Logo

საზოგადოება

ქართველი და უნგრელი პრეზიდენტები - ორივე დისიდენტი, მთარგმნელი და ყოფილი პოლიტპატიმარი იყო

ქართველი და უნგრელი პრეზიდენტები - ორივე დისიდენტი, მთარგმნელი და ყოფილი პოლიტპატიმარი იყო

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

1991 წელს, პოსტსაბჭოთა გარდაქმნების პერიოდში, საქართველოსა და უნგრეთს სათავეში ორი განსხვავებული, მაგრამ იდეურად ახლოს მდგომი ლიდერი ედგა — საქართველოში ეს იყო ზვიად გამსახურდია, ხოლო უნგრეთში — არპად გენცი. "ზმნას" მკითხველს ვთავაზობთ ისტორიულ დოკუმენტს, რომელიც ამ ორი ქვეყნის პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის პერიოდში, პრეზიდენტების დიპლომატიურ ურთიერთობას ასახავს. საუბარია არპად გენცის მიმართვაზე ზვიად გამსახურდიასადმი, რომელიც წარმოადგენს უნგრეთის პრეზიდენტის პასუხს საქართველოს პირველი პრეზიდენტის მისასალმებელ წერილზე.

ამ დროს საქართველოში უკვე ჩატარებული იყო 1991 წლის ისტორიული რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. ზვიად გამსახურდიას დემოკრატიულად არჩეული უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. საბჭოთა სისტემიდან სუვერენული სახელმწიფოს ფორმირების ურთულესი პროცესი, შიდაპოლიტიკური ურთიერთდაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა.

ზვიად გამსახურდია

უნგრეთშიც გარდამტეხი პერიოდი იდგა. მისი პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის არპად გენცის მანდატი პოსტკომუნისტური გარდაქმნების ყველაზე მგრძნობიარე ეტაპს დაუკავშირდა — თავისუფალი ინსტიტუტების ფორმირებას, პოლიტიკური პლურალიზმის დამკვიდრებას და დასავლეთთან ინტეგრაციის დაწყებას. უნგრეთის ისტორიაში გენცი დარჩა არა მარტო პირველ პრეზიდენტად, მორალურ ავტორიტეტად, რომელმაც ავტორიტარული სისტემიდან დემოკრატიაზე უნგრეთის მშვიდობიანი გადასვლა სიმბოლურად განასახიერა.

გენცი

ორივე ლიდერის ბიოგრაფია რამდენიმე მნიშვნელოვან საერთო ხაზს აერთიანებს: ისინი იყვნენ დისიდენტური წრის წარმომადგენლები, კომუნისტური რეჟიმების მიერ დევნილნი და რეპრესირებულები. ორივე დაკავშირებული იყო ინტელექტუალურ და ლიტერატურულ საქმიანობასთან — როგორც მთარგმნელები და ლიტერატურულ-კულტურული სივრცის აქტიური წარმომადგენლები. ისინი პოლიტიკაში მოვიდნენ ბრძოლით, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა და თავისუფლების იდეა ცენტრალურ ღირებულებას წარმოადგენდა.

ამავე დროს, არპად გენცსა და ზვიად გამსახურდიას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებიც იკვეთება: გამსახურდია ეროვნული მოძრაობის გამოკვეთილი და ძლიერი ლიდერი იყო. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისი ხელმძღვანელობით მიმდინარე ისტორიულ პროცესს, თან ახლდა მწვავე შიდა პოლიტიკური დაძაბულობა. არპად გენცი უნგრეთის დემოკრატიულ ტრანზიციაში წარმოადგენდა კონსენსუსზე, სტაბილურობასა და საზოგადოებრივ შერიგებაზე ორიენტირებულ ფიგურას. იგი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, თუმცა საპარლამენტო სისტემის პირობებში შეზღუდული აღმასრულებელი ძალაუფლების და უფრო მორალური ავტორიტეტისა და პოლიტიკური ბალანსის განმამტკიცებლის როლს ასრულებდა. აი, რას წერდა 1991 წლის აპრილში ზვიად გამსახურდიას:

გაზეთი

“არიან ერები, რომლებიც ბედის ნებით გეოგრაფიულად შორს მდებარეობენ ჩვენგან, მაგრამ რომლებთანაც სულით ძალზე ახლოს ვდგავართ. უნგრეთში ჩვენ ასეთ ერებს მივაკუთვნებთ ქართველ ხალხსაც. ამიტომ განსაკუთრებული გულისყურით ვადევნებთ თვალს ყოველ ცნობას საქართველოს შესახებ, ყოველ ამბავს საქართველოდან.

ჩვენი ხალხების ისტორიაში ბევრი რამ არის მსგავსი, ბევრი საერთო გვაკავშირებს. განსაკუთრებით მიხარია ის, რომ თქვენი სახით შემიძლია დავუდასტურო პატივისცემა ქართული ლიტერატურის კლასიკოსს კონსტანტინე გამსახურდიას, რომელმაც გაამდიდრა მშობლიური ლიტერატურა მნიშვნელოვანი ნაწარმოებებით. მაგრამ ჩვენი ერების ბედ–იღბლის მსგავსებაზე უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია ისტორიული ცვლილებები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებში ხდება, დემოკრატიულ გარდაქმნებს რომ ახორციელებენ. მე კარგად ვიცი, რომ თქვენს ქვეყანაში უდიდეს ინტერესს იჩენენ უნგრეთისადმი და მინდა ღირსი ვიყოთ ამ ყურადღებისა და ნდობისა.

გენცი

ჩემს სამშობლოში დღემდეც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოსთან ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად დიდ სიძნელეებს ვაწყდებით დემოკრატიზაციაზე, პლურალიზმზე და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის დროს, მზად ვართ გაგიზიაროთ მთელი ჩვენი გამოცდილება, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა ისტორიულმა ტრადიციებმა და ჩვენმა წარსულმა მტკიცე საძირკველი ჩაუყარა უნგრეთისა და საქართველოს ურთიერთობის განვითარებას, და მწამს, რომ ერთმანეთის დახმარებით წინ წავიწევთ გზაზე, რომელიც დემოკრატიზაციამდე და ეროვნულ სუვერენიტეტამდე მიგვიყვანს.“

ეს წერილი აჩვენებს, რომ 1991 წლისთვის პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური გარდაქმნები, საერთო ისტორიული გამოცდილების საფუძველზე ახალი დემოკრატიული ურთიერთობებისა პროცესსაც უყრიდა საფუძველს. არპად გენცის და ზვიად გამსახურდიას ურთიერთობა ამ პროცესის ერთ-ერთ სიმბოლურ გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ. ახალი პოლიტიკური რეალობის პირობებში ორი ისტორიული ლიდერი ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული კავშირების ჩამოყალიბებას ცდილობდა.

საქართველო

არპად გენცი უნგრეთის პრეზიდენტი იყო 2000 წლამდე. მისი პრეზიდენტობისას გახდა ევროკავშირი ნატოს წევრი. პრეზიდენტობის მერე პოლიტიკური თანამდებობა აღარ ეკავა, თუმცა მონაწილეობდა სამოქალაქო საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერ ინიციატივებში, აგრძელებდა ლიტერატურულ და მთარგმნელობით საქმიანობას. მოესწრო საკუთარი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. გარდაიცვალა 2015 წელს ბუდაპეშტში.

ავტორი: ელენე ლომთაძე

04/18/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024