Logo

სასარგებლო რჩევები

"ყველის მუზეუმში გექნებათ თქვენი თარო, რომელზეც თქვენივე გაკეთებული ყველი დაბერდება. მოხვალთ და წაიღებთ" - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე მუზეუმს აკეთებს

"ყველის მუზეუმში გექნებათ თქვენი თარო, რომელზეც თქვენივე გაკეთებული ყველი დაბერდება. მოხვალთ და წაიღებთ" - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე მუზეუმს აკეთებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ქართული ყველის ისტორიის მკვლევარმა - ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ, ორიოდ დღის წინ, ფეისბუქზე დაწერა, რომ მალე ყველის მუზეუმი გვექნება.

"ზურგის ქარი ანას და მის ახდენილ ოცნებას" - წერს ანა.

უკვე წლებია, რაც მკვლევარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს სტუმრობს და ყველის გავრცელებულ სახეობებთან ერთად, იმ იშვიათი ქართული ყველის ტექნოლოგიის შესწავლა-შემონახვითაა დაკავებული, რომელიც უკვე არავის ახსოვს.

ანა, თავისი საქმიანობით, არაერთხელ მოხვედრილა მსოფლიოს ისეთ მეგა TV ობიექტივში, როგორიც BBC და National Geografic-ია.

უამრავი ყველის ფესტივალის, უცხოეთის რძისა და ყველის საწარმოებში მიღებული გამოცდილებების პარალელურად, ჩვენი "ყველის დედოფალი" არ ყრიდა ფარხმალს, რომ ერთ დღესაც ის ყველის მუზეუმს გააკეთებდა. და ვის უნდა ეთავა ეს საქმე, თუ არა მას.

გადაცემაში "პირველამდე" მკვლევარმა ამ სასიხარულო სიახლეზე ისაუბრა.

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: საქართველოში არ მეგულება ადამიანი, ვისაც ყველი არ უყვარს და თუ ფიზიოლოგიური მიუღებლობა აქვს, ისიც კი ეძებს ლაქტოზისგან თავისუფალ ყველს, ანუ ყველის გარეშე მასაც კი არ შეუძლია.

ამას მარტივი ახსნა აქვს. ჩვენ ადამიანები, ძუძუმწოვრები ვართ და ვიწყებით რძით. ჩემი გამოკვლევების, გამოძიებების და შესწავლის საფუძველზე, დავადგინე, რომ არა მხოლოდ ვიბადებით რძით, ადამიანი რომ მიდიოდა ამ ქვეყნიდან, მას რომ ანდერძისთვის ხელის მოწერა მოესწრო, აძლევდნენ ერთ ნაჭერ ყველს, რომ ის წამები გახანგძლივებოდა. ასეთი ლეგენდარული თვისებები აქვს ყველს, სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტია.

ყველი

ყველი არა მხოლოდ საგემოვნო თვისებების მატარებელი პროდუქტია, არამედ ის არის ბევრი რამ - სამკურნალო, ჯანმრთელობისთვის აუცილებელი და რაც ყველაზე მთავარია, ღვინოსთან ერთად, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა...

ჩვენ პრაქტიკული ნაბიჯი გადავდგით. წლეულს ვიწყებთ მზადებას იუნესკოსთვის არა მხოლოდ ყველის რომელიმე სახეობით, არამედ კრებსითად, მთლიანად ქართული ყველით.

ნარჩვი

ისევე, როგორც ქვევრის ღვინო, ჩვენ გვაქვს დერგის ყველი. ისტორიულად თიხის და ხის დერგში ავარგებდნენ ყველს.

მარიამ ხუცურაულის დამსახურებაა, რომ დამბალხაჭოს არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს. ემზარ ჯვარაძემ ტენილი ყველის გაძეგლებაზე იმუშავა. მე არ ვერევი არც ერთი ყველის გაძეგლებაში. მირჩევნია ეს რეგიონის "მეციხოვნემ" გააკეთოს.

დამბალხაჭო

რა დაემართა ქართულ ყველს რაც მე დავიწყე პროექტი "ქართული ყველი"? დაემართა ის, რომ მას აქვს თავისი პოლიგრაფია. გაუჩნდა საკუთარი ფესტივალი; "ნიუ იორკ თაიმსმა", გამოკითხვის საფუძველზე, ქართული ყველის ფესტივალი, 50 აუცილებელ სანახაობას შორის შეიყვანა. BBC-იმ გააკეთა რეპორტაჟი. ჩვენზე სიუჟეტი ჰქონდა ასევე National Geografic-ს. გიგანტი მედიები სულ კვალდაკვალ დაგვყვებიან. საერთაშორისო მხარდაჭერებს გიყვებით. ამბიციურმა ბლოგერმა, დევიდ ფარლიმ თქვა, რომ ეს არის საოცრება. მას შვილი რომ მოუნათლო, ზედმეტად საქებარ სიტყვას ვერ დააცდენინებ, ისეთი ადამიანია. ამ დროს აქ აღფრთოვანდა. ჩვენ ერთად ვიმოგზაურეთ სვანეთში, ქვემო ქართლში. სვანური ნარჩვი და აჭარული შუშველა ჩვენთან ერთად აღმოაჩინა და დაწერა, რომ აქამდე ასეთი არაფერი უნახავს. სვანური ხაჭაპური, რომელიც ნარჩვის გულსართით კეთდება, შეიცავს მარიხუანას თესლსაც. ესეც დააგემოვნა...

ნარჩვი

ნარჩვი იმდენად ძვირფასი და დიდებული ყველია, რომ ავსტრალიელი ფოტოგრაფი, რომელიც დევიდ ფარლის თან ახლდა თქვა: რესტორანში მარილიანი ყველი ვჭამე, თქვენ ეს ყველი გაქვთ და ის რესტორანში არ გაქვთ შეტანილი?

კანადაში ალეკო ჩაჩანიძე ცხოვრობს, ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი, აქვს ქართული რესტორანი. მას გააქვს ჩვენი ყველი კანადაში. ვირტუალურად გამაცნო ადამიანი, რომელიც სწავლობს ქართული რძის პროდუქტების სამკურნალო თვისებებს. მაგალითად, დამბალხაჭო, თავისი ობით, არის ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ის მეომარს გულისჯიბით დაჰქონდა. გაცივდებოდა, გალოკავდა, შეჭამდა და გამოკეთდებოდა.

თუშებსაც აქვთ ამ ტიპის ყველი - კალტი. ხმელი კალტი, სველი კალტი. სველი კალტი გერმანიაში გასინჯა არგენტინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა - ეს ყველი გაქვთ და ის მსოფლიოში არ გაგაქვთო? ამ ყველმა რამდენჯერმე გამაოგნა. ჭორიკანა ყველია. მთელი თუშეთის ისტორია ჰყვება, ყველა ბალახის გემოს გრძნობ. ყველა რეცეპტორი ღიზიანდება. რომ ჭამ, თმის ძირამდე ასდის ადამიანს ბედნიერება და კმაყოფილება.

კალტი

მე ფერმებში თვეობით ვცხოვრობდი, რეგიონები დავაჯერე ჩვენი უამრავი სახეობის ყველის უნიკალურობაში და მერე უკვე თვითონ მირეკავდნენ. საათ ნახევარი მჭირდება მოსამზადებლად, ზურგჩანთა და მათთან მივდივარ.

მიყვარს სახეების დაკვირვება, პირველად რომ აგემოვნებენ სხვადასხვა ყველს - დამბალხაჭოს, ნარჩვს. რა სახეს იღებენ ამ დროს. იმ გაოცებაზე ვგიჟდები, რომ კითხულობენ - მეგრული გუდის ყველი არსებობს? კი, არსებობს!

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

ჩოგი - თუშური გუდის ყველის ნაირსახეობაა, მაგრამ ოდნავ ხაჭოსებრია. კალტი სველი ნადუღისებრია. წაუპამაზანებს გემოთი. ნაბახუსებზე საუკეთესო წამალია. თუში მეცხვარე ამ ყველს არც კი დაგითმობს, თვისთვის უნდა, ისე როგორც, დამბალხაჭო მეომარს უნდოდა თავისთვის...

ჩოგი

რაჭაში, ღებში რომ ავედი, იქაურმა მკვიდრმა დამახვედრა ყველის სახეობა - წყალდასხმულა. ეს არის ხაჭოსებრი და ჭურჭელში მაგრად დაბჟენილი ყველი. ჩაკირავენ ხოლმე ჭურჭელში. მერე ვეღარ ამოაქვთ, სანამ ცხელ წყალს არ დაასხამენ.

ხატვა რატომ დავიწყე? აღმოჩნდა, რომ ქართულ მხატვრობაში ყველი არ ჭაჭანებს. არის ღვინო, მწვადი, მწვანილი, პური, მოქეიფეები, მაგრამ არ არის ყველი.

ანას ნახატიანას ნახატი

დღეს სხვებიც ხატავენ ყველის თემაზე. ეს ნახატები გამოიფინება მუზეუმში. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, გავაკეთე ფესტივალი "დახატე ყველი". კარგი გამოხმაურება მოჰყვა...

მუზეუმი

მუზეუმი თბილისიდან 40 კილომეტრის რადიუსში, აუცილებლად ტყესთან, მდინარესთან ახლოს იქნება. ექნება თავისი ყველის საცავი.

სულ შემოწირულობებით და საერთაშორისო და შიდა გრანტებით უნდა გაკეთდეს. ბევრი სამშენებლო კომპანია გვეუბნება, რომ მშენებლობაში მიიღებენ მონაწილეობას.

ყველს ერთი კვირა გავაკეთებთ, მაგალთად, რაჭიდან ჩამოსული რძისგან, მეორე კვირაში სვანეთიდან მიღებული რძისგან...

მუზეუმს ექნება კავკასიური პავილიონი. გასტრონომიის თვალსაზრისით ჩვენ განუყოფელი ვართ. ბევრი საერთო გვაქვს.

იქნება მსოფლიოს ყველა ყველი. მე ვგიჟდები ქერქიან ყველზე, ისე მიყვარს.

მსოფლიო უკვე ავთენტურ პროდუქტს დასდევს. ყველა ნატურალურს დაეძებს. ამ ნიშას დაამკვიდრებს ეს მუზეუმი და ხაზს გაუსვამს, რამდენად ავთენტურია ქართული ყველი და ქართული რძის პროდუქტები.

მუზეუმს უკვე აქვს ბიბლითეკა, გროვდება კატალოგები.

მუზეუმს უბრალო დამთვალიერებელი არ ეყოლება. ვიზიტორი ჩაიცვამს რეზინის ჩექმას, გაიკეთებს ხელთათმანს, დაიჭერს ფოცხს და წავა ფერმაში სამუშაოდ.

მუზეუმს თავისი თხის ფერმა ექნება, თავისი ყველის საწამოებლად. ყველა ერთგულ გულშემატკივარს ექნება თავისი თარო. იმ თაროზე, თქვენივე გაკეთებული ყველი, თქვენთვის დაბერდება. როცა მოგინდებათ, მოხვალთ და წაიღებთ თქვენს ყველს.

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

ავტორი: ზმნა

01/23/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024