
10/14/2026
საშუალო ასაკის კრიზისი და მასთან დაკავშირებული პრობლემები, ღალატი, ურთიერთობის დასრულება... ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სალომე კასრაძის პოდკასტში საუბრობს თემაზე, რომელიც შესაძლოა ზუსტად ახლა გაინტერესებდეთ.
ღალატი მარტოსულობის ამოსავსებად, დაკარგული საერთო ინტერესები...
ნათია ფანჯიკიძე: ადამიანურ ურთიერთობას ბევრი რესურსი აქვს. ცხოვრებაში ბევრი საინტერესო რამ ხდება, რითიც შეიძლება ორმა ადამიანმა გადაკვეთის წერტილი იპოვოს. თუკი ადამიანებს არც ერთი საერთო ინტერესი აღარ აქვთ, არც ფეხბურთი უყვართ ერთნაირად, არც მუსიკა, არც ბუნებაში სეირნობა, არაფერი აქვთ გასაზიარებელი, დროთა განმავლობაში ასეთი ცხოვრება ძალიან რთული გახდება. უცხოობა და მარტოსულობა ძალიან რთულია.
ინტერესები შეიძლება იცვლებოდეს. მაგალითად, შარშან გვიყვარდა სოკოს ერთად კრეფა, წელს გვიყვარს მოგზაურობა. რაღაც არის, რაც გვიყვარს ერთად და რაღაც არის, რისი გაზიარებაც გვიყვარს მაინცდამაინც ერთმანეთისთვის. კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებლად ერთმანეთს ვეძებთ, რადგან აუცილებლად ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ. ეს უკვე უზარმაზარი რესურსია.
თუ ადამიანებს ერთმანეთის არ ესმით, დამუნჯდნენ და გახდნენ მარტოსულები, მიუხედავად იმისა, რომ ერთად ცხოვრობენ, ან იმდენად მარტოდ გრძნობს თავს, რომ მარტოობის შესავსებად ღალატი სჭირდება, ეს ძალიან სევდიანია.
არ არსებობს გრძელვადიანი ურთიერთობა ჩავარდნის გარეშე. ნებისმიერ გრძელვადიან ურთიერთობაში ისეთი კონფლიქტია მოსალოდნელი, რომ საკუთარ დედას, დედმამიშვილებს აღარასდროს ხმას არ გავცემო, თქვა, ისეთი გაბრაზებული ხარ; მაგრამ ერთი კვირა გაივლის და ვის არ გავცემ ხმას? ეს ბრაზი გადის.
რაც უფრო ახლო ხარ ადამიანთან, მით უფრო არაიდეალური ხარ. ახლო ურთიერთობა თუ უსაფრთხოებას ნიშნავს, ამ უსაფრთხოებაში ძალიან ბევრ შეცდომას უშვებ. რადგან არ გეშინია, ხან ცუდად იქცევი, ხან ჩხუბობ, ხან - უფ, დაგავიწყდა - ყველაფრის უფლებას აძლევ შენ თავს. მაქსიმალურად ბევრი რამის, ვიდრე იმ დროს, როცა მოჭიმული ხარ.
ახლა საგარეოდ მოიქეცით-მეთქი, შვილებს ვეუბნებოდი სტუმრად მისვლისას. საგარეოდ რომ იქცევი, უკეთესი ხარ. საშინაოდ - ფლოსტებივით რომ იქცევი, მაშინ ხარ საშინელება. ყველაზე ცუდი ხასიათი ჩვენ გვაქვს სახლში. ყველაფრის უფლებას ვაძლევთ თავს.
საშუალო ასაკის კრიზისს ზოგი გადალახავს, ზოგი - ვერა. ხომ არის წლების ცოლ-ქმარს დიდი საერთო სამეგობრო რომ ჰყავს. და როდესაც ერთი წყვილი კრიზისს ვერ გადალახავს ხოლმე, მერე ამ წყვილის საერთო სამეგობრო იბნევა, ცოლი დაპატიჟონ თუ ქმარი, ორივე ძვირფასია და მათი ახალი მეწყვილეები, ამ სამეგობროს ისეთი ორგანული ნაწილი ვერ ხდება, როგორც ბავშვობიდან ერთად წამოსული მეგობრების.
ის ცოლ-ქმრობა უძლებს ამ კრიზისებს, სადაც არსებობს ძალიან ღრმა დასაყრდენები. სადაც ცუდ გამოცდილებებთან ერთად (დახოცვაც რომ გინდოდათ ერთმანეთის), ძალიან ძვირფასი გამოცდილებებიც დაგროვდა. კრიზისს როგორ გადალახავ, ამ ურთიერთობის სიღრმე ამაში მოწმდება.
მაგრამ თუ ადამიანები ისე გაუცხოვდნენ, რომ ვეღარაფერი შექმნეს ახალი, ვეღარანაირი ახალი ინტერესი ვერ გაიჩინეს და საერთოდ აღარაფერი არსებობს, რისი მოგონებაც ბედნიერს გახდიდათ, ურთიერთობა ვერ გადარჩა, ამოწურა თავისი თავი და არც ეგ არის ტრაგედია.
ახალგაზრდა თაობა სწრაფად აღიქვამს კრიზისს და ამაზე ლაპარაკი უფრო არ უჭირთ. უფროსი თაობა უფრო გაღრმავებულ კრიზისში მოდის დასახმარებლად.
გააზიარე სტატია