Logo

ყველაფერი ბავშვებზე

"ზედმეტი ყურადღება ტიკს კიდევ უფრო აძლიერებს" - ინგა მამუჩიშვილის რჩევა მშობლებს

"ზედმეტი ყურადღება  ტიკს კიდევ უფრო აძლიერებს" - ინგა მამუჩიშვილის რჩევა მშობლებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ბავშვების დაახლოებით 10-20%-ს ცხოვრების რომელიმე ეტაპზე დროებითი ტიკები აღენიშნება. მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს მდგომარეობა სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს და ხშირად ასაკთან ერთად ქრება, ბავშვის თვალების ხამხამი, მხრების აჩეჩვა ან სხვადასხვა ბგერის უნებლიე გამოცემა მშობლებისთვის ბუნებრივად შფოთვის მიზეზი ხდება.
როგორ ამოვიცნოთ ტიკები, რა შეიძლება იწვევდეს მათ და როდის არის საჭირო სპეციალისტის ჩართვა? ამ კითხვებზე პედიატრი ინგა მამუჩიშვილი პასუხობს.

ინგა მამუჩიშვილი

ბავშვობაში ტიკური მოძრაობები საკმაოდ ხშირი მოვლენაა და ხშირად მშობლებს ძალიან აშინებს. რეალურად, ტიკები საჭიროებს სწორ შეფასებას, დაკვირვებას და ზოგჯერ სპეციალისტის ჩართვასაც.

ტიკი არის უნებლიე, სწრაფი, განმეორებადი მოძრაობა ან ბგერა, რომელსაც ბავშვი სრულად ვერ აკონტროლებს. ყველაზე ხშირად გვხვდება თვალების ხშირი ხამხამი, ცხვირის მოჭმუჭნა, მხრების აჩეჩვა, თავის გაქნევა, ტუჩების მოძრაობა, ჩახველება, ხმების გამოცემა ან სხვადასხვა სიტყვების უნებლიე წარმოთქმა.

ტიკები

ტიკური აშლილობების განვითარებაში რამდენიმე ფაქტორი მონაწილეობს. ხშირად დიდი როლი აქვს გენეტიკურ განწყობას-თუ ოჯახში ვინმეს ჰქონდა ტიკები, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ADHD ან შფოთვითი პრობლემები, რისკი იზრდება. ასევე მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის გადაღლა, ემოციური სტრესი, შფოთვა, ძლიერი დატვირთვა, ძილის დეფიციტი, ეკრანებთან ხანგრძლივი დროის გატარება, ოჯახური დაძაბულობა ან სკოლასთან დაკავშირებული სტრესი. ზოგჯერ ტიკები იწყება ვირუსული ინფექციის, მაღალი სიცხის ან ძლიერი ემოციური მოვლენის შემდეგაც.

ტიკების ყველაზე გავრცელებული ასაკი დაახლოებით 5-10 წელია. ხშირად მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვი ტიკს მეტად ავლენს დაღლილობის, ნერვიულობის, აღელვების ან ეკრანთან ხანგრძლივი ყოფნის დროს, ხოლო ძილისას ტიკები მცირდება ან საერთოდ ქრება.

ტიკები

კლინიკური სურათი შეიძლება იყოს ძალიან მსუბუქიც და შედარებით გამოხატულიც. მარტივი მოტორული ტიკებია თვალის ხამხამი ან მხრის მოძრაობა, ხოლო რთული ტიკები მოიცავს რამდენიმე მოძრაობის კომბინაციას. არსებობს ვოკალური ტიკებიც -ჩახველება, ყნოსვა, წრიპინი, ბგერების გამეორება.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ტიკების გამო ბავშვის დასჯა, შენიშვნების მიცემა ან ფრაზები "შეწყვიტე“, "რატომ აკეთებ ამას?“-მდგომარეობას ხშირად უფრო ამძიმებს. ბავშვი ამას განზრახ არ აკეთებს. პირიქით, ზედმეტი ყურადღება და დაძაბულობა ტიკს კიდევ უფრო აძლიერებს.

შედეგები უმეტეს შემთხვევაში კეთილსაიმედოა. ბავშვების დიდ ნაწილში ტიკები ასაკთან ერთად სუსტდება ან მთლიანად ქრება. თუმცა ზოგჯერ ისინი შეიძლება გახანგრძლივდეს და გავლენა მოახდინოს ბავშვის თვითშეფასებაზე, ემოციურ მდგომარეობაზე, სკოლაში ადაპტაციასა და სოციალურ ურთიერთობებზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ბავშვის მხარდაჭერა და არა მისი გაკრიტიკება.

ტიკები

მკურნალობა დამოკიდებულია სიმძიმეზე. მსუბუქ შემთხვევებში ხშირად საკმარისია დღის რეჟიმის მოწესრიგება, სრულფასოვანი ძილი, ეკრანული დროის შემცირება, ემოციური სტრესის კონტროლი და მშვიდი გარემო. ზოგჯერ ეფექტურია ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ქცევითი თერაპია. თუ ტიკები გამოხატულია, ხანგრძლივია ან ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებას უშლის ხელს, საჭიროა ბავშვთა ნევროლოგის ან ფსიქიატრის შეფასება. არ იფიქროთ, რომ ტიკური მოძრაობები ყოველთვის ცუდ აღზრდას ან განებივრებას ნიშნავს. ხშირად ეს ბავშვის ნერვული სისტემის გადაღლის, შფოთვის ან გენეტიკური თავისებურების გამოხატულებაა, რომელსაც მოთმინება, სწორი მიდგომა და მხარდაჭერა სჭირდება," - ამბობს ექიმი.

ავტორი: ზმნა

06/15/2026

ბავშვებიინგა მამუჩიშვილიტიკებიუნებლიე
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024