Logo

კულტურა

"ყველაზე რთული იყო ბოლო სცენა, როდესაც მარიამი იესოს დასტირის" - ოლივია ჰასის მოგონებები

"ყველაზე რთული იყო ბოლო სცენა, როდესაც მარიამი იესოს დასტირის" - ოლივია ჰასის მოგონებები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

არსებობს როლები, რომლებიც არა მარტო მაყურებლის, მსახიობის მეხსიერებაში, განცდებსა და ცხოვრებაშიც სამუდამოდ იბეჭდება.

ასეთი აღმოჩნდა მარიამის როლი ოლივია ჰასისთვის, მსახიობისთვის, რომელმაც ფრანკო ძეფირელის „იესო ნაზარეველში“ ღვთისმშობლის სახე გააცოცხლა.

ოლივია ჰასი ამბობდა, რომ „იესო ნაზარეველში“ შესრულებული მარიამის სახე მისთვის მხოლოდ მორიგი ეკრანული ნამუშევარი არ ყოფილა. ეს იყო როლი, რომელმაც მასზე ღრმა ემოციური კვალი დატოვა.
ფილმის გადაღების პროცესი, ოლIივია ჰასმა, რამდენიმე წლის წინ, ქართველ ჟურნალისტთან ნინო წიფურიასთან ინტერვიუში გაიხსენა.

"ძვირფასო, რას იტყვი, კვლავ ქალწული რომ ითამაშო? ქრისტეს ცხოვრებაზე სერიებს ვიღებ და მინდა, ღვთისმშობელი განასახიერო..." - გაისმა ტელეფონში ფრანკო ძეფირელის ხმა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი.

ოლივია ჰასი

ფილმის გადაღება რვა თვის განმავლობაში მაროკოში მიმდინარეობდა და ვიყავი უბედნიერესი, რადგან ისევ ფრანკოსთან მიწევდა მუშაობა... რობერტ პაუელი თამაშობდა იესოს როლს. ერთხელ რობერტმა მკითხა: "ოლივია, როდის ახერხებ ფრანკოსთან შენს როლზე საუბარს?" ვატყობდი, რომ უჭირდა ფრანკოს მუშაობის რიტმისთვის ფეხის აწყობა.

"რობერტ, შენ რომ ამ როლისთვის იდეალური არ იყო, აქ არ იქნებოდი. ფრანკომ იცის, რომ პროფესიონალი ხარ. ის გააკეთე, რასაც შინაგანად გრძნობ და შემდეგ ჰკითხე, როგორი იყო".
რობერტმა მართლაც საოცრად განასახიერა თავისი როლი. რეჟისორის დამსახურებაა, როცა როლზე სწორად არჩევს მსახიობს, ფრანკო კი ამის ოსტატი იყო. ვისურვებდი, მის მეტ ფილმში მეთამაშა.

ერთხელ ჰკითხეს, თუ ჰყვარებია ოდესმე ქალი. ფრანკომ უპასუხა: "ერთხელ შემიყვარდა, ეს იყო ოლივია "რომეოსა და ჯულიეტას" გადაღებებზე". ეს რომ გავიგე, ავტირდი.

ოლივია ჰასი

ისევე ვამაყობ ღვთისმშობლის როლით, როგორც ჯულიეტათი. სიამაყით ვივსები, როდესაც მეუბნებიან, რომ ღვთისმშობელმა ემოციურად შეძრა მაყურებელი.

ყველაზე რთული იყო ბოლო სცენა, როდესაც მარიამი იესოს დასტირის. გადაღებები საღამოს დავიწყეთ და შუაღამეს საჭმელად შევისვენეთ. ფრანკო ასეთი სცენების გაცოცხლებაში გენიალური იყო. ძალიან ვნერვიულობდი და მარიამ მაგდალინელის როლის შემსრულებელს, ენ ბენკროფტს შევჩივლე. მან მირჩია, ორიოდე ჭიქა ღვინო დამელია. მართლაც, სამი ჭიქა ღვინო დავლიე და ისე განვიცადე ყველაფერი, ცრემლების ზღვა მომდიოდა, როცა იესოს დავტიროდი. მახსოვს, როგორ ავიტაცე რობერტის სხეული...

ოლივია ჰასი

მეორე დღეს ფრანკო მოვიდა. "ოლივია, ბრავო! ძალიან კარგად გაართვი თავი ამ როლს, მაგრამ გირჩევ, გადასაღებ მოედანზე აღარ დალიო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ემოციურად ურთულეს სცენას თამაშობ", - გაიხსენა მსახიობმა.

ავტორი: ზმნა

04/14/2026

იესო ნაზარეველიმოგონებაოლივია ჰასიღვთისმშობელი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024