგი თვისებების მასიურად შენახვა, მოფერება და გულში ჩატოვება. ეს ვიღაცამ, ალბათ, უნდა შეგვახსენოს.

- ძაღლი ადამიანის მეგობარია?
- ძაღლი ადამიანის მეგობარია და კარგი იქნება, რომ ჩვენც ისეთი მეგობრები ვიყოთ მათთვის, როგორც მათ სჭირდებათ და არა, როგორც ჩვენ გვსიამოვნებს. ამიტომ გარკვეულ დონეზე უნდა ვისწავლოთ ძაღლთმეცნიერება - კინოლოგია. ამის შემდეგ ნამდვილი მეგობრები ვიქნებით.
- თქვენ შეგცვალათ ძაღლებთან ურთიერთობამ?
- ცხოვრება აბსოლუტურად გადამიყირავა. მხოლოდ და მხოლოდ კარგი კუთხით შემცვალა.

გააზიარე სტატია